16 წლის ლიკა ქავჟარაძის მიერ შექმნილი ობოლი მარიტას სახე დაუვიწყარი აღმოჩნდა. თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ ქართული კინოს თანავარსკვლავედი მონაწილეობდა. მაყურებლისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სესილია თაყაიშვილის მიერ შექმნილი ბებია მარადიას სახე და ტრაგიზმით სავსე საფინალო სცენა.
რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებდა: სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა. იჯდა ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულს თვალებში უყურებდა და მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც... შენც... უცებ თითქოს ყველა გაიყინა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად დამაჯერებლად ითამაშა ეს სცენა, რომ ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია“.
სესილია თაყაიშვილს კინოსა და თეატრში 120-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, თუმცა მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი ის როლები აღმოჩნდა, სადაც მსახიობმა ბებია ითამაშა.
სესილიას ბებია ადამიანებისთვის ისეთი ნამდვილი და ახლობელი იყო, რომ ფილმის ნახვის შემდეგ რეჟისორმა ჟან დაკანტმა ბრძანა: ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობსო. ამბობენ, რომ სესილიას მიერ შექმნილი „მარადიული ბებიას“ სახემ ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფის Pink floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებელი - როჯერ უოტერსიც არ დატოვა გულგრილი. სწორედ ამას უკავშირდება ჯგუფის ერთ-ერთ კლიპში („Money“) სესილიას გამოჩენა. გავრცელებული ინფორმაციით, როჯერ უოტერსს თენგიზ აბულაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ უნახავს. ემოციებისგან ცრემლები წამოსვლია და ფილმის ნახვის შემდეგ ნოდარ დუმბაძის წიგნი წაუკითხავს. სესილიას ფოტო კი კლიპში გამოუყენებია.
სესილია თაყაიშვილმა ბებიას როლი პირველად მხატვრულ ფილ „მანანაში“ შეასრულა. ამას მოჰყვა „თოჯინები იცინიან“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „როცა აყვავდა ნუში“ და „ნატვრის ხე“, რის გამოც მსახიობს მარადიული ბებია შეარქვეს.
ლიკა ქავჟარაძე (მარიტა) და სესილია თაყაიშვილი (მარადია)
„ნატვრის ხე“ - გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით, რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1976 წელი (საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოკოლექციიდან)
სერგო ორჯონიკიძე (ზურიკელა) და სესილია თაყაიშვილი (ოლღა ბებია)
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, რეჟისორი თენგიზ აბულაძე. 1962 წელი.
„14 წლის ვიყავი. როგორია, პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო? მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას. მეგონა, მძიმე იქნებოდა და სულაც არ აღმოჩნდა მძიმე. მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე. 13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ დამაგდოსო“, - სერგო ორჯონიკიძე.
გოგა ფიფია (ლექსო) და სესილია თაყაიშვილი (ვარო ბებია)
„როცა აყვავდა ნუში“ - რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, 1972 წელი
მერაბ თავაძე (რეზიკო) და სესილია თაყაიშვილი (გუცა ბებია)
„თოჯინები იცინიან“ - რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი, 1962 წელი.
ნანული სარაჯიშვილი (მანანა), სესილია თაყაიშვილი (ბებია), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (ბაბუა)
„მანანა“ - რეჟისორები ზაქარია გუდავაძე და შალვა მარტაშვილი. 1958 წელი