რატომ თქვა უარი ლადო გუდიაშვილმა პარიზულ ცხოვრებაზე? - დიდი მაესტრო უცნობ ფოტოებში

უცნობი ფოტოები

21 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

სწორედ მაშინ, როცა ევროპა ლადო გუდიაშვილის აღიარებას იწყებდა, მხატვარმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. პარიზული გალერეის მეპატრონე როზენბერგი, რომელმაც თავის დროზე თავად პიკასოსა და მატისს გაუწია მეცენატობა, გუდიაშვილს განზრახვაზე ხელის აღებას სთხოვდა, „წასვლა იმ დროს, როცა თქვენი აღიარება იწყება, დიდი შეცდომაა“, - არწმუნებდა გალერისტი მხატვარს, მაგრამ ლადომ გადაწყვეტილება არ შეცვალა...


მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი, თეატრისა და კინოს მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ლადო გუდიაშვილი 1896 წლის 18 მარტს თბილისში დაიბადა.  
ლადომ მხატვრობის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გამოამჟღავნა. მას შემდეგ, რაც ფანქარი ხელში დაიჭირა, ხატავდა ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა: ქაღალდზე, კედელზე, ფიცარზე, იატაკზე და ღობეებზეც კი.
პატარა მხატვრის ნამუშევრებში მეზობლად მცხოვრებმა გერმანელმა მხატვარმა ზომერმა ინდივიდუალური ხელწერა შენიშნა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.
1910 წელს ლადო ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიაბარეს, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და ხატვის მასწავლებლად მოეწყო. თან შემოქმედებით მუშაობას აგრძელებდა.
1915 წელს მხატვრის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.
1916 წელს, გუდიაშვილისა და სხვა მოღვაწეთა მცდელობით, „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“ დაარსდა. იმავე წელს საზოგადოების მიერ შეგროვებული დახმარება ნიკო ფიროსმანს გაეცა.
1917-19 წლებში გუდიაშვილმა თბილისისადმი მიძღვნილი ციკლი შექმნა, რომლის მთავარი პერსონაჟები კინტოები და ყარაჩოხელები არიან - „კინტოების ქეიფი ქალთან“, „ქრისტინე“, „სტეპკოს დუქანი“ და სხვა.
1919 წელს ლადო გუდიაშვილი პარიზის „თავისუფალ აკადემიაში“ სასწავლებლად გაემგზავრა.
იმ  დროს პარიზში სხვა ქართველი მხატვრებიც მოღვაწეობდნენ - შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, დავით კაკაბაძე.
გუდიაშვილის პარიზული ცხოვრება საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო - მონაწილეობდა პარიზის, რომის, ვენეციის, ამსტერდამის გამოფენებში და პარიზულ კარნავალებში.
ერთხელ, კოვბოების საზეიმო მსვლელობასთან შესაერთებლად, ახალგაზრდა მხატვარმა თმა გადაიპარსა, საკარნავალო კოსტიუმი ჩაიცვა და თავზე განიერფარფლებიანი ქუდი დაიხურა. მხიარული მსვლელობის შემდეგ კაფე „როტონდაში“ ყავის დასალევად შესული მხატვარი პოლიციელმა დააპატიმრა, რადგან საშიშ დამნაშავეს მიამსგავსა. საბედნიეროდ, ყველაფერი გაირკვა და გუდიაშვილი მალევე გაათავისუფლეს. სხვათა შორის, გუდიაშვილი სწორედ კაფე „როტონდაში“ დაუმეგობრდა პაბლო პიკასოს, ფრანს მაზერელს, ამადეო მოდილიანს, ალბერ მარკეს, ანდრე დერენს და სხვა გამოჩენილ მხატვრებს.
1920 წელს პარიზში, გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე, „კინტოების ქეიფით“ დაინტერესდა ცნობილი ესპანელი მხატვარი იგნასიო სულუაგა. მეორე დღეს ესპანელი სახელოსნოში ეწვია ლადოს, კიდევ რამდენიმე სურათი აარჩია და მხატვარს, რომელიც მზად იყო, ცნობილი ხელოვანისთვის მთელი კოლექცია ეჩუქებინა, ფრანკების ორი მოზრდილი დასტა დაუტოვა და ასე უთხრა: „მე ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ფული გჭირდებათ. აიღეთ და უკეთესი სურათები დახატეთ“.
1922 წელს პარიზში გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო. პირველ გამოფენას მეორე მოჰყვა.
შემდეგ იყო გამოფენები ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
1925 წელს საფრანგეთში გამოიცა მორის რეინალის მონოგრაფია „ლადო გუდიაშვილი“. 
მალე ქართველი მხატვრის ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის „პრადოს“ მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კოლექციონერებმა.
სწორედ მაშინ, როცა ევროპა ლადო გუდიაშვილის აღიარებას იწყებდა, მხატვარმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. პარიზული გალერეის მეპატრონე როზენბერგი, რომელმაც თავის დროზე თავად პიკასოსა და მატისს გაუწია მეცენატობა, გუდიაშვილს განზრახვაზე ხელის აღებას სთხოვდა, „წასვლა იმ დროს, როცა იწყება თქვენი აღიარება, დიდი შეცდომაა“, - არწმუნებდა გალერისტი მხატვარს, მაგრამ ლადომ გადაწყვეტილება არ შეცვალა და 1926 წელს  საქართველოში დაბრუნდა.
იმავე წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორის ხარისხით დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა.
1930 წელს 30 წლის მხატვარი 16 წლის ნინო მგელაძეზე დაქორწინდა, რომელიც გუდიაშვილის შემოქმედების უმთავრესი კრიტიკოსი გახდა. მხოლოდ მეუღლეს ჰქონდა უფლება, პირველს ენახა და შეეფასებინა ლადოს ახლად შექმნილი სურათი.
1946 წელს კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატეს თხოვნით, ლადო გუდიაშვილმა ქაშუეთის წმინდა გიორგი ტაძრის მოხატვას მოჰკიდა ხელი. ამის გამო, მხატვარს საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი წაუყენეს ბრალად, კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს.
გუდიაშვილის მოხატული ფრესკებით არც საპატრიარქო და მრევლი დარჩენილა კმაყოფილი. წმინდანთა სახეები ტრადიციულ ჩარჩოებში არ ჯდებაო და მხატვარს ღვთის გმობაც დასწამეს. ცხრათვიანი მუშაობის თავზე, ტაძრის მოხატვის პროცესი შეჩერდა. ამის შემდეგ, ორმოცი წლის განმავლობაში, ლადო გუდიაშვილის არც ერთი პერსონალური გამოფენა აღარ გამართულა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1957 წელს სამხატვრო გალერეაში ლადო გუდიაშვილის 835 ნახატი გამოიფინა, რასაც საყოველთაო აღფრთოვანება და მხატვრის ხელახალი აღიარება მოჰყვა.
თანამემამულეთა მსგავსად (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია), გუდიაშვილი ხშირად იყენებდა მითოლოგიურ ალეგორიებს, რომლის ცენტრშიც მომხიბლავი ქალბატონი წარმოდგენილია, როგორც იდუმალი „დედამიწის ქალღმერთი“. 
ლადო გუდიაშვილმა ქართველ მხატვართაგან პირველმა დაასურათა „ვეფხისტყაოსანი“, მასვე ეკუთვნის ილუსტრაციები სულხან-საბას იგავ-არაკთა კრებულ „სიბრძნე სიცრუისთვის“. ლადო გუდიაშვილს 1958 წელს - საქართველოს, ხოლო 1972 წელს სსრკ სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა.
1976 წელს მხატვარს სოციალისტური შრომის გმირის ორდენი მიანიჭეს, რასაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და საპატიო თბილისელის წოდებაც მოჰყვა.
მხატვარი 84 წლის ასაკში, 1980 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


 


 


ლადო გუდიაშვილი
„ჩემმა ბავშვობამ ძველი თბილისის უბანში გაიარა. ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, კოლორიტული უბანი“. - ლადო გუდიაშვილი „მოგონებათა წიგნი“.


 


1976 წლის 30 მარტი. ლადო გუდიაშვილი 80 წლისაა
„საკუთარმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ კეთილს ძალიან ხშირად გვერდიგვერდ მისდევს ბოროტება, როგორც კარგი მეგობრები, ისე დადიან ქვეყნად. რა დასამალია და ზოგჯერ, ბოროტი სჯობნის სიკეთეს“. - ლადო გუდიაშვილი „მოგონებათა წიგნი“.


 


დანიის დედოფალი მარგარეტ II, მეუღლესთან ერთად, სტუმრად ლადო გუდიაშვილის სახელოსნოში. 1975 წელი.
„მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ დაბ­რუნ­და მა­მა პა­რი­ზი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რა­ტომ თქვა უარი ასეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე? იცით, ამ კითხ­ვას რო­დის გა­ე­ცა პა­სუ­ხი? რო­ცა ლა­დო გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რ­ძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე მა­მას მთაწ­მინ­დის­კენ უამ­რა­ვი ხალ­ხი მი­ა­ცი­­ლებ­და, რეკ­და ქაშ­უე­თის ტაძ­რის გლო­ვის ზა­რე­ბი. ახალ­გაზ­რ­დე­ბი მთა­წ­მინ­დის­კენ მი­მავალ აღ­მარ­თ­ზე ხე­ლით მი­ას­ვე­ნებ­დ­ნენ გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლის სა­სახ­ლეს. სწო­რედ მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, მა­მა მარ­თა­ლი იყო, რომ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ლა­დოს ხომ ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­მა მო­უ­ტა­ნა ასე დი­დი აღი­ა­რე­ბა“. - ჩუ­ქურ­თ­მა გუ­დი­აშ­ვი­ლი


 


ლადო გუდიაშვილი
რო­ცა პი­კა­სო­ზე ვფიქ­რობ, ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში შო­რე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბის დღე­ე­ბი ცოცხ­ლ­დე­ბა და კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა კა­ფე „რო­ტონ­და“ - ად­გი­ლი, სა­დაც მას ვხვდე­ბო­დი ხოლ­მე. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მის სა­ხეს, ხე­ლებს, მოძ­რა­ო­ბას... გა­სა­ოც­რად ლა­მა­ზი, პა­ტა­რა ხე­ლე­ბი ჰქონ­და. რა­ღაც მო­უს­ვენ­რო­ბა ემ­ჩ­ნე­ო­და. შემ­დეგ­ში შე­და­რე­ბით უფ­რო კარ­გად გა­ვი­ცა­ნი, მივ­ხ­ვ­დი, რომ მო­უს­ვენ­რო­ბა მი­სი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბა იყო. ამ თვი­სე­ბას კი­დევ უფრო უს­ვამ­და ხაზს სა­ოც­რად ცოცხა­ლი თვა­ლე­ბი. უკ­ვე შე­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი შა­ვი თმა ჰქონ­და. ხში­რად მი­ნა­ხავს სევ­დი­ა­ნი, ფიქ­რებ­ში წა­სუ­ლი. „რო­ტონ­და­ში“ სა­ა­თო­ბით ჩუ­მად იჯ­და ხოლმე“. - ლადო გუდიაშვილი.


 


ლადო გუდიაშვილი და კორესპონდენტი ვალერი პარტუგიმოვი. 1969 წლის 4 აპრილი.


 


ლადო გუდიაშვილი უცნობ ქალბატონთან ერთად
„მე ლამაზი ადამიანების ხატვა მიყვარს“. - ლადო გუდიაშვილი.


 


ლადო გუდიაშვილი წყნეთის აგარაკზე თავისავე ნამუშევრის ფონზე
1973 წლის სექტემბერი. ფრესკა შესრულებულია სახლის გარე კედელზე, რომელიც ამჟამად დაფარულია ფიცრებით, შესრულებულია ცემენტის შელესილობაზე ჩვეულებრივი სამღებრო საღებავებით. 


 


მხატვარი ავთანდილ ვართაგავა და ლადო გუდიაშვილი თავის დარგულ ვარდებთან. 
წყნეთი 1973 წელი.
„ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების ნახვით შეგიყვარდება საქართველო“, - ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი მორის რეინალი.


 


ლადო გუდიაშვილი კაფე „როტონდაში“ უკრავს გიტარაზე. 1922 წელი
„ლადო გუდიაშვილი თავის მოწოდებად რაცხს, უწინარეს ყოვლისა, იყოს მხატვარი. არადა, მოგეხსენებათ, რას ნიშნავს მხატვრობა დელაკრუას, კურბეს, სეზანის, სიორას შემდეგ. ამასთანავე, იგი საკუთარი ნატურის იდუმალებისა და თავისი რასისმიერი ინსტინქტების წყალობით, შესანიშნავად ახერხებს, დარჩეს პოეტად, რისთვისაც იგი მუდამ ეყვარებათ. მე მას ვერავის შევადარებ. იქნებ, ლადო გუდიაშვილი მამამთავარია ხელოვნებისა, რომელიც ახალგაზრდა, უწინ ჩაგრულმა ერმა ხვალ უნდა შექმნას? მე მჯერა, რომ ჩემს თბილისელ ჭაბუკ მეგობარს ბრწყინვალე მომავალი აქვს“, - ფრანგი ხელოვნებათმცოდნე ანდრე სალმონი.


 


ჯუმბერ პატიაშვილი - პოლიტიკოსი და ლადო გუდიაშვილი


 


ლადო გუდიაშვილი. ავტორი მიხეილ რიბაკი
„ლადო გუდიაშვილის ექსპოზიცია ჩვენთვის იყო აღმოჩენა, რომელმაც უაღრესად თავისებური მხატვარი წარმოგვიდგინა. იგი აზროვნებს ისევე რთულად, ან შესაძლოა, ისევე სადად, როგორც ადამიანები მისი ქვეყნისა, რომელსაც უძველესი ცივილიზაცია აქვს. პარიზული გემოვნების მაცდუნებელ მრავალფეროვნებაშიც სრულიად შეინარჩუნა ეროვნული თავისებურებანი, დარჩა ქართველად მას შემდეგაც, რაც მსოფლიოს გამოჩენილ მხატვართა გამომსახველობით ხერხებს ეზიარა“, -ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი მორის რეინალი.


 


მარიკა ლორთქიფანიძე - ისტორიკოსი, ნანა ბოტკოველი - მხატვარ კერამიკოსი და ლადო გუდიაშვილი, 1974 წელი. 


 


ედუარდ შევარდნაძე სტუმრად ლადო გუდიაშვილთან
ფოტო გადაღებულია ლადოს სახელოსნოში.
„ხში­რად მე­კითხე­ბი­ან: იყო თუ არა მორ­წ­მუ­ნე ლა­დო? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მორ­წ­მუ­ნე იყო, მაგ­რამ არა ეკ­ლე­სი­უ­რი. ვერ ვიტყ­ვი, რომ მა­მა ხში­რად და­დი­ო­და ეკ­ლე­სი­ა­ში, ან­თებ­და სან­თ­ლებს... ის იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად, რა­ღაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მორ­წ­მუ­ნე. ყვე­ლა­ფერ­ში სუ­ლი­ე­რე­ბას ხე­დავ­და, ამ­ბობ­და: „არ შე­იძ­ლე­ბა იყო მო­ნა არაფ­რის! არც რე­ლი­გი­ის და არც სხვა რა­მის.
შენ შე­ნი სუ­ლი უნ­და მი­ი­ტა­ნო სა­კურ­თხე­ველ­თან, მაგ­რამ მო­ნო­ბა - ეს და­უშ­ვე­ბე­ლია“, - ჩუქურთმა გუდიაშვილი.


 


უჩა ჯაფარიძე - ფერმწერი; თენგიზ ფერაძე - ხელოვნებათმცოდნე, სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი; ნოდარ ჯანბერიძე - ისტორიკოსი, კრიტიკოსი; ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - იურისტი; ზურაბ წერეთელი - მხატვარი, მოქანდაკე.
ფოტო გადაღებულია 1974 წელს ლადო გუდიაშვილის სახლში.


 


კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე, ლადო გუდიაშვილი და  თენგიზ მენთეშაშვილი - პოლიტიკოსი, ელგუჯა ამაშუკელი. 1965 წელი. 


 


ლადო გუდიაშვილი სამხატვრო სახელოსნოში. მარჯვნიდან მეორე - ლადო გუდიაშვილი 
„რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლი ვიგ­რ­ძე­ნი, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ნა­პი­რო და­ვი­ნა­ხე. მზით გა­ნა­თე­ბუ­ლი შე­მომ­ხ­ვ­და აჭა­რის მთე­ბი... ხუ­თი წლის წინ მას­თან გან­შო­რე­ბის სევ­და და ტკი­ვი­ლი ახ­ლა ისე­თი სი­ხა­რუ­ლით მეც­ვ­ლე­ბო­და, რომ სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა... ალ­ბათ, ამქვეყ­ნად არ არ­სე­ბობს უფ­რო დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ვიდ­რე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბაა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გან­ც­და და­მე­უფ­ლა, რო­ცა მშობ­ლი­ურ მი­წა­ზე დავ­დ­გი ფე­ხი“, - ლადო გუდიაშვილი.


 


ლადო გუდიაშვილი და ავთანდილ ვართაგავა 
1973 წლის ოქტომბერი. ფოტო გადაღებულია წყნეთში ლადო გუდიაშვილის სახლის წინ, გორკის ქუჩაზე. „მშობ­ლე­ბი­სთ­ვის ნა­ნატ­რი და ნაგ­ვი­ა­ნე­ბი შვი­ლი ვი­ყა­ვი. რო­დე­საც დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, სა­ხე­ლის შე­სარ­ჩე­ვად მა­მას სულ­ხან-სა­ბას ლექ­სი­კო­ნი გა­და­უშ­ლია და უთ­ქ­ვამს: რო­მელ სიტყ­ვა­საც თითს და­ვა­დებ, ჩემს ქა­ლიშ­ვილს სა­ხე­ლად და­ვარ­ქ­მე­ვო. სამ­ჯერ გა­და­უშ­ლია წიგ­ნი და სა­მი­ვე­ჯერ სიტყ­ვა „ჩუ­ქურ­თ­მა“ მი­უ­თი­თე­ბია. აი, ასე და­მარ­ქ­ვა მა­მამ უჩ­ვე­უ­ლო სა­ხე­ლი — ჩუ­ქურ­თ­მა“. - ჩუქურთმა გუდიაშვილი.


 


ლადო გუდიაშვილი და რუსი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე სიმონოვი ლადო გუდიაშვილის სახელოსნოში 
„ლადო ფრესკებისთვის იყო დაბადებული. ფრესკა იყო მისი სამყარო, რომლის გახსენებაზე ჟრუანტელი უვლიდა ტანში. წონასწორობასაც კი კარგავდა“. - მხატვრის მეუღლე ნინო გუდიაშვილი.


 


პოეტი, მწერალი გრიგოლ აბაშიძე და ლადო გუდიაშვილი


 


ლადო გუდიაშვილის სახელოსნო
„ჩვენს სახ­ლ­ში გე­ნი­ო­სე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ: გა­ლაკ­ტი­ო­ნი, ტი­ცი­ა­ნი, პა­ო­ლო, გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე, ბო­რის პას­ტერ­ნა­კი, რიხ­ტე­რი... ყვე­ლას უყ­ვარ­და ჩვენ­თან მოს­ვ­ლა... მო­დი­ოდ­ნენ და იწყე­ბო­და ჭეშ­მა­რი­ტი ნი­ჭი­სა და გე­ნი­ის ზე­ი­მი. ეს იყო სა­ო­ცა­რი სა­ღა­მო­ე­ბი... სა­უბ­რობ­დ­ნენ პო­ე­ზი­ა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, სი­ლა­მა­ზე­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე... წარ­მო­იდ­გი­ნეთ გოგ­ლა თა­მა­და...
სა­ხე­ლოს­ნო­ში იატაკ­ზე გა­ფენ­დ­ნენ „ლურჯ სუფ­რას“, მო­უს­ხ­დე­ბოდ­ნენ და ასე გრძელ­დე­ბო­და გა­თე­ნე­ბამ­დე. მე მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფერ ამას ჩე­მი სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი­დან ჩუ­მად ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს“. - ჩუქურთმა გუდიაშვილი.


 


ლადო გუდიაშვილი თავის სახელოსნოში. 1976 წლის 30 მარტი. ლადო გუდიაშვილის 80 წლის იუბილე


„ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი ყო­ველ სა­ღა­მოს კა­ფე „რო­ტონ­და­ში“ თა­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ად­გი­ლას იდ­გა და აკე­თებ­და ჩა­ნა­ხა­ტებს. ხში­რად ჩვენ თვალ­წინ იქ­მ­ნე­ბო­და მი­სი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი სუ­რა­თე­ბი... მა­შინ იგი ცნო­ბი­ლი არ იყო... სი­ცოცხ­ლე­ში თით­ქ­მის არა­ვინ იძენ­და მის სუ­რა­თებს. ბევრს არ ეს­მო­და, მაგ­რამ ვი­საც ეს­მო­და, ვინც იმ­თა­ვით­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და მი­სი ფა­სი, არც ისი­ნი ყი­დუ­ლობ­დ­ნენ... მო­დი­ლი­ა­ნის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ კი თით­ქ­მის უსას­ყიდ­ლოდ და­ი­სა­კუთ­რეს“, - ლადო გუდიაშვილი.


 


ავთანდილ ვართაგავა და ლადო გუდიაშვილი ლადოს სახელოსნოში. 1979 წლის 4 მარტი 
„მამას მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი სა­ოც­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი იყო. უყ­ვარ­და კარ­გი მუ­სი­კა, ჯა­ზი და ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კის ფონ­ზე ქმნი­და ნა­მუ­შევ­რებს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღე­ვან­დე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა რომ მო­ეს­მი­ნა, მას­ში ახალ შე­მოქ­მე­დე­ბით ღერძს და­ბა­დებ­და. ხა­ტავ­და მხატ­ვ­რო­ბის ყო­ველ­გ­ვა­რი წე­სე­ბის გა­რე­შე. მი­სი მე­გო­ბა­რი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვა­რი სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძე ამ­ბობ­და: ლა­დო ისე ხა­ტავს, ფან­ქარს ფურ­ც­ლი­დან  ნა­ხა­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ იღებს და საშ­ლელს სა­ერ­თოდ არ ხმა­რობ­სო“. - ჩუქურთმა გუდიაშვილი.


 


სტუმრად ლადო გუდიაშვილის სახელოსნოში
ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე სიმონოვი - რუსი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. ირაკლი ანდრონიკოვი - რუსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე.1978 წელი. 


 


ქართველი ინტელიგენცია პარიზში - ლუქსემბურგის ბაღში
დავით კაკაბაძე - ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, პროფესორი. ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე - ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. 1920 წელი. 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?