რამაზ ჩხიკვაძე - დიდი არტისტი სცენაზე და სცენის მიღმა

უცნობი ფოტოები

31 ოქტომბერი 20:00, 2015 წელი

ამბობენ, რომ არც ერთ ქართველ მსახიობზე არ დაწერილა იმდენი, რამდენიც მის შესახებ იწერებოდა. ის იყო ხელოვანი, რომელმაც მსოფლიო თეატრის ისტორიაში ეპოქა შექმნა და იყო მსახიობი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.


რამაზ ჩხიკვაძე 1928 წელს მუსიკათმცოდნე გრიგოლ ჩხიკვაძისა და ვოკალისტ ელენე გაჩეჩილაძის ოჯახში დაიბადა. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა პატარა რამაზს აბსოლუტური სმენა და მშვენიერი ხმა აღმოაჩნდა. მას დიდ მუსიკალურ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. „მომავალი მუსიკოსი“ სკოლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრში წაიყვანეს და იმ დღიდან რამაზს, თეატრის გარდა, არაფრის გაგონება არ სურდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, რამაზ ჩხიკვაძემ რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. ინსტიტუტი 1951 წელს დაამთავრა და ამავე წლიდან რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო მუშაობა.


ლეანდრო („ესპანელი მღვდელი“), პეტრი პეტრუსი („როცა ასეთი სიყვარულია“), ქოსა მრჩეველი („ჭინჭრაქა“), მეკი დანა („სამგროშიანი ოპერა“), კასიანე („მზიანი ღამე“), თედო („ბებერი მეზურნეები“), აკოფ დარდიმანდიანცი („ხანუმა“), კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“), შოშია („საბრალდებო დასკვნა“), ყვარყვარე („ყვარყვარე“), აზდაკი („კავკასიური ცარცის წრე“), რიჩარდი („რიჩარდ III“), ლირი („მეფე ლირი“)... - ამ როლებმა მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრის სპექტაკლები მსოფლიოს უდიდეს სცენებზე ანშლაგით მიმდინარეობდა.
რამაზ ჩხიკვაძისა და რობერტ სტურუას გენიალური ტანდემის შედეგად, „კავკასიური ცარცის წრე“ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლს შორის მოხვდა, ხოლო რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე – ყველა დროის რიჩარდების ათეულში ჩაეწერა. ედინბურგში გამოსვლის შემდეგ, შოტლანდიურმა „ობსერვერმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რამაზი – კავკასიის მეფე“.
ედინბურგსა და „რაუნდ ჰაუზში“ წარმატების შემდეგ ევროპამ რამაზ ჩხიკვაძე მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარა.


რამაზ ჩხიკვაძე ჰოლივუდის ვარსკვლავს ლოურენს ოლივიეს შეადარა ინგლისელმა მაიკლ კოვენმა და „ფაინენშალ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე უნახავს: „ჩხიკვაძე კავკასიელი ლოურენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბვლელობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს“.


რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებას მკაფიო ინდივიდუალობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია და გარდასახვის საოცარი ოსტატობა ახასიათებდა.
სცენის პარალელურად, მსახიობს აქტიურად იღებდნენ კინოშიც.
იგი 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმშია გადაღებული, მათ შორისაა „ჭრიჭინა“, „წარსული ზაფხული“, „ლონდრე“, „თეთრი ბაირაღები“, „ქალაქი ანარა“, „ნერგები“, „სოფლის აშიკი“, „ნატვრის ხე“, „თხუნელა“. 


2011 წლის 15 აგვისტოს დიდი მაესტრო რობერტ სტურუა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამ დროს მძიმედ დაავადებული რამაზ ჩხიკვაძე მეუღლესთან ერთად ჩეხეთში, ქალაქ კარლოვი-ვარში იმყოფებოდა. „ობიექტივისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნატალია ჩხიკვაძემ რუსთაველის თეატრიდან სტურუას გაშვებაზე ემოციურად ისაუბრა:
„რამაზი ახლა ძალიან ცუდად არის. 24-ში ჩვენ მას თბილისში გადმოვიყვანთ. მე ვსაუბრობ და ცრემლებს ძლივს ვიკავებ, რადგან არ მინდა, მან თუნდაც ჩემი ერთი ცრემლი დაინახოს. რაც მოხდა რობიკოსთან დაკავშირებით, ძალიან შეგვაწუხა... რობიკო, ჩემო ძვირფასო... ეს არ უნდა მომხდარიყო. რეჟისორებს აქვთ ჩავარდნები, მომენტები, როცა მათი სპექტაკლები არ არის საეტაპო, მაგრამ არის ისტორია, რომელსაც ვერავინ შექმნის თავიდან და ვერავინ გადახაზავს, ვერავინ ამოშლის. შეიძლება შექმნა ისტორიის ახალი გვერდები, მაგრამ ის გაივლის ისევ, როგორც გაივლის ახალი დრო. ის, რაც გააკეთა რობიკომ რუსთაველის თეატრში, რამაზთან და თანამოაზრეებთან ერთად, იცის მთელმა მსოფლიომ - მთელი მსოფლიო იყო მათ ფეხებთან... ისეთი ოსტატის, ისეთი შემოქმედის, როგორიც რობერტ სტურუაა, ასე, უცერემონიოდ გაგდება ქუჩაში არ შეიძლება, მაგრამ რატომ უნდა გამიკვირდეს მაშინ, როცა დიდი რამაზ ჩხიკვაძე ასე ცუდად არის და ერთ ადამიანსაც არ დაურეკავს და არ უკითხავს, რა სჭირს რამაზს? რით დაგეხმაროთ?..  მტკივა და ვწუხვარ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ დროს, ვწუხვარ, რომ ჩვენ მივეცით სიცოცხლე ამ ქვეყნის ხელოვნებას, რომელსაც უცებ სანაგვეზე ისვრიან. რობიკო, გაუძელი, მედგრად იყავი, ჩემო ძვირფასო, და იცოდე, რომ შენთვის გაღებულია ყველა კარი. შენ კიდევ შექმნი შედევრებს, რამაზს ახლა სძინავს, ის ძალიან, ძალიან ცუდად არის. შენ არც შეგიძლია წარმოიდგინო, ის როგორ მდგომარეობაშია. ის გამუდმებით ფიქრობს შენზე. იყავი ჯანმრთელად და შეიგნონ, რომ ვერავითარი ახალი სპექტაკლებით და არავითარი ახალი თეატრებით ხელოვნების ახალ ისტორიას ვერ დაწერენ - ვერასოდეს. ისტორია რჩება ისტორიად. თქვენ შექმენით უდიდესი ისტორია, რომელსაც ვერასოდეს წაშლიან“.
ამ ემოციური ინტერვიუდან ნახევარ საათში ნატაშა ჩხიკვაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.  
მხოლოდ 56 დღე გაძლო რამაზ ჩხიკვაძემ ერთგული მეუღლისა და მეგობრის გარეშე და 2011 წლის 17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის, გვერდით..


რამაზ ჩხიკვაძეს სხვადასხვა დროს მინიჭებული ჰქონდა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. იყო სსრკ სახელმწიფო, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, ლენინისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი.
2006 წელს რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა.


 


 


რამაზ ჩხიკვაძე (რიჩარდი) სპექტაკლში „რიჩარდ III“
„რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია“, - წერდა ბრიტანული „თაიმსი“.



რამაზ ჩხიკვაძე და მისი მეუღლე ნატალია (ნატაშა) ჩხიკვაძე
„გემზე გავიცანი ნატაშა. იმ გემზე რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არ შევხვდებოდი. მე და გურამ საღარაძე მივდიოდით ოდესაში. იალტაში შემოვიდა ნატაშა. რომ დავინახე, უზომოდ მომეწონა და ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე ცოლის შერთვაზე, ასეთ ქალს შევირთავდი-მეთქი. ცხოვრებაში სხვა არავისზე მიფიქრია... ახლა რომ ამბობენ, ვიღაც საცოლე ჰყავდაო, შვილი ჰყავსო, სულ ტყუილია. ზოგი იმასაც ამბობს თურმე, რამაზ ჩხიკვაძის ცოლი ვიყავიო... არა, ღმერთმანი, საცოლეც არ მყოლია ცხოვრებაში, ნატაშას გარდა“. - რამაზ ჩხიკვაძე.


 


რამაზ ჩხიკვაძე სპექტაკლში „ესპანელი მღვდელი“, ლეანდროს როლში 
„ძნელი სათქმელია, რა უფრო უყვარს მას – მუსიკა თუ თეატრი, ორივე ეს ხელოვნება ორგანულადაა მასში შერწყმული. მეჩვენება, რომ რამაზი სახეს კი ვერ „ხედავს“, არამედ ყოველთვის „ისმენს“ მას. იგი სახისთვის პოულობს მელოდია-კამერტონს და მას უმორჩილებს თავის სულსა და სხეულს. ასე იყო „ესპანელ მღვდელში“ ლეანდროს როლზე მუშაობისას, ასე იყო „ჭინჭრაქაშიც“ და ყველა სხვა როლშიც“, - რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი.


 


ნატაშა ჩხიკვაძე და რამაზ ჩხიკვაძე შვილიშვილებთან ერთად
„არ დამავიწყდება ერთი საინტერესო ისტორია, როდესაც რამაზისა და ნატაშას სახლში ალა პუგაჩოვა იყო ჩამოსული. ვიქეიფეთ, დავთვერით, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ალას მეორე დღეს 9 საათზე ჰქონდა შეხვედრა. ალა ამბობდა, ვერ ავდგები დილის 9 საათზეო, მაგრამ რამაზმა მითხრა, არ ინერვიულო, აუცილებლად ადგებაო (იცინის). სენსაცია ის იყო, რომ მეორე დილით, 9-ის ნახევარზე რომ მივედი, ორივე გაღვიძებული დამხვდა და დაბლა მელოდებოდნენ,“ - დავით ოქიტაშვილი.


 


ნატაშა ჩხიკვაძე, რამაზიკო ჩხიკვაძე და რამაზ ჩხიკვაძე


 


რამაზ ჩხიკვაძე (შოშია) სპექტაკლში „საბრალდებო დასკვნა“
„მე ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ თეატრშიც სულ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია  შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში… სამუშაო არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა იმის ატანა, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება“. - რამაზ ჩხიკვაძე.


 


6 წლის რამაზ ჩხიკვაძე მშობლებთან - ელენე გაჩეჩილაძესთან და გრიგოლ ჩხიკვაძესთან ერთად



8 წლის რამაზ ჩხიკვაძე მშობლებთან

„ერთხელაც მოვინდომეთ ზარის თამაში ბავშვებმა. ფულზე არ ვთამაშობდით, მაგრამ გულში ხელს  ძველი ბიჭებივით ვიბრაგუნებდით და ვიყავით ერთ ამბავში... ამ დროს მოვიდნენ ძველი ბიჭები. რასა შვრებითო... ჩვენ ამაყად - ვთამაშობთ-მეთქი. რაც ჩვენ იმათ გვირტყეს! ახლაც მახსოვს, ერთმა კამათლები რომ მომიტანა და დამიტრიალა სახეზე, დამინგრია ცხვირ-პირი... იმათ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და ჩვენ არ მოგვცეს ცუდის გაკეთების უფლება... ყველას თავისი ღირსება ჰქონდა. ადრე ქურდი რომ იყო ვინმე, თავის უბანში არაფერს მოიპარავდა, ახლა შვილი მამას ჰპარავს ჯიბიდან ფულს... ხაზინიდან ხომ იპარავენ და იპარავენ!“ - რამაზ ჩხიკვაძე. 


 


ნატაშა და რამაზ ჩხიკვაძეები ეგვიპტეში
„ნატალია ტიპური მოსკოვური შარმითა და მომხიბვლელობით გამოირჩეოდა. ულამაზეს სლავ ქალთა საზოგადოებაშიც აშკარად განუმეორებელი იყო არა მხოლოდ უზადო გარეგნობით და ჩამოქნილი სხეულით, არამედ ევროპულ-აღმოსავლური იერის იშვიათი მიმზიდველობის ძალითაც. აქ ერთმანეთს ერწყმოდა პლასტიკა და ქალური სინაზე, მკვეთრი ნაკვთები და სილბო, ძალა და მიბნედილობა. როცა ახლოს გავიცანი, განცვიფრებული დავრჩი მისი ინტელექტითა და აზროვნების სიცხადით. მხოლოდ სარაინდო რომანებში თუ შემხვედრია ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ქალბატონები, რომელთა გულისთვის თავგადასავლების მოყვარული ვაჟკაცები არავითარ ფათერაკს არ ერიდებიან“, - ნოდარ გურაბანიძე.


 


რამაზ ჩხიკვაძე და ალექსანდრე ბასილაია


 


რამაზ ჩხიკვაძე სპექტაკლში „ფილოსოფიის დოქტორი“. 1956 წ.


 


ეროსი მანჯგალაძე და რამაზ ჩხიკვაძე


 


კახი კავსაძე, ლეონიდ კურავლიოვი და რამაზ ჩხიკვაძე


 


რამაზ ჩხიკვაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე, არქიმანდრიტ საბასთან ერთად
„81 წელს გადავცილდი, ისე როგორ უნდა მოვკვდე, არ ვნახო და არ გავიხარო, რომ ჩემი ქვეყანა უფლის გზაზე დადგა. ნორმალური ჯამაგირი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს ყველას, რომ იცხოვროს... ვნახოთ, კი ბატონო, რა იქნება!“ - რამაზ ჩხიკვაძე.


 


სცენა სპექტაკლიდან „კავკასიური ცარცის წრე“. რამაზ ჩხიკვაძე აზდაკის როლში
„რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყო, სცენაზე დადგომისთანავე ცოცხლდებოდა, ის წუხილი, დარდი, რაც ჰქონდა, ყველაფერი ავიწყდებოდა“, - დავით ოქიტაშვილი


 


ლეილა აბაშიძე და რამაზ ჩხიკვაძე ფილმში „ჭრიჭინა“
რამაზ ჩხიკვაძე - შოთას როლში; ლეილა აბაშიძე - ჭრიჭინა (მარინე ფერაძე)


 


რამაზ ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი, ნინელი ჭანკვეტაძე, მანანა ბერიკაშვილი
„თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები რამაზ ჩხიკვაძის აზდაკის სანახავად რუსთაველის თეატრში სხვენიდანაც კი ჩავდიოდით. მაშინ ყველა ჩვენგანის ოცნება იყო, მასთან ერთად კინოში ან სცენაზე თამაში. ასეთი საშუალება ბატონ რეზო ჩხეიძის ფილმის „დონ კიხოტის“ გადაღებების დროს მომეცა. მე კარდენიოს ვთამაშობდი“, - ლევან უჩანეიშვილი.


 


კახი კავსაძე, მამუკა კიკალეიშვილი, თამარ სხირტლაძე, ლეონიდ კურავლიოვი, რამაზ ჩხიკვაძე


 


რამაზ ჩხიკვაძე სადიპლომო სპექტაკლში „ლენინი“


 


რამაზ ჩხიკვაძე სპექტაკლში „ას ერგასის დღე“
რამაზ ჩხიკვაძე ჰიტლერის როლში


 


რამაზ ჩხიკვაძე მეფე ლირის როლში
„ნაწლავის კიბო მქონდა... რომ მეგონა, პაპილომა იყო. მერე პრაღაში გამსინჯეს და პირდაპირ მომახალეს: კიბო გაქვთო! არ შემშინებია. ერთი ის ვთხოვე ექიმს, გარეთ ცოლი დგას და არ უთხრათ, რაც მაქვს, უბრალოდ, უთხარით, რომ ოპერაცია მჭირდება-მეთქი. ეტყობა, ექიმმა ვერ გაიგო, რა ვთხოვე და ნატაშამ რომ შემოიხედა, მასაც უთხრა: თქვენს ქმარს კიბო აქვსო... ოპერაციის წინაც არ შემშინებია, ვხუმრობდი,“ - რამაზ ჩხიკვაძე


 


გოგი ქავთარაძე, რამაზ ჩხიკვაძე და თემურ ჩხეიძე


 


რამაზ ჩხიკვაძე, სალომე ყანჩელი და ჯემალ ღაღანიძე სპექტაკლში „ხანუმა“. 1968 წ. 


 


რამაზ ჩხიკვაძე და რობერტ სტურუა რეპეტიციის დროს
„რამაზმა და რობიკომ შექმნეს დიდი ეპოქა მსოფლიო თეატრში... წერდნენ, რომ ეს არის ახალი თეატრი, რომელიც არ ჰგავს არც სტანისლავსკის, არც მეირჰოლდის და არც სხვას. ისინი იპყრობდნენ მსოფლიოს და მსოფლიო იყო მათ ფეხებთან. მაშინ თითქმის არავინ იცოდა, რა იყო საქართველო და ყველა ეცნობოდა საქართველოს მათი სპექტაკლებით“, - ნატაშა ჩხიკვაძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?