ქართველი მსახიობი, რომელიც ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ მსოფლიოს საუკეთესო მსახიობ ქალთა ათეულში დაასახელა

უცნობი ფოტოები

19 სექტემბერი 20:00, 2015 წელი

ქართული თეატრისა და კინოს აღიარებული ვარსკვლავი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მსახიობი და რეჟისორი ვერიკო ივლიანეს ასული ანჯაფარიძე 1900 წლის 23 სექტემბერს ქუთაისელი ინტელიგენტების ოჯახში დაიბადა.

სამსახიობო ნიჭი ბავშვობიდან ეტყობოდა, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა მსახიობობა მოინდომა.
ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვერიკო ანჯაფარიძე მოსკოვისა და თბილისის დრამატულ სტუდიებში სწავლობდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში, ბათუმის თეატრში, თბილისის „მუშათა თეატრში“ და მოსკოვის „რეალისტურ თეატრში“.
1933 წლიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის სახელობის თეატრშია.
1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.


მოსკოვიდან დაბრუნებულმა ვერიკომ იმ დროისთვის დამწყები მსახიობი მიხეილ ჭიაურელი გაიცნო.
გრძნობის მიუხედავად, რომელიც მათ შორის გაჩნდა, ურთიერთობა არ გაუგრძელებიათ.
1918 წელს ვერიკო ანჯაფარიძემ შალვა ამირეჯიბთან იქორწინა, თუმცა წყვილს ერთად ყოფნა არ ეწერა - შალვა ამირეჯიბი, რომელიც 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე იყო, იძულებული გახდა, ევროპაში გაქცეულიყო.
მალე ვერიკოსა და ჭიაურელის გზები ისევ გადაიკვეთა, რაც მათი ქორწინებით დასრულდა.
მიხეილ ჭიაურელმა მეუღლეს სახლი ფი­ქრ­ის გო­რა­ზე, სწ­ორ­ედ იმ ად­გი­ლას აუ­შე­ნა, სა­დაც სი­ყვ­არ­ული აუ­ხს­ნა.
ამ სახლში დაიბადა მათი შვილიც - სოფიკო ჭიაურელი. დრ­ოთა გა­ნმ­ავ­ლო­ბა­ში, ფიქრის გორაზე აგებული სახლი ხე­ლო­ვა­ნი ად­ამ­ია­ნე­ბი­ს­თვ­ის შე­მო­ქმ­ედ­ებ­ით კე­რად იქ­ცა. 


მარჯანიშვილის თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე, ვერიკო ანჯაფარიძემ გამორჩეული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა: ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), ივდითი (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო“),მარგარიტა (დიუმას „მარგარიტა გოტიე“) და მრავალი სხვა. ვერიკო ანჯაფარიძისთვის დამახასიათებელი იყო ყველასგან გამორჩეული სცენური მომხიბვლელობა, ღრმა ინტელექტი და ვირტუოზული ტექნიკა.


არანაკლებ დასამახსოვრებელია მსახიობის ეკრანული სახეები. 1925 წლიდან მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის წყვილმა შექმნა ისეთი ფილმები, როგორებიცაა „დიადი განთიადი“, „გიორგი სააკაძე, „ბერლინის დაცემა, „ოთარაანთ ქვრივი, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავდა სხვ.  


სამსახიობო საქმიანობის გარდა, ვერიკო ანჯაფარიძემ თავი რეჟისორული მოღვაწეობითაც დაგვამახსოვრა.
მისი რეჟისორობით მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა სპექტაკლები: „ინჟინერი სერგეევი“, „ხეები ზეზეურად კვდებიან“, „მღელვარე დღეები“.
1943 და 1950 წლებში ვერიკო ანჯაფარიძეს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.
არის სახელმწიფო, შოთა რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი.
დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით.
არჩეულია თბილისის საპატიო მოქალაქედ. 
ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ათ საუკეთესო მსახიობ ქალს შორის დაასახელა. ვერიკო ანჯაფარიძე  1987 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


 


 


რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე


 


ვერიკო ანჯაფარიძე
 „მეოცე საუკუნის შემობრძანება ქუთაისის ინტელიგენციამ  საღორიას ტყეში აღნიშნა. სტუმართა შორის ბრძანდებოდა აკაკი წერეთელი. უეცრად გამოჩნდა პატარა გოგონა. ასაკმა და მომხიბვლელობამ გოგონა ერთბაშად აქცია საზოგადოების ყურადღების ცენტრად. დიდმა მგოსანმა ხელში აიყვანა იგი და საყოველთაო დასტურითა და სიხარულით ახალი საუკუნის კეთილ ფერიად გამოაცხადა: შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეშიკარგად დაიხსომე!
ვინ იცოდა მაშინ, რომ ეს პატარა გოგონა ამ საუკუნის ლამის დამლევამდე ივლიდა ქართული თეატრის რთულ გზაზე და მთაწმინდაზე დაიდებდა სავანეს, როგორც უდიდესი მსახიობი-მოღვაწე“, - ნათელა ურუშაძის მონოგრაფიიდან „ვერიკო ანჯაფარიძე“.


 


კახი კავსაძე და ვერიკო ანჯაფარიძე


 


ვერიკო ანჯაფარიძე
„არ შემიძლია ვერიკოს თეთრად გამოწყობილი ფიგურის დავიწყება. იგი ისმენდა რაბინის წყევლას, იხრებოდა, როგორც ყვავილის გატეხილი ღერო, თავით თითქმის ეხებოდა იატაკს, უცებ მკვეთრად გაიმართებოდა და მგზნებარედ, მრისხანე პროტესტით აღგზნებული ისროდა ფრაზას: „შენ ცრუობ, რაბინ!..“ მე მშურდა მისი, რადგან ვოცნებობდი, მეთამაშა ივდითი, მშურდა და ვტკბებოდი მისი თამაშით, მშურდა და შეძრული ვიყავი მისით, მშურდა და ვაღმერთებდი“. - მსახიობი ელენა გოგოლევა.


 


 


დედა-შვილი ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიაურელი რუს მსახიობ ალისა ფრეინდლიხთან ერთად
„რამდენი ხანია, დედა გარდაიცვალა და დღემდე არ მიხლია ხელი ტრილიაჟის იმ ყუთისთვის, სადაც მისი სუნამოები, ფერუმარილი ინახება. არ შემიძლია. დროდადრო ვხსნი, შევიგრძნობ მის სუნს და ისევ ვხურავ. მენატრება დედა, მისი სუნი. როცა ტრილიაჟს ვაღებ, დედა მიბრუნდება…“ - სოფიკო ჭიაურელი.


 


ვერიკო ანჯაფარიძე


 


ვერიკო და სესილია


 


ვერიკო ანჯაფარიძე და გიორგი შენგელაია - ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი - ფილმში „ოთარაანთ ქვრივი“. 


 


ხაჩატურ ვართანიანცი - ფოტოხელოვანი, ვერიკო ანჯაფარიძესთან და მედეა ჩახავა - საქართველოს სახალხო არტისტი 


 


ნათელა ურუშაძე - თეატრმცოდნე, ხელოვნების დამსახურების მოღვაწე, ვერიკო ანჯაფარიძესთან და რუსუდან მიქელაძე


 


ვერიკო ანჯაფარიძე და ლეონიდ ბრეჟნევი - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცკ-ს პირველი მდივანი


 


ვერიკო ანჯაფარიძე
„სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. „ურიელ აკოსტაშიც“ ვცდილობდი, გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე, იმდენად მისთვის იყო ეს როლი გაკეთებული. დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია… მინდა, გითხრათ, არ მსურდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა. ამიტომ არ ვითამაშე, სხვათა შორის, კლეოპატრა, არადა ძალიან მინდოდა თავის დროზე კლეოპატრას თამაში. სულ დედა მედგა თვალწინ და მივხვდი, რომ მის ხატებას ვერ ავცდებოდი...“ - სოფიკო ჭიაურელი.


 


ვერიკო ანჯაფარიძე
„ვერიკო ჩემთვის ახლობელი იყო იმიტომაც, რომ ჩემი სათაყვანებელი მარჯანოვის უსაყვარლესი მოწაფე იყო... ჩვენს სულიერ ნათესაობას დღესაც ვგრძნობ. ჩვენი მეგობრობა, უფრო დაუსწრებელი და არცთუ მდიდარი შეხვედრებით, ურთიერთგაგების გრძნობას ეფუძნება. ეს კი ჩემთვის ძალიან ძვირფასია...“ - ელენა გოგოლევა.


 


ლელიკო ხოტივარი, ვერიკო ანჯაფარიძე, რამაზ ჭიაურელი, ნატა ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, ელდარ შენგელაია ბავშვობის ასაკში.
ფოტო გადაღებულია ფილმ „ნარინჯის ველი“ გადაღების დროს. 


 


 


სოფიკო ჭიაურელი ბავშვობაში
„ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც  დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს „დისქავერის“ გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე, გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს… დედა ჩემთვის იყო დედა და სხვა არაფერი. ასე გრძელდებოდა ჩემთვის დიდხანს… ეს გავაცნობიერე მერე, მე თვითონ რომ გავხდი მსახიობი, როცა დავინახე, როგორ აფასებდნენ. მაგრამ ნამდვილად ბოლომდე გავაცნობიერე მაშინ, როცა ის აღარ იყო ამქვეყნად…“ - სოფიკო ჭიაურელი.


 


ვერიკო ანჯაფარიძე ყვავილების დღესასწაულზე


 


რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე ფილმის გადაღების დროს.
მარცხნიდან პირველ რიგში ზის ზაქარია ბერიშვილი, მარცხნიდან მეორე დგას ვერიკო ანჯაფარიძე.


 


ვერიკო ანჯაფარიძისადმი მიძღვნილ საღამოზე
თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე; მსახიობი დოდო ჭიჭინაძე; ვერიკო ანჯაფარიძის შვილი, მსახიობი სოფიკო ჭიაურელი; ვერიკო ანჯაფარიძის მეუღლე, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი; მსახიობი ფაინა რანევსკაია; მსახიობი მედეა ჯაფარიძე.


 


 


ვერიკო ანჯაფარიძე
„მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დედა კრიტიკულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც არტისტის მიმართ. ერთხელ, სტუმრების თანდასწრებით დალია სადღეგრძელო და განაცხადა: „დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე“. იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა, რომ გამიხარდა, რაც თქვა, პირიქით, შემზარა, ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა, დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის“, - სოფიკო ჭიაურელი.


 


მურად მთვარელიძე - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ვერიკო ანჯაფარიძე


 


სტუმრად ვერიკო ანჯაფარიძესთან
მურად მთვარელიძე - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;  ლეილა ბებიაშვილი - პედაგოგი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?