„გმირებს ნუ შეეჭიდები, სიკვდილო, დამარცხდებიო!“ - სამშობლოსა და პროფესიას შეწირული ბიჭები

უცნობი ფოტოები

25 ნოემბერი 22:00, 2017 წელი

სანამ გმირებად იქცეოდნენ, ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ... ცელქობდნენ, ზოგჯერ გაკვეთილებს აცდენდნენ, ალბათ, მშობლებსაც აბრაზებდნენ. უყვარდათ, ოცნებობდნენ და საკუთარ მომავალს გეგმავდნენ... 22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლი შეეწირა. ვანო გოლოშვილი 9 დეკემბერს 42 წლის გახდებოდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ერთად გავიხსენოთ ადამიანები, რომლებმაც საომარ მოქმედებებსა თუ მშვიდობიან დროს, გმირობის საოცარი მაგალითები გვიჩვენეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ბევრი ადამიანი გადაარჩინეს.


2015 წლის 13 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათგან ერთ-ერთი სამაშველო-სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი იყო, რომელმაც შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლო. ზურაბ მუზაშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“.  


საპატრულო პოლიციის 24 წლის თანამშრომლის გურამ თოფჩიშვილის თავგანწირვამ 9 და 12 წლის ბავშვები დაღუპვისგან იხსნა. 2005 წლის 14 ივლისს თოფჩიშვილი სამსახურებრივი მივლინებით, შეკვეთილში იმყოფებოდა, როცა ქალის ყვირილი შემოესმა. დედა, რომლის შვილებიც ზღვაში იხრჩობოდნენ, დახმარებას ითხოვდა. თოფჩიშვილი მაშინვე ზღვაში შევიდა და ბავშვები გადაარჩინა, თუმცა, თავად წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. „სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, გაბედული მოქმედებისა და თავგანწირვისთვის“ გურამ თოფჩიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. გალაქტიკაში ერთ-ერთ ვარსკვლავს მისი სახელი ეწოდა. დღეს ქუჩა, რომელზეც გურამ თოფჩიშვილი ცხოვრობდა, მისი სახელობისაა.



საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ოსმა სეპარატისტებმა ის წამებით მოკლეს. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ, სასტიკი წამების მიუხედავად, ქართველი მებრძოლი მტერს ბოლო წამამდე უწევს წინააღმდეგობას. გიორგი ანწუხელიძეს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.



საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი ზურაბ იარაჯული აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ახალშექმნილი სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში, მფრინავის შტატით ჩაირიცხა. 1992 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იარაჯულმა რამდენიმე ქართველ მფრინავთან ერთად, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის აეროდრომზე მოიერიშე Cy-25 ფრენის დაჩქარებული კურსები გაიარა და აფხაზეთის ფრონტზე წავიდა. 1993 წლის 13 ივლისს აფხაზებმა იარაჯულის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა მან კატაპულტირება მოასწრო და პარაშუტით მტრის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. აფხაზები დანებების ნაცვლად სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობდნენ, თუმცა ქართველი მფრინავი მტერს არ დანებდა და უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლა. ზურაბ იარაჯულს გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.



საქართველოს შეიარაღებული ძალების კომანდოს 112-ე ბატალიონის კაპრალი, საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. სანგარში, სადაც თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, მოწინააღმდეგემ ხელყუმბარა ჩააგდო. დამენია ხელყუმბარას საკუთარი სხეულით გადაეფარა და სამი თანამებრძოლი სიკვდილს გადაარჩინა. ზაზა დამენია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, 1992-93 წლებში იბრძოდა. 2002 წელს კი ვაზიანში განლაგებულ მე-11 მექანიზებული ბრიგადის შემადგენლობაში მყოფ 112-ე „კომანდოს“ ბატალიონში ჩაირიცხა. ზაზას თანამებრძოლები მისი დაღუპვის შემდეგ იხსენებდნენ: „დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ნაღმის აფეთქების დროს, თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა. ზაზამ იუარა - წიგნის წაკითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს ვხედავ და სხვას თუ ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენითო“. 2004 წლის 26 აგვისტოს ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.



საქართველოს ეროვნული გმირი, პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია სოხუმის მერად 1992 წელს, საომარი მოქმედებების დროს დაინიშნა. 1997 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზმა სეპარატისტებმა გაბესკირია ტყვედ აიყვანეს. სოხუმის დაცემის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მტერი გაბესკირიას დაჩოქებას უბრძანებს. „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ“, - ასეთი იყო მისი პასუხი. ამის შემდეგ, გურამ გაბესკირია ცოცხალი აღარავის უნახავს.  



შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება - რუსულ მოტომსროლელ ასეულს მხოლოდ 12 ქართველი ჯარისკაცი ებრძოდა. მათ წინააღმდეგ თითქმის ყველა სახის იარაღი გამოიყენეს - ტანკებიდან და ნაღმტყორცნებიდან დაწყებული, ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით დამთავრებული. ცოცხლად გადარჩენილმა გმირებმა დანებებას სიკვდილი არჩიეს და თავი აიფეთქეს. შინდისელები იხსენებენ, რომ ქართველი მეომრების ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლო. ერთ-ერთი გმირის მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიასვენეს, ჯიბეში, ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი აღმოუჩინეს - „ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები... ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს. ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ“. შინდისის გმირების სახელებია: მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე.



შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელს მექა მარგიშვილს ბედმა გმირად ქცევა მშვიდობიანობის დროს არგუნა. 2015 წლის 4 აპრილს ის ვარკეთილის მეტროსთან, დეტექტივის თანაშემწე ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ამ დროს, გადამოწმების მიზნით, მოქალაქე შეაჩერეს, რომელმაც პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამაცობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ ბექა მარგიშვილი პირველი ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვეს.



2014 წლის 29 ივლისს რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რომელმაც 21 წლის ახალგაზრდა პოეტის ოთარ გურგენაშვილის სიცოცხლე შეიწირა. გურგენაშვილი მეგობართან ერთად გზას კვეთდა, როცა დაინახა, რომ სწრაფად მომავალი მანქანა ბავშვს ეჯახებოდა. ფიქრის დრო არ იყო, ახალგაზრდამ ბავშვს ხელი ჰკრა და თავად მანქანის ბორბლებში აღმოჩნდა. ოთარ გურგენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 



22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ვანო გოლოშვილი დუშეთის რაიონის სოფელ მილისწყაროდან იყო და თბილისში ქირით ცხოვრობდა. გარდაცვლილს 28 წლის მეუღლე თამუნა ხელაია და ორი შვილი - 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი დარჩა.



გმირების გახსენებას ხალხური მთქმელის იოსებ ბაიაშვილის ლექსით დავასრულებთ, რომელიც მიხეილ ხერგიანის ხსოვნის საღამოზე ექსპრომტად წარმოთქვა:
ყველას რადა ჰკლავ სიკვდილო, /რად არ თვითონა კვდები? / შენ ვერც ბუნება გაშინებს / ვერც ეს დიდრონი მთებიო / რამდენი გმირი ჩაყლაპე, შენ მაინც ვერა ძღებიო / ერთიღა დაგრჩა სახელი / ვერაფერს ვერ უშვებიო. / სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა, / ვერც საუკუნო წლებიო, / სახელი ქვეყნადა რჩება, / მიწას - ლეში და ძვლებიო./ ორთავესა ჰყავ პატრონი / ვერც ერთს ვერ შაეხებიო,/ გმირებს ნუ შეეჭიდები,/ სიკვდილო, დამარცხდებიო!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?