პრინცი მაჩაბელი - ამერიკული პარფიუმერიული წარმოების მაგნატი და საქართველოზე შეყვარებული პატრიოტი

უცნობი ფოტოები

27 თებერვალი 20:00, 2016 წელი

ქართველი თავადი, პარფიუმერიული კომპანია „პრინცი მაჩაბელის“ დამაარსებელი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში გიორგი მაჩაბელი 1885 წელს დაიბადა. გიორგის მამა, იურისტი ვასილ მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი გახლდათ. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გიორგი მაჩაბელმა სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს, შვედეთში მყოფმა მაჩაბელმა მშვენიერი იტალიელი მსახიობი ნორინა ჯილი გაიცნო და 1916 წელს დაქორწინდა.

ევროპაში ცხოვრების განმავლობაში, გიორგი მაჩაბელი საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. 1914 წლის მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გიორგისა და მის თანამოაზრეებს იმედი გაუჩნდათ - რუსეთის იმპერია დამარცხდება და საქართველო დამოუკიდებელი გახდებაო. მაჩაბელი გერმანიაში ჩავიდა და „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ დააარსა. ემიგრაციაში მყოფ თავადს სამშობლოზე დარდი საშინლად აწუხებდა, ამიტომ ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო - რამდენჯერმე განახორციელა ექსპედიცია გერმანულ წყალქვეშა ნავზე და საქართველო იარაღით მოამარაგა.
1918 წელს საქართველომ ნანატრი თავისუფლება მოიპოვა და გიორგი მაჩაბელი იტალიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მაჩაბელმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა და, მეუღლესთან ერთად,საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.
ამერიკაში მომავალმა ბიზნესმენმა თავისი ძველი გატაცება - ქიმია გაიხსენა და არომატებზე ექსპერიმენტები დაიწყო. საქმე წარმატებულად აეწყო.
1924 წელს ცოლ-ქმარმა ნიუ-იორკში, 545 მედისონ-ავენიუზე პატარა ანტიკვარული მაღაზია „წითელი და შავი“ (Le Rouge et le Noir) გახსნეს.
ანტიკვარიატის პარალელურად, მაჩაბელი არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას - სუნამოების შეზავებას. მალე აღმოაჩინა, რომ მის მუშტრებს სუნამოები უფრო აინტერესებდათ, ამიტომ ანტიკვარიატზე ხელი აიღო. 1926 წელს, ქორწინების მე-10 წლისთავზე, წყვილმა საკუთარი კომპანია „პრინცი მაჩაბელი“ (Prince Matchabelli Perfume Company) შექმნა.
მაჩაბელი თვითონ ქმნიდა და აფორმებდა სუნამოებს და რეკლამასაც თვითონ უკეთებდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები იყვნენ, ამიტომ ფირმის თანამშრომლებმა შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი და თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში.


სუნამოებს შორის ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილი სუნამო „საქართველოს დედოფალი“ (Queen of Georgia).
ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონის მქონე სუნამოს მოჰყვა მეუღლისთვის მიძღვნილი სუნამო „პრინცესა ნორინა“ (Princess Norina), ინგლისელი ლამაზმანის სახელობის სუნამო „Duchess of York“, სუნამო „ოქროს შემოდგომა“, სააბაზანო ზეთი „აბანო“, ოდეკოლონი „ქარის სიმღერა“ (Wind Song), დაპრესილი პუდრი და პომადა.
ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელზეც ოქროთი მოვარაყება, ოქროსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.
Prince Matchabelli არისტოკრატებისთვის შეიქმნა და გლამურული ცხოვრებით განებივრებულებს შესთავაზა „აღმოსავლური მისტიკით“ შეფერილი სურნელი, არასტანდარტული ნოტების გამა...
გიორგი მაჩაბელმა უბრალო ჰობიდან ათ წელში მილიონიანი ბიზნესი შექმნა და დარგის ნოვატორი გახდა, რადგან იმ დროისთვის ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა  არ გააჩნდა.
ფაქტობრივად, მაჩაბელმა საფუძველი დაუდო აშშ-ში პარფიუმერიის წარმოებას.
კომპანია 1920-1930-იან წლებში აშშ-ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა.


ბიზნესს მაჩაბელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არ ჩამოუშორებია.
ის იყო 1931 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, 1933-34 წლებში მისი თავმჯდომარე, 1934 წლიდან - ხაზინადარი. პუნქტუალურად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა სათვისტომოსა და ყველა გაჭირვებულ ქართველს.


1933 წელს გიორგი და ნორინა დაშორდნენ, მიზეზი ქალის სპირიტული სეანსებით გატაცება გახდა. 1935 წლის ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით შანხაისა და კალიფორნიაში იმოგზაურა, მაგრამ გზაში გაცივდა და 1935 წელს, 50 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
გიორგი მაჩაბელმა საფლავში წაიღო სამშობლოზე დარდი, მონატრება და თავისუფლების მოლოდინი. ერთი წლის შემდეგ ყოფილმა მეუღლემ ნორინა ჯილმა კომპანია $250 000-ად მიჰყიდა სოლ განცს (Saul Ganz), თუმცა ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში, დღესაც არსებობს პარფიუმერიული ფირმა PRINCE MATCHABELLI. პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელითა და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა - ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები.
დღესდღეობით „პრინცი მაჩაბელი“ მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად მიიჩნევა.


1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ტალღის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 300-ს არ აღემატებოდა, თუმცა ამ მცირე დიასპორამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე.
პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ ის ქართველები, რომლებმაც ამერიკას ხუთი დარგი შეუქმნეს:
გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) - სამედიცინო მინის მრეწველობა და ნაძვის ხის მინის სანთლები და სათამაშოები; ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდრ კარტველი) - სამხედრო ავიაცია; გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) - ბალეტი და გიორგი მაჩაბელი (პრინცი მაჩაბელი) - პარფიუმერია.


 


გიორგი მაჩაბელი. გადაღების თარიღი უცნობია
„ემიგრანტებს დიდი გასაჭირი მოგველის, გაჭირვებული და მშიერი უცხოეთში ვერც ღირსებას შეინახავს და ვერც ქვეყნისთვის იმუშავებს პოლიტიკურად. ამიტომ მთელ ჩემს ენერგიას დავხარჯავ, რომ ამერიკაში სიმდიდრე შევიძინო და ეს ბოლოს გამოგვადგება დამოუკიდებელი საქმიანობისთვის“, - უთქვამს ამერიკაში მიმავალ გიორგი მაჩაბელს მიხაკო წერეთლისთვის ბერლინში.


 


გიორგი მაჩაბელი, ნინო მაჩაბელი და თამარ გალაჯევა


 


გიორგი მაჩაბელი
„Prince Matchabelli“-ს სუნამოს ხაზი დღესაც გამოდის ამერიკაში, თავადის სახელს ატარებს უცვლელად და მზადდება მისივე თავდაპირველი რეცეპტით, რომლის შეცვლა ვერავინ შეძლო...“ - გივი კობახიძის მოგონებიდან.


 


გიორგი მაჩაბელი
„გიორგი ათას საბანში რომ ჩაახვიო და სადმე დამალო, ვინც იქ მივა, მაშინვე შეიტყობს - აქ საქართველოს სუნიაო!“ - გრიგოლ რობაქიძე.


 


გიორგი ვასილის ძე მაჩაბელი
„ამერიკაში ქალბატონებს თავზე სამეფო გვირგვინები დაადგა პრინცმა, რომელიც არის საქართველოდან, ერთი კეთილი და წარჩინებული ოჯახიდან...“ - წერდა ამერიკული პრესა მისტერ მაჩაბელზე, რომელმაც თავისი პარფიუმერიული ბრენდით შოკში ჩააგდო ამერიკული ელიტა.



 



გიორგი მაჩაბელი მეუღლესთან, ნორინა ჯილისთან ერთად
„მთელ ქართულ ემიგრაციაში მარტო ერთი, გიორგი ქმნის დიდს ახალ საქმეს, რომელიც სწრაფად მიექანება მსოფლიო ბაზარზე პირველი ადგილის დასაჭერად... ამ მიზნის მიღწევა გიორგის იმისთვის უნდა, რომ მეორე მიზნის (ქართული პოლიტიკის) სამსახურში მალე გადავიდეს, რათა კვლავ შეუდგეს საქართველოს თავისუფლების ახლად გამოჭედვის საქმეს თავის დაცდილ მეგობრებთან ერთად“, - სპირიდონ კედია. 


 


 


სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი, ზურა ავალიშვილი. დგანან: სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი, მიხაკო წერეთელი. 1917 წელი.
„ჩვენ ქართული საქმე და ეროვნული მიზანი მაშინ შეგვიძლია დავაყენოთ მტკიცე საფუძველზე, როცა მოვახერხებთ ფინანსური საძირკვლის ჩაყრას, თორემ მარტო მემორანდუმების წერით ბევრი არაფერი გამოდის. როცა ნივთიერი საყრდენი გვექნება, მაშინ მემორანდუმებსაც საჭირო ძალა შეემატება და იმოქმედებს...“ - გიორგი მაჩაბელი.


 



„ნიუ-იორკში გიორგი მაჩაბელი იწყებს პარფიუმის საქმეს, თითქმის ხელცარიელი. არაფერი გააჩნია, გარდა პირადი არსებობის საშუალებისა. ამ საქმეში მთელი მისი თანხა მარტო მისი საკუთარი პიროვნებაა. გიორგი იჩენს ამერიკელ მომხმარებელთა პსიხოლოგიის დაკვირვებულ ცოდნას, იგი ბაზარზე უშვებს თავის პარფიუმის კლასიკურ სერიას. მათ შორის ერთი არის „საქართველოს დედოფალი“, მისი ჭურჭელი - საპარფიუმო გვირგვინები - ჰხიბლავს საერთო ყურადღებას. მისი ფირმა მაღალი ხარისხის შარავანდედით იმოსება“. - სპირიდონ კედიას მოგონებიდან.


 


გიორგი მაჩაბელი ძველი ქართველი არისტოკრატი და განათლებით ევროპიელია“, - მიხაკო წერეთელი.


 


 


1935 წელს ამ შენობის მე-11 სართულზე გაიხსნა მაჩაბლის პარფიუმერიული წარმოება
1946 წელს წარმოება მეორე სართულზე გადმოვიდა.


 


მაჩაბლის პარფიუმერიული ფაბრიკა და წარმოების მთავარი სპეციალისტი, გიორგი მაჩაბლის მეგობარი კირილე გურჯი. 1946 წელი


 


მაჩაბლის პარიზის მაღაზია. 1930 წელი.


 


Prince Matchabelli

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?