ურთიერთობა

კრემლის ქართველი კონსულტანტ-ფსიქიატრის ავლიპ ზურაბაშვილის უცნობი ფოტოები

fun time

14:00 ორშ. 1 ნოემბერი, 2021 წელი

ავლიპ ზურაბაშვილი
თანამშრონლებთან

14
დაკოპირებულია

ამ დიდ მეცნიერზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ და უამრავ ანეკდოტს იგონებდნენ, რომლებზეც ყველაზე მეტად თავად ხალისობდა. ერთხელ მისთვის უკითხავთ: რამდენი ფსიქიატრიული დაწესებულებაა საქართველოშიო. ორი: სტაციონარული და მოძრავიო, - უპასუხებია. მოძრავი რომელიღააო? მატარებელი მახარაძე-თბილისი! – მიუგია სიცილით.

გამოჩენილი ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსა და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ავლიპ დავითის ძე ზურაბაშვილი 1902 წლის 15 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში დაიბადა.

ავლიპის მამა დავითი, ამაღლების ეკლესიის მღვდელმსახური იყო. იმ საფრთხეების მიუხედავად, რომლებიც კომუნისტურ ეპოქაში ეკლესიურ ცხოვრებას ახლდა, ცნობილი ფსიქიატრი ცხოვრების ბოლომდე მორწმუნე იყო და ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა.

📚 1927 წელს თსუ სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ავლიპ ზურაბაშვილმა მუშაობა ფსიქიატრიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად დაიწყო. 1930-1938 წლებში ლენინგრადის ფიზიოლოგიისა და ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტების ასპირანტი და უფროსი მეცნიერი მუშაკია.

1938 წელს მეცნიერი სამშობლოში ბრუნდება და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად ინიშნება. 1938-1964 წლებში ავლიპ ზურაბაშვილი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგეა. იმავე 1938 წელს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად ინიშნება.

ცნობისთვის, თბილისის ფსიქიატრიული კლინიკა 1925 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი მეცნიერი მიხეილ ასათიანია. ასათიანის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელად ლენინგრადიდან მისი მოწაფე და ასპირანტი ავლიპ ზურაბაშვილი მოიწვიეს.

🏥👨‍⚕️ თანამშრომლები სიყვარულით პაპას ეძახდნენ. „პაპა“ ავადმყოფთან ურთიერთობაშიც თბილი და უშუალო ყოფილა. პაციენტები, თურმე, მოუთმენლად ელოდნენ ყოველ ორშაბათს - ავლიპი შემოვლას გააკეთებს და გვნახავსო. „ფსიქიატრიის მამა“ პაციენტის ჯერ ვინაობასა და წარმომავლობას არკვევდა და ამის შემდეგ გამოჰკითხავდა ხოლმე ჩივილების შესახებ.

ავლიპ ზურაბაშვილის პაციენტთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანიც იყო, თუმცა ფსიქიატრი თავისი ავადმყოფებს შესახებ არავისთან საუბრობდა. ეს კონფიდენციალური და ტაბუირებული თემა გახლდათ.

⭕ ცნობილია, რომ ავლიპ ზურაბაშვილი კრემლის არაოფიციალურ კონსულტანტ-ფსიქიატრიც იყო.
მის პაციენტთა შორის ქვეყნის იმდროინდელი ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვიც ყოფილა, რომელიც ალკოჰოლური ფსიქოზით იტანჯებოდა.
ქმრის სამკურნალოდ, ზურაბაშვილი ხრუშჩოვის მეუღლემ შეარჩია. თურმე, ცკ-ს მდივანს ავლიპ ზურაბაშვილის ულვაშები სტალინს აგონებდა და ფსიქიატრისთვის მათი გაპარსვა მოუთხოვია, რაზედაც კატეგორიული უარი მიუღია.
ზურაბაშვილმა თავისი ცნობილი ულვაში მეუღლის, შვედი ელენე ლუნდის რჩევით მოუშვა და ცკ-ს მდივნის რჩევით მის გაპარსვას ვერ დასთანხმდებოდა.


ავლიპ ზურაბაშვილს გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 20-ზე მეტი მონოგრაფია. მღვდლის შვილმა ფსიქიატრიაში საკუთარი ფილოსოფია შექმნა. იყო იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციისა და არაერთი საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი.
ავლიპ ზურაბაშვილი 1994 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილის დავით ზურაბაშვილის მოგონებებიდან:

„სადილის დაწყების წინ პაპასა და დიდედას შორის რელიგიურ თემაზე იწყებოდა საუბარი. ისინი გვაჩვევდნენ მცნებებს, წესებს უფალზე. ახლაღა ვხვდები, რომ ეს იყო ლოცვა, თუმცა, ლოცვას კი არ კითხულობდნენ, როგორც ლოცვას, არამედ რაღაც პატარა ამბავს მოჰყვებოდნენ საეკლესიო ცხოვრებიდან. ასე შეგვაჩვიეს და შეგვაყვარეს ეკლესია, რადგან, თქვენ კარგად იცით, მაშინ ეკლესიის ხსენება არ შეიძლებოდა“.

⭕„დიდედამ ასეთი ამბავი მოგვიყვა: ერთხელ სკოლაში გავრბივარ. ამ დროს ბოშა მომიახლოვდა, გიმკითხავებო. ხელი რომ გავუწოდე, მითხრა: ცოლად მგელს გაჰყვები, მასთან ერთად ლამაზ ცხოვრებას გაივლი, მთელი ცხოვრება ყავას დალევ და „ბულკს შეჭამო“. რასაკვირველია, გამეცინა - ან მგელს რატომ უნდა გავყვე ცოლად, ან ეს ყავა და „ბულკი“ რაღაა-მეთქი. გავიდა დრო და გავიცანი ავლიპი. საუბრისას ვკითხე, შენი სახელი რას ნიშნავს-მეთქი. მგელსო, მიპასუხა (ლათინურად „აულიუს ლუპუს“ მგელს ნიშნავს), მერე მივხვდი, რომ ბედს ვერსად გაექცევი“.

„არასდროს, სახლშიც კი არ ჰყვებოდა თავის პაციენტებზე. არასწორად მიაჩნდა, პაციენტი საუბრისას გულს თუ გაუხსნიდა, ამაზე ვინმესთან ელაპარაკა. ყოველ შემთხვევაში, საექიმო ამბებს ჰყვებოდა არა როგორც სასაცილო ამბებს. ჩვენს ოჯახშიც კი არ იყო მიღებული პაციენტის ვინაობის გამჟღავნება. ეს იყო სრულიად დახურული, კონფიდენციალური ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის.“

„პაპა დეპუტატი იყო და ხშირად ესწრებოდა პარტიულ კრებებს. ერთ-ერთ შეკრებაზე თქვა, - ჩვენი პარტია ბოლოკს მაგონებსო. ფსიქიატრიაო, იფიქრეს და ყველას გაეცინა, მერე ჰკითხეს, - რატომო. გარედან წითელია და, რომ გაჭრა, შიგნიდან სულ თეთრიაო. გაქანებული კომუნისტების პერიოდი იყო, მაგრამ მისთვის ამის თქმა შეიძლებოდა.“

ფოტოზე: ავლიპ ზურაბაშვილი და ჯუმბერ პატიაშვილი, ცკ-ს პირველი მდივანი 1985-1989 წლებში.

„ერთხელ, ავლიპმა ერთ მეწაღეს უმკურნალა და გაწერეს. ბატონო ავლიპ, დიდი მადლობა დახმარებისთვის, მეც მინდა, რაღაცით გცეთ პატივი და, თუ შეიძლება, თქვენი ფეხის ზომა მითხარით, ფეხსაცმელი უნდა შეგიკეროთო. პაპამაც უთხრა თავისი ფეხის ზომა. უკაცრავად, კიდევ მაქვს კითხვა, – უთხრა მეწაღემ, – ქუსლი წინ გავუკეთო თუ უკანო?“

„პაპა წყნარი ადამიანი იყო, არ გვახსოვს მისი ხმამაღალი სიტყვა. ძალიან სპეციფიკური, დამახასიათებელი ხმა ჰქონდა. კარგად იცოდა თავისი ხმის მართვა. იტყოდა: შეგიძლია, ადამიანს ისე ესაუბრო, რომ ერთი თქმით მოგისმინოს და დაგიჯეროსო.“

ფოტოზე: ავლიპ ზურაბაშვილი, პეტრე გელბახიანი (პროფესორი, ფარმაცევტიულ მეცნიერებათა დოქტორი, ), ირაკლი ტატიშვილი (ექიმი, აკადემიკოსი, პათანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი)


ფოტოზე: ქართველი აკადემიკოსები

მარცხნიდან, სხედან: ნიკოლოზ ანთელავა, ავლიპ ზურაბიშვილი, ვლადიმერ ჟღენტი, პეტრე სარაჯიშვილი, კონსტანტინე ერისთავი, პეტრე გელბახიანი, ირაკლი ტატიშვილი.
მარცხნიდან, დგანან: დიმიტრი გედევანიშვილი, კოტე ჩაჩავა, სიმონ ხეჩინაშვილი, გოგი მარუაშვილი, ირაკლი ფაღავა, ალექსანდრე ბაკურაძე.

ფოტოზე: ავლიპ ზურაბაშვილი თანამშრომლებთან


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!