როგორ იწვრთნებოდა ნოდარ ახალკაცის „დინამო“?! - „ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფის“ უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

9 იანვარი 20:00, 2016 წელი

თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, სპორტის ოსტატი და  სსრკ-ს დამსახურებული მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი 1938 წლის 2 იანვარს დაიბადა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხიდებისა და გვირაბების საინჟინრო ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩაირიცხა.

ნოდარ ახალკაცის საფეხბურთო კარიერა „ნორჩ დინამოელში“ დაიწყო და თბილისის „ლოკომოტივში” გაგრძელდა. როგორც ფეხბურთელი გამოირჩეოდა ტექნიკური თამაშის მანერითა და ბურთის უბადლო ფლობით, თუმცა ხშირი ტრავმების გამო, თამაშისთვის თავის დანებება მოუწია. ახალკაცმა სამწვრთნელო საქმიანობა 28 წლის ასაკში, თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. მან შეძლო, „ლოკომოტივი” ძლიერ და შეკრულ გუნდად ჩამოეყალიბებინა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გაეყვანა, თუმცა, მოულოდნელად, რკინიგზის სამინისტრომ გუნდის დაშლა გადაწყვიტა.


თბილისის „დინამოში” ნოდარ ახალკაცი გუნდის უფროსად 1974 წელს, მიხეილ იაკუშინისა და გივი ჩოხელის დროს მივიდა, 1976 წელს კი კრიზისში მყოფი გუნდის უფროს მწვრთნელად დაინიშნა. ახალკაცის მისვლის პირველივე წელს ორჯერ (საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატებზე) „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებამდე მივიდა, შემდეგ კი დიდი საფეხბურთო ეპოქა შექმნა. ახალკაცი თბილისის „დინამოს“ 1976-1983 და 1985-1986 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში „დინამომ“, ფაქტობრივად, ყველა ტიტულის მოპოვება შეძლო. 1978 წელს მოიპოვა სსრკ-ს პირველობის ოქროს მედლები. 1977 წლის გათამაშების ვერცხლი. 1976 წლის გაზაფხული-შემოდგომა და 1981 წლის ასპარეზობების ბრინჯაოს მედლები. პირველად, კლუბის არსებობის ისტორიაში, 1976 და 1979 წლებში სსრკ-ს ბროლის თასი და თბილისის „დინამოს“ მოღვაწეობის გვირგვინი, დაუვიწყარი წარმატება - 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასი. ასეთი წარმატება საბჭოთა კავშირში სულ ორმა მწვრთნელმა შეძლო - ახალკაცმა თბილისის „დინამოში“ და ვალერი ლობანოვსკიმ - კიევის „დინამოში“, რუსული გუნდებისთვის კი ეს მიუწვდომელ ოცნებად დარჩა. ახალკაცის ხელმძღვანელობით, თბილისის „დინამომ“ შეძლო, დაემარცხებინა „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ბენფიკა“, „ფეიენოორდი“, „რივერ პლეიტი“, რუმინეთის ნაკრები. 

1981 და 1982 წლებში „დინამო“ მაყურებლის დასწრებით მხოლოდ „ბარსელონას“, „ნაპოლისა“ და „რეალს“ ჩამორჩებოდა; ასწრებდა „ბაიერნს“, „მილანს“, „ინტერს“, „რომას“, „მანჩესტერს“, „იუვენტუსს“, „ლივერპულს“... 


1990-იანებში ნოდარ ახალკაცი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩამოყალიბებაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა კავშირს გამოეყო. 1990 წლიდან 1998 წლამდე, გარდაცვალებამდე, ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ნოდარ ახალკაცი 1998 წლის 24 იანვარს მოსკოვში, გულის შეტევით გარდაიცვალა.


გარდაცვალების შემდეგ ფიფამ ლეგენდარული მწვრთნელი ორდენით დააჯილდოვა. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ჯილდო 2008 წლის 10 სექტემბერს ნოდარ ახალკაცის ვაჟს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესამე პრეზიდენტს, უმცროს ნოდარ ახალკაცს გადასცა.





თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი.
„ჩემი კრედო, როგორც მწვრთნელისა? ნაკლები ლაპარაკი და უკეთესი თამაში“, - ნოდარ ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი თასით ხელში
„არაფერი ახალი ჩვენ არ აღმოგვიჩენია. უბრალოდ, გავაგრძელეთ ქართველ ფეხბურთელთა საუკეთესო ტრადიციები: იმპროვიზაცია, დინამიზმი, მაღალი ესთეტიკურობა. არაა საჭირო, თავიდან დაიწყო ის, რისიც მხოლოდ გაგრძელებაა შესაძლებელი. ტრადიციები და მისი აყვანა ახალ საფეხურზე ისე, რომ შეინარჩუნო საკუთარი სპეციფიკა და გაითვალისწინო დროის მოთხოვნები. ესაა „დინამოს“ ფილოსოფია“, - ნოდარ ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი
„სანამ მწვრთნელი გავხდებოდი, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავდა. ალბათ, იმიტომ, რომ სათანადო დონეზე ვერ ვითამაშე ფეხბურთი. ეს ორი ფაქტორით იყო განპირობებული: ხშირი ტრავმები და მწვრთნელების გადაწყვეტილება - ისინი იშვიათად მათამაშებდნენ“, - ნოდარ ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი
„დინამოდან“ წამოსვლის მერე მამას უამრავი შემოთავაზება ჰქონდა რუსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და იმ დროისთვის არნახულ ხელფასს სთავაზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა, მამამ ამ შემოთავაზებებზე უარი თქვა. მეგობრები სულ სთხოვდნენ, დასთანხმებულიყო, მაგრამ მამას პოზიცია მტკიცე და უცვლელი იყო, ამბობდა, რაც დასამტკიცებელი მქონდა, „დინამოში“ დავამტკიცეო და სხვა ქვეყანაში ისეთ გუნდს არ გააკეთებდა, რომელიც მის „დინამოს“ დაამარცხებდა!“ - მედეა ახალკაცი (შვილი).


 


 


ნოდარ ახალკაცი და სათადარიგოთა სკამი: ნოდარ ახალკაცი, ვაჟა ჟვანია, ნუკრი კაკილაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი, გივი ნოდია, სერგო კუტივაძე, რევაზ ჩელებაძე.
„ერევანში „არარატს“ ვეთამაშებოდით. ბოლო წუთამდე მოვატყუე მეკარე და ცარიელი კარისკენ დავიძარი. ამასობაში წარმოვიდგინე, თბილისში რომ ჩავალ, რა მოხდება, მთელი თბილისი დამხვდება-მეთქი და, ამ ფიქრებში არ გავცდი კარს?! თამაში ფრედ დამთავრდა. უკან ვბრუნდებით. „სუხოი პაიოკი“ გვქონდა. ავტობუსში ჩვენი მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი ამოდის და ახალკაცს ეკითხება: ერთი „კალბასი“ დაგვრჩა და რა ვუყოო. ნოდარი ზის თავჩაქინდრული. უკან მე ვზივარ, თვალებზე ცრემლი მადგას, ვფიქრობ, – რა ბურთი გავაფუჭე და უცებ, ახალკაცმა, – ჩელებაძეს გატენე უკანო“. - რევაზ ჩელებაძე.


 


 


გივი ნოდია და ნოდარ ახალკაცი
„ერთხელ ერნესტ ჰემინგუეის ჰკითხეს, რა არის საჭირო, მწერალი რომ გახდეო. მან უპასუხა: ტალანტი, ნათელი წარმოდგენა საბოლოო შედეგზე და სინდისი. ეს ყველაფერი ფეხბურთელსაც სჭირდება და კიდევ - მაღალი მორალური თვისებები და მიზანსწრაფვა. ამით განისაზღვრება მოქცევის მანერები, თამაშის ინტელიგენტურობა და, როგორც ყველა ამ თვისების ჰარმონიული მთლიანობა, შემოქმედებითი სიხარული“, - ნოდარ ახალკაცი.


 


ბორის პაიჭაძე და ნოდარ ახალკაცი
„რა თქმა უნდა, ახალკაცის „დინამოელებსაც“ მოსდიოდათ შეცდომები და იყო რაღაც, რითიც ნოდარი უკმაყოფილო რჩებოდა, მაგრამ ხმას არ აუმაღლებდა… ნოდარის გუნდში იყო განუმეორებელი დისციპლინა. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მკაცრი ან სამხედრო დისციპლინა. ეს იყო მკაფიო დისციპლინა, რომელსაც მიზნად ჰქონდა მაქსიმალურად კარგი სპორტული ფორმის მიღწევა“, – „დინამოს“ ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი.


 


ვალერი ლობანოვსკი და ნოდარ ახალკაცი გუნდებს თამაშისკენ მიუძღვებიან
კადრში ასევე ჩანან ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. „საკუთარ თავში ყოველთვის ბევრ ნაკლს ვხედავდი. ამაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, მაგრამ ხანდახან ვგრძნობდი, რომ ამის საჭიროებაც დგებოდა. უეცარი აფეთქება ვიცი, ხანდახან ბიჭებთან ურთიერთობაში უხეშიც ვარ, ვერასდროს ვეგუები, როცა ვინმე უგულისყუროდ ვარჯიშობს. ასეთი შეიძლება საწვრთნელი პროცესიდანაც დავითხოვო“, - ნოდარ ახალკაცი.


 


ოთხმოციანი წლების თბილისის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი
მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი, გუნდის უფროსი - გივი ნოდია, მწვრთნელი - სერგო კუტივაძე.
ფოტო გადაღებულია 1981 წელს.
„ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანები, ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია. პირველხარისხოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც, სწორად წარმართული სასწავლო-საწვრთნელი პროცესიც, სელექციური მუშაობაც, მაყურებლის მხარდაჭერაც და მრავალი სხვა“, - ნოდარ ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი და დავით ყიფიანი
„იჩქარა თუ არა დავით ყიფიანმა ფეხბურთიდან წასვლა? მე ვერ გავკიცხავ მას. ის საკუთარი თავისადმი ძალზე მომთხოვნია და თამაშის დონის დაქვეითება მისთვის ტანჯვა იქნებოდა. სხვა საქმეა, რომ ფეხნატკენ ყიფიანს მეტი შეუძლია, ვიდრე ზოგიერთ სხვა მოთამაშეს - ორი ფეხით, მაგრამ, აბა, წამით დაფიქრდით, თავად დავითი თუ იქნებოდა კმაყოფილი? ხანდახან სახელის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე სახელის გათქმა. ყიფიანის პიროვნული მასშტაბი იმ ღირსებამ გამოაჩინა, რომლითაც შეძლო და წავიდა. მისი წასვლა თითოეული დინამოელისთვის დანაკლისი იყო“, - ნოდარ ახალკაცი


 


თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა 1981 წელს დიუსელდორფში გამარჯვების შემდეგ
ნოდარ ახალკაცი, ალექსანდრე ჩივაძე,
რამაზ შენგელია, ოთარ გაბელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი,
მანუჩარ მაჩაიძე, დავით გოგია, ვიტალი დარასელია, რევაზ ჩელებაძე.
1981 წლის 31 მაისი.
„მამა ყოველთვის ამბობდა, რომ ილია მეორეს დიუსელდორფში თასის მოპოვებაშიც აქვს დიდი წვლილი შეტანილი – მან გუნდს მხარდაჭერის დეპეშა გაუგზავნა, რომელიც მამამ მინდორზე გასვლის წინ წაუკითხა ფეხბურთელებს“, - მედეა ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი კოლეგებთან ერთად
„თბილისში სტუდქალაქის სტადიონზე გაიზარდა ვაკის ახალგაზრდობა. იქვეა სპორტის დეპარტამენტი, მაგრამ დაინტერესდა ვინმე, ქალაქის ცენტრში, ამხელა სტადიონის ადგილას რომ სახლებს აშენებენ? ადრე სკოლებსა და ეზოებში ბურთს დასდევდნენ, ახლა სად ითამაშონ ბავშვებმა?“ - ნოდარ ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციაში
„ფეხბურთში ყოველთვის საჯაროობის მომხრე ვიყავი, ოღონდ გონივრული საჯაროობისა. ვფიქრობ, უმჯობესია, ზოგიერთი რამ არ გამოიტანო სააშკარაოზე. ხანდახან უკეთესია, გუნდის სამზარეულოში დარჩეს ის, რაც ყველასთვის არაა განკუთვნილი“, - ნოდარ ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი თამაშის დროს
„პირველად ცხოვრებაში მამა ატირებული ვნახე იმ დღეს, როდესაც ვიტალი დარასელია დაიღუპა. ვიტალის გარდაცვალება მამამ საშინლად განიცადა. მას ფეხბურთელები საკუთარი შვილებივით უყვარდა. მათთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე ჩვენთან. მამა ზრუნავდა არა მხოლოდ მათ სპორტულ წარმატებებზე, არამედ მათ განათლებასა და ზოგად განვითარებაზე“, - მედეა ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი სუფრასთან
„ნოდარ ახალკაცი ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე იყო. ის იცავდა და უვლიდა თავის სამყაროს მთელი ძალითა და ხასიათით, რადგან ეს სამყარო ძვირფასი იყო მისთვის. ის ჭკვიანი და ფიქრიანი კაცი გახლდათ. დღევანდელ ქვეყანაში, ალბათ, არავინ იცოდა ბურთის ავან-ჩავანი ისე, როგორც მან. მას უყვარდა ფეხბურთი. ფეხბურთი ხომ მისი სამყარო იყო, ამ სამყაროში კი ქუდმოუხდელს არავის შეუშვებდა. მისი ფეხბურთი გამარჯვებული იყო. მისი სამყარო - რთული და ძლიერი“, - გიორგი ახვლედიანის წერილიდან „გაუცინარი ხელმწიფე“.


 


მწვრთნელთა და სათადარიგოთა სკამზე მღელვარებაა
ნოდარ ახალკაცი, ალექსანდრე ჩივაძე, გივი ნოდია.
„სამი შვილი მყავს. ეს ბედნიერებაა, მაგრამ სულ ერთია, ჰყავს თუ არა მწვრთნელს საკუთარი შვილები. ის მათ თავის ფეხბურთელებში უნდა ხედავდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნოდარ ახალკაცი.


 


ლეგენდარული რუსი მეკარე ლევ იაშინი ნოდარ ახალკაცს პრიზს გადასცემს
„ერთხელ, მოსკოვში თამაშის დროს, გუნდები შესვენებაზე რომ გადიოდნენ, მამამ გაიგო, ერთ-ერთმა მსაჯმა მეორეს როგორ უსაყვედურა, – ამ შავტრ... ქართველებს რატომ არ ახრჩობო და ამ მსაჯს ისეთი დღე აყარა, ძლივს გააშველეს“, - მედეა ახალკაცი.


 


საუბარი ნოდარ ახალკაცთან
„ფეხბურთი ხელოვნებაა, ხელოვნება კი შეუძლებელია ტალანტების, წარსულის გამოცდილებისა და შთაგონების გარეშე“, - ნოდარ ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი, თენგიზ მენთეშაშვილი, ჯუმბერ პატიაშვილი, კოლია ნეფედოვი და სოლიკო ხაბეიშვილი


ჯუმბერ პატიაშვილი - საქართველოს სსრ-ის ცკ-ს კომპარტიის პირველი მდივანი 1985-1989 წლებში; თენგიზ მენთეშაშვილი - კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. შემდეგ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი; სოლიკო ხაბეიშვილი - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი.


 


კახი ასათიანი და ნოდარ ახალკაცი
„25 იანვარს მოსკოვში „ფიფას“ პრეზიდენტ ბლატერთან შესახვედრად გაფრინდა. ალბათ, წინათგრძნობა ჰქონდა და წასვლა არ უნდოდა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „ნეტა, ფრენა არ იყოს!“ ფრენა არ გადადებულა. მოსკოვის აეროპორტიდან სასტუმროში მიმავალს მეგობრის მანქანაში გული გაუჩერდა“, - მედეა ახალკაცი.


 


ედუარდ შევარდნაძე და ქართველი ფეხბურთელები
ქვედა რიგში: ვაჟა ჟვანია, მიხეილ მესხი (უმცროსი), გრიგოლ ცაავა, დავით მუჯირი, ანზორ გაბიტაშვილი (მასაჟისტი).
ზედა რიგში: სერგო კუტივაძე, გოჩა ჯოხაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, რევაზ ჩელებაძე, ედუარდ შევარდნაძე, ზაქრო თელია, ჟიული შარტავა, ნოდარ ახალკაცი, გიგლა იმნაძე, ნუკრი კაკილაშვილი, ჯუნა კვარაცხელია, ზაურ სვანაძე, შოთა გორგოძე, ამირან ანდღულაძე (თეთრებში), ომარ სიამაშვილი, თენგიზ მაჭავარიანი, ოთარ გაბელია, ბორის პაიჭაძე, კარლო მჭედლიძე, თენგიზ მენთეშაშვილი.
კადრში ჩანან გია თავაძე, დავით პაიკიძე. 


 


1971 წელი, ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები
თენგიზ მაჭავარიანი, მანუჩარ მაჩაიძე, რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია.
ზედა რიგი: მიხეილ ბერძენიშვილი,ნოდარ ახალკაცი, ბორის პაიჭაძე, ფილიპე მახარაძე, ნესტორ ჩხატარაშვილი, ვახტანგ დიდიძე.
„არასდროს დამიყვია ფეხბურთი „შემტევად“ და „დაცვითად“. ზოგი მწვრთნელი მეტოქეს ბურთს წინასწარ უთმობს და უცდის, როდის დაიწყებს შეტევას. ასეთების ერთადერთი მიზანია, თავდასხმას გაუძლონ და თუ გაუმართლათ, კონტრშეტევით გაიტანონ. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთი არ არის“, - ნოდარ ახალკაცი.


 


საზეიმო სხდომა
ნონა გაფრინდაშვილი - ქართველი მოჭადრაკე, ქალთა შორის მსოფლიოს მე-6 ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი; ალექსანდრე ჩივაძე - სსრკ-ს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, შემდგომში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ნოდარ ახალკაცი - თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.


 


თბილისის „დინამო“ - საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი
ნოდარ ახალკაცი, ნიაზ ძიაპშიპა, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით ყიფიანი, ნოდარ ხიზანიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ფირუზ კანთელაძე, ალექსანდრე ჩივაძე, ზორბეგ ებრალიძე, მალხაზ გაგოშიძე, სლავა მეტრეველი, ზაქრო თელია.
წინა რიგში: ვახტანგ ქორიძე, დავით მუჯირი, ვლადიმერ გუცაევი, ვახტანგ კოპალეიშვილი, რევაზ ჩელებაძე, ზურაბ წერეთელი, დავით გოგია, გოჩა მაჩაიძე.
„ყველაფერი, რასაც აუდიტორია ჰყავს და ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს, ხელოვნებაა. აქედან გამომდინარე, ფეხბურთიც ხელოვნებაა!“ - ნოდარ ახალკაცი.


 


ნოდარ ახალკაცი (უმცროსი)

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?