ქართველი მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი ირაკლი ჩარკვიანი 1961 წლის 19 ნოემბერს თბილისში დაიბადა. განათლება: კლასიკური ფორტეპიანო (1967-74); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი; ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლა - 1991.
ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად დაიწყო.
„არიშს“ მოჰყვა ნაკლებად ცნობილი ჯგუფი „ტაქსი“, რომლის პოპულარობამ 90-იანების დასაწყისში იმატა. ამ პერიოდში ჩატარებული კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები. ამ დროიდან იწყება ჩარკვიანის ლიტერატურული მოღვაწეობა. 1982 წელს ქვეყნდება მისი პირველი მოთხრობები. 1989 წელს გამოდის პირველი კრებული და ერთ თვეში 3000 ეგზემპლარი იყიდება.
1993 წელს გამოიცა ირაკლი ჩარკვიანის პირველი სოლო დისკი Svan Songs, რომელიც 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად არის მიჩნეული. 1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“, რასაც მოჰყვა სიმღერა „საქართველო“, „უსაფრთხოება“. 21-ე საუკუნის პირველ წელს მუსიკოსი შეხვდა ახალი ალბომით „ამო“ („სექსი“ და „ორგანი 78“) . მუსიკოსმა ალბომის სახელწოდება ასე განმარტა: „სახელწოდება „ამო“ ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს. ჩემთვის მთავარია, ქართველ საზოგადოებას სტიმული მივცე, რომ ის ამო-ვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომლიდანაც დიდი ხანია ვერ გ-ამო-ვიდა. თუ მდგომარეობიდან არ არსებობს გ-ამო-სავალი, შეიძლება არსებობდეს ამო-სავალი. ეს ალბომი სწორედ ამო-სავლის და არა გ-ამო-სავლის მომენტია. ძალიან მსურს, ჩემი ალბომის სახელწოდებიდან გ-ამო-მდინარე, ჩვენი ქვეყანა გ-ამო-ვიდეს, წ-ამო-ვიდეს და ამო-ვიდეს იქიდან, რასაც მე-20 საუკუნე ჰქვია. ამ საუკუნიდან ბევრი ნეგატიური რამ არის შემორჩენილი. რა თქმა უნდა, პოზიტიურიც არსებობს, რაც აუცილებლად უნდა დარჩეს, მაგრამ ჩვენ ძველისგან განთავისუფლება მაინც უნდა შევძლოთ, რათა უფრო ახლები ვიყოთ. თვით იესო გვეუბნება, რა დაემართება ახალ ღვინოს, თუ მას ძველ ტიკებში ჩავასხამთ. შევეცადოთ, ცოტა ახლები გავხდეთ, ძველი ქერქიდან ამო-ვძვრეთ და სამყაროს შემეცნების ახალ სისტემაში ჩავერთოთ. თუნდაც „ამო“ შელოცვად გავიგოთ – „ამო, ამო, მზეო“. 2004 წელს გამოცემული ალბომიდან „სავსე“ ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ამ პერიოდში მუსიკოსი ბევრს მუშაობდა ახალ სიმღერებზე და ვიდეოკლიპებზე საკუთარი სიმღერებისთვის. 43 წლის ასაკში ირაკლი ჩარკვიანი „მეფე“ გახდა. თავის რომანში „მშვიდი ცურვა“ ირაკლი წერს: „ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია“. მუსიკოსის შემოქმედებაზე მნიშვნელობანი გავლენა მოახდინა მისი მეგობრების ადრეულ ასაკში დაღუპვამ. თვითმფრინავის გატაცების მცდელობის დროს დაიჭირეს და დახვრეტა მიუსაჯეს მუსიკოსის უახლოეს მეგობარსა და კინომსახიობს გეგა კობახიძეს. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ჩარკვიანის მეორე მეგობარმა ირაკლი კოსტავამ. თავის წიგნში „მშვიდი ცურვა“ ირაკლი ჩარკვიანი მკითხველს უამბობს, როგორ ცდილობდა საბჭოეთიდან გაქცევას ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი და რატომ სურს, რომ მისი ცხოვრება მშვიდ ცურვას ჰგავდეს. სპეციალისტების შეფასებით, ირაკლი ყველაზე უფრო პროდუქტიული 90-იან წლებში იყო და ყველაზე საინტერესო ნაწარმოებები ამ დროს და 2000-იანი წლების დასაწყისი შექმნა, სანამ უდროოდ წავიდოდა...
2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მის ხსოვნას ცნობილმა მუსიკოსებმა დისკი „ქაღალდის გემი - Tribute“ მიუძღვნეს.
სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალით გამოიცა ირაკლი ჩარკვიანის ბოლო სტუდიური ალბომები „ძირს მეფე“ და „თეთრი ღმერთი“.
ირაკლი ჩარკვიანი ძიძასთან, ტონიასთან ერთად
„ირაკლი რომ წაიღიღინებდა, ჩუმად ვუსმენდი - ძალიან მინდოდა, მუსიკალური ნიჭი გამოჰყოლოდა. როცა ირაკლი 6 წლის შესრულდა, დავწყნარდი, - მისმა სიმღერამ დამარწმუნა, რომ სმენა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა საინტერესო მუსიკას თუ დაწერდა, ვერ წარმოვიდგენდი“. გელა ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანი დასთან, თეონა ჩარკვიანთან ერთად
ნანა თოიძე ვაჟიშვილთან, ირაკლი ჩარკვიანთან ერთად
ნანა თოიძე - მუსიკის პედაგოგი, დიდი ქართველი ფარმწერისა და გრაფიკოსის მოსე თოიძის შვილიშვილი.
„ჩემთვის და ნანასთვის ირაკლის სიკვდილი უდიდესი ტრაგედია იყო. ნანა ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ ირაკლის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი არ გაუნელდა“. გელა ჩარკვიანი.
ირაკლი ბაბუასთან, კანდიდ ჩარკვიანთან ერთად
კანდიდ ჩარკვიანი - საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ პარტიული მოღვაწე, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938-1953 წლებში.
„ირაკლის მამაჩემთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, პირველი შვილიშვილი იყო და ყველაზე მეტ დროს ბებია-ბაბუასთან ატარებდა, ზაფხულობით კი დასასვენებლად ყოველთვის ლიკანში მიჰყავდათ ხოლმე. მოკლედ, ირაკლი კანდიდთან ძალიან ახლოს იყო“. გელა ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანი ბებია-ბაბუასთან ერთად ლიკანში
ირაკლი ჩარკვიანი ბაბუასთან ერთად
გელა ჩარკვიანი შვილებთან ერთად
ავტორი იური კირშენბლატი. ფოტო გადაღებულია წყნეთში.
მამა და შვილი
„13 წლის იქნებოდა, როცა ჩანთა ჩაილაგა და ბაკურიანში მივდივარო, გამომიცხადა. რასაკვირველია, აღვშფოთდი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა და წავიდა. რევოლუცია აქედან იწყებოდა, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რა განხრით“. გელა ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთი ქობულიას ქორწილი
ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე - კინომსახიობი და მაია კანკავა - მსახიობი.
„როცა დაოჯახდნენ, სულ პატარები იყვნენ: ქეთი ქობულია, ალბათ, 16 წლის, ირაკლი - 17-ის. მათმა სიყვარულმა დიდხანს ვერ გასტანა. ბავშვი არ ჰყოლიათ და გაიყარნენ, მაგრამ მეგობრებად დარჩნენ. ქეთისთან და დედამისთან დღესაც თბილი ურთიერთობა მაქვს“. გელა ჩარკვიანი.
მარცხნიდან: ქეთი ქობულია, ირაკლი ჩარკვიანი, ნანა თოიძე, რობერტ სპარსონი, გელა ჩარკვიანი, თეონა ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანი მეორე მეუღლესთან ელენესთან ერთად
„თოვლიან ქართა დევნით დაღლილი, გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა გუნდი, მე ისევ მოვალ, მხოლოდ არავის არ გაუმხილო, რომ მე დავბრუნდი“. - ირაკლი ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანი, ელენე და მათი ვაჟი მაქსიმე
ფოტო გადაღებულია თბილისში, ზოოპარკში.
„ირაკლი და ლენა ცოტა ხანს აქ ცხოვრობდნენ, მერე შეუღლდნენ და ვერაზე გადავიდნენ. მოსკოვში რომ წავიდნენ, იქ მაქსიმე - ირაკლის პირველი ვაჟი გაჩნდა. ძალიან სიმპათიური, ვაჟკაცი ბიჭია. ქართული შესანიშნავად იცის და ქართველისგან ვერც კი გაარჩევთ“, - გელა ჩარკვიანი.
ირაკლი კოსტავა, ირაკლი ჩარკვიანი და გეგა კობახიძე
„თბილ და აფხაზურად მოლივლივე ტალღების გასწვრივ ვიწექით მეოცნებენი, ოცი წლის მეგობრები და ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს თვითმფრინავის გატაცების გამო დახვრეტდნენ, მეორე შალის კაშნეზე ჩამოიხრჩობდა თავს, მესამე კი, ანუ მე, ორმოცდაორი წლის ასაკში უკვე მესამედ გარდავიცვლებოდი და ისევ დავბრუნდებოდი უკან და, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მართალი წიგნი დამეწერა თქვენთვის“. ირაკლი ჩარკვიანი „მშვიდი ცურვა“
ირაკლი ჩარკვიანი მეუღლესთან ქეთათო პოპიაშვილთან ერთად
„ისეთი სახლი მინდა გაჩუქო, შენ რომ იცხოვრებ, ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ, ისეთი შუქი მინდა აგინთო, შენ რომ გაგათბოს, ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს, მე რომ მოგიტან...“ - ირაკლი ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანი შვილთან, ნანასთან ერთად
„ზოგჯერ მას მომღერლად მოიხსენიებენ, მაგრამ მომღერალი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხმა ჰქონდა - თავისებური და ცოტა ტრაგიკულიც. ირაკლი იყო ავტორი, ადამიანი, რომელიც კომპლექსურად ქმნიდა დიდ ნაწარმოებებს და თვითონვე ასრულებდა“. - გელა ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანი მეუღლესთან და მამასთან ერთად
გელა ჩარკვიანი - დიპლომატი, პედაგოგი, მუსიკოსი, ტელეწამყვანი. 1992-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში. 2005-2006 წლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი. 2006-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
ქეთათო ჩარკვიანი - ბალერინა, მუსიკოსი.
ირაკლი ჩარკვიანი
„მე ვარ გმირი, რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე, რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს, რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში“. ირაკლი ჩარკვიანი. „მშვიდი ცურვა“.
„საშინელი დღე იყო... თვითმფრინავი 18 ნოემბერს გაიტაცეს, ამბავი კი ირაკლის დაბადების დღეს - 19 ნოემბერს გავრცელდა. ამ სახლში, მისაღებ ოთახში მაგიდასთან ვისხედით, ჩემი ირაკლი და ირაკლი კოსტავაც აქ იყვნენ. გეგა, ბუნებრივია, იმ დროს თვითმფრინავში იყო, ამათ კი არაფერი იცოდნენ. „მშვიდ ცურვაში“ უწერია ირაკლის, ეს ერთადერთი საიდუმლო გახლდათ, რომელიც გეგამ არ გამიმხილაო“. გელა ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანი და გია მირზაშვილი, მხატვარი, პოეტი
„ყველაზე ძნელია, დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი, დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რასაც უკვდავება ჰქვია“. ირაკლი ჩარკვიანი. „მშვიდი ცურვა“.
ირაკლი ჩარკვიანი
„ირაკლის ძალიან უჭირდა, საკუთარი თავი ხანშიშესული წარმოედგინა, სიბერე არ უნდოდა და ასეთი ირაკლი, მართლაც, ძნელი წარმოსადგენია. ალბათ, ესეც იყო კრიზისის განმსაზღვრელი. როდესაც 45 წლის ხარ, რისაც ასე გეშინია და არ გინდა, ნელ-ნელა ახლოვდება. მარად ახალგაზრდა უნდოდა დარჩენილიყო და ასეც მოხდა“. გელა ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანი
„საბოლოოდ უნდა გამოვფხიზლდე წლის ბოლომდე და 2005-ში მაინც გავხდე ნამდვილი მეფე. ახალი წლის პირველი დღიდანვე დაიწყება ის, რასაც მე სუფთა მეფობას ვეძახი და ვნახოთ, იმედია, ამ წიგნსაც დაეტყობა ჩემი ახალი სინამდვილე, დღესდღეობით კი ვაგრძელებ მზადებას იმ სანუკვარი დღისთვის, როცა, ბოლოს და ბოლოს, ვაღიარებ საკუთარ თავთან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქნება წმინდა, ვით განთიადი და მშვიდი, ვით შემოდგომა“. ირაკლი ჩარკვიანი „მშვიდი ცურვა“.
ირაკლი ჩარკვიანი
„ყველაზე მთავარი, რაც მარტოობაში ვიგრძენი, ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული აღარასოდეს მიმატოვებს“. ირაკლი ჩარკვიანი. „მშვიდი ცურვა“
თეონა ჩარკვიანი ძმის, ირაკლი ჩარკვიანის წიგნით ხელში
„...გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ, დაე, სხვა გემები მორეკოს წყალმა, გემუდარებით, იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ!“ ირაკლი ჩარკვიანი.