მედეა ჩახავა - ის იყო ბედნიერი, როგორც მსახიობი, ქალი, დედა, ბებია, დიდი ბებია

უცნობი ფოტოები

16 აპრილი 20:00, 2016 წელი

ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ჩახავა 1921 წლის 15 მაისს მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში დაიბადა. გოგონამ პატარაობიდან ცეკვის სიყვარული გამოავლინა. 14 წლის იყო, როცა მამამისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლენინგრადში, ოჯახთან ერთად, გაგზავნეს. პატარა მედიკო ნევისპირა ქალაქის ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. 


1936 წელს, როცა ჩახავების ოჯახი ლენინგრადიდან თბილისში გადმოსახლდა, მომავალმა მსახიობმა ცეკვა ჯერ ჯანო ბაგრატიონთან, შემდეგ კი ილიკო სუხიშვილის ახლად გახსნილ საცეკვაო დასში გააგრძელა.
იმ დროს უმაღლესი თეატრალური სასწავლებელი არ არსებობდა, ამიტომ მსახიობობაზე მეოცნებე გოგონამ სკოლის დამთავრების შემდეგ საბუთები სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შეიტანა, 
1943 წელს კი სასწავლებლად ახლად გახსნილ თეატრალურ ინსტიტუტში გადავიდა, სადაც მალე მომავალი მეუღლე, ნოდარ ჩხეიძე გაიცნო.
სახალხო პოეტის გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი თეატრალურ ინსტიტუტში სამედიცინო ინსტიტუტიდან მოხვდა. ნოდარ ჩხეიძე კარგად კითხულობდა ლექსებს, ბობოქარი და ბოჰემური პიროვნება იყო და მედეას მოხიბვლაც მოახერხა.
ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ.
1943 წელს მომავალ მსახიობს თემურ ჩხეიძე შეეძინა, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა.
1944 წელს მედეა ჩახავამ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. მალე კოტე მახარაძის სახით ახალი სიყვარული ეწვია. მსახიობი ყოველთვის აპროტესტებდა კოტესთვის მიკერებული „დონ ჟუანის“ იარლიყს: „დონ ჟუანი ქალებზე ნადირობდა. კოტეს კი არასოდეს უაქტიურია, პირიქით, ქალები აქტიურობდნენ. კოტეც, თავის მხრივ, უარს არ ამბობდა ლამაზ ქალებზე, მაგრამ ჩვენ ამაზე კონფლიქტი არ მოგვდიოდა“ .
მედეა ჩახავას არც მერე ჩაუდია წყენა გულში, როცა კოტე ოჯახიდან წავიდა და არც მაშინ, როცა სოფიკო ჭიაურელთან ოჯახი შექმნა: „ჩემი და კოტეს დაშორებაში სოფიკოს არანაირი წვლილი არ მიუძღოდა. ჩვენ რომ დავშორდით, მათ შემდეგ შეუყვარდათ ერთმანეთი და რატომ არ უნდა მქონოდა კარგი ურთიერთობა სოფიკოსთან? კოტე რომ უყვარდა?“ 


ჯენევრა (გოუსა და დიუსოს „ღრმა ფესვები“), ამარანტა (ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ფეფელა (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ოფელია, მარგარიტა (შექსპირის „ჰამლეტი“, „რიჩარდ III“), მარია (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“) და მრავალი სხვა - მედეა ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა სრულიად განსხვავებულ სახეებს. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი იყო ნატიფი გემოვნება, უშუალობა, მგზნებარე ტემპერამენტი და დრამატიზმი.
როგორც ბევრ სხვა მსახიობს, მასაც თეატრი უფრო უყვარდა, თუმცა კინომ უზარმაზარი სიხარული და პოპულარობა მოუტანა: ჟუჟუნა („ბედნიერი შეხვედრა“ - 1949), ცქრიალა („ჭრიჭინა“ - 1954), მელანო („ბაში-აჩუკი“ - 1956), მეეზოვე ქალი („მანანა“ - 1958), მეფოლადის ცოლი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ - 1959), ნინო („ნინო“ - 1959), თამრო („გლახის ნაამბობი“ - 1961), სოფიო („მხიარული რომანი“ - 1972) და სხვა.


ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მედეა ჩახავას მიენიჭა სახალხო არტისტის წოდება, საპატიო ნიშნის ორდენი და ორი მედალი. 1955 წელს - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიიღო, 1960 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტი გახდა. 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. 2006 წელს რუსთაველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. 


ახლობლები ამბობენ, რომ სიცოცხლის მოყვარულ მსახიობს სიკვდილის შიში არ ჰქონდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მიწის ქვეშ ყოფნა აშინებდა - უეცრად, მიწის ქვეშ რომ გამეღვიძოს, რა უნდა ვქნაო? ამიტომ შვილებს სთხოვდა, როცა გარდავიცვლები, დამწვით და ჩემი ფერფლი ჩემი მოამაგე მშობლების საფლავზე მოაყარეთო, მაგრამ ამისთვის ვერ გაიმეტეს...
მედეა ჯაფარიძე 2009 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონის მიწას  მიაბარეს.


 


„დედამ მართლაც საოცარი, ულამაზესი, ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრა. პრობლემები მასაც ჰქონდა, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ იყო ბედნიერი, როგორც მსახიობი, ქალი, დედა, ბებია, დიდი ბებია და როგორც ქართველი... დედას და მამას იმდენი სიკეთე და სიყვარული აქვთ ნათესი, რომ ჩვენ, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ფერხთით გვეფინება“. - მაკა მახარაძე.


 


მედეა ჩახავა და კოტე მახარაძე შვილებთან - ივიკო და მაკა მახარაძეებთან ერთად. კურორტი წაღვერი


 


მედეა ჩახავა შვილთან, ივიკო მახარაძესთან ერთად
„მედიკოსაც და მაკასაც, რაღაცნაირად, მანიაკალურად უყვართ ცხოვრება, სისულელემდე ოპტიმისტები არიან. გამორიცხულია, მათგან ვერ გაიგებ, ახლა რა ვქნა, რა გვეშველება... ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ, ცხოვრების სცენაზე იდგნენ, ანუ არ უნდა მოშვებულიყვნენ არც ერთი წამი, არავის უნდა ენახა, როგორ წამოკრეს ფეხი და დავარდნენ. სულ შემართულები იყვნენ. მედიკო როცა შეუძლოდ იყო და საავამდყოფოში იწვა, დილა თენდებოდა იმით, რომ იხატავდა თვალებს, ემანდ ვინმეს არ ენახა ჩამორეცხილი“. - დათა თავაძე, შვილიშვილი.


 


მსახიობი ეროსი მანჯგალაძე, პიანისტი მედეა ესიტაშვილი, მედეა ჩახავა, კოტე მახარაძე, მაკა და ივიკო მახარაძეები. 
„დედას და მამას დაშორება ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, შვილებისთვის...მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი ნატოზე და პრაქტიკულად, ცხრა თვე ტირილში გავატარე. თითქოს მშობლები დამეღუპნენ. მე მყავდა ახლა ცალკე დედა და ცალკე მამა. ოჯახი დაიღუპა, რაც ძალიან განვიცადე. ივიკო ძალიან რთულ ასაკში იყო -13 წლის და შეიძლება ყველაზე ცუდად სწორედ მასზე იმოქმედა... კარგა ხანს დედა და მამა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ გაიარა დრომ და მერე ყველაფერი დალაგდა თავის ადგილზე“. - მაკა მახარაძე.


 


„მედეა ჩახავა - ცვილივით დამყოლი და ელასტიკური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა, აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია“. - მიხეილ თუმანიშვილი. 



მედეა ჩახავა და ეროსი მანჯგალაძე სპექტაკლში




მარინე თბილელი, მედეა ჩახავა, სოსო ლაღიძე რკინიგზის ვაგზალზე 




 


მარინე თბილელი, მედეა ჩახავა და კახი კავსაძე, მეგობრებთან ერთად


 


მედეა ჩახავა და ლია ელიავა სტუმრად ხულოში




მედეა ჩახავა ბორჯომის მე-2 საშუალო სკოლის მოსწავლეებთან 



რუსთაველის თეატრის დასის გასტროლი ხაბაროვსკში
რობერტ სტურუა, თეატრისა და კინოს რეჟისორი; გურამ საღარაძე, მსახიობი; მედეა ჩახავა, საქართველოს სახალხო არტისტი; სოსო ლაღიძე, მსახიობი.




მედეა ჩახავა და საბჭოთა ეპოქის საქართველოს პარტიულ-სახელმწიფო მოღვაწე პავლე გილაშვილი




მედეა ჩახავა და ედიშერ მაღალაშვილი


 


გელა ჩარკვიანი, მედეა ჩახავა, გია ფერაძე და ლიკა ჭავჭავაძე ედინბურგში




გელა ჩარკვიანი, მედეა ჩახავა, თათული დოლიძე და ჟანრი ლოლაშვილი 
ფოტო გადაღებულია ლონდონში. 



რუსთაველის თეატრის დასის გასტროლები ლონდონში
რეჟისორი პიტერ ბრუკი სტუმრად სპექტაკლზე „რიჩარდ III“.



ფოტოხელოვანი ხაჩატურ ვართანიანცი ვერიკო ანჯაფარიძესთან და მედეა ჩახავასთან ერთად
„ძვირფასი ხარ ქართული ხელოვნებისთვის და დიდხანს უნდა ბრწყინავდე“ - ეუბნებოდა მედეას ვერიკო ანჯაფარიძე და ისიც ბრწყინავდა დიდხანს... ვერიკო ანჯაფარიძე 87 წლის ასაკში დაკარგა საქართველომ, მედეა 88-ის მოიყარა და თან, ვერიკოსგან განსხვავებით, სიცოცხლის ბოლომდე იდგა სცენაზე.



მიხეილ თუმანიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა 
„გავიდა მრავალი წელი და მედიკო ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად. ბევრი რამ, რასაც რუსთაველის თეატრში ვაკეთებდი, უშუალოდ იყო დაკავშირებული მის სახელთან. ჩვენ თანამოაზრენი, მეგობრები ვიყავით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები ბევრი დაუვიწყარი ნამუშევრისა. ერთად მუშაობა გვეადვილებოდა და დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა“. - მიხეილ თუმანიშვილი.



თემურ ჩხეიძე, მაკა მახარაძე, ივიკო მახარაძე, ეკა ჩხეიძე, ნატა მურვანიძე, ანუკა მურვანიძე, დათა თავაძე, კოტე მახარაძე, ნანი ჩიქვინიძე, მურაზ მურვანიძე, ნიკა თავაძე... 
„ჩვენი დიდი ოჯახის წევრები იყვნენ სოფიკო და მისი შვილები. მისი გარდაცვალება ჩვენთვისაც ძალიან სამწუხარო იყო. სოფიკო აღმერთებდა ჩემს შვილებს. ის მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ კოტესთან შვილი არ გააჩინა. სულ ვეუბნებოდი, რას ნანობ, სოფიკო, კოტესთან თუ ვერ გააჩინე, აგერ, ბატონო, ჩემი შვილები. კოტესები არიან ესენიც-თქო. სოფიკოს მართლა ძალიან უყვარდა ჩემი შვილები და მე მისი შვილები. ჩვენ ერთმანეთში არც მეგობრობა გვაკლდა, არც იუმორი და არც ერთანეთის გატანა“. - მედეა ჩახავა




თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მედეა ჩახავა ასეთ ამბავს ჰყვებოდა: „1996 წელი იყო. არ ვიცი, რაღა მაშინ გადავწყვიტე კბილების გაკეთება, მაგრამ მაწუხებდა და რა მექნა?! კბილები ამოვიღე და მაკასთან წავედი მოსასვენებლად. უცებ გაიღო კარი და შემოცვივდნენ ნიღბიანი ბიჭები. მაკა სამზარეულოდან გამოიყვანეს, იატაკზე დასვეს, ჩვენს ნათესავ კაცს კი რევოლვერი მიაბჯინეს საფეთქელზე. მივხვდი, სალვადორ დალის ნახატს ეძებდნენ, რომელიც ჩემს სიძეს აჩუქეს საფრანგეთში. მას კი ეს ნახატი ერთ ახლობელთან მოსკოვში ჰქონდა დატოვებული. მე და ბავშვები სააბაზანოში შეგვყარეს და ძებნა განაგრძეს. გულმა არ მომითმინა, გამოვედი და მძარცველებს ვეუბნები: მართალია, ჩემი ცნობა ძნელია, კბილები ამოღებული მაქვს და სახე შეშუპებული, მაგრამ მედეა ვარ, ჩახავა. ნუ იკადრებთ უკადრებელს, ბავშვებს ნუ შემიშინებთ-მეთქი. დამაკვირდნენ და ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს. როგორც კი ამომიცნეს, ეგრევე დაყარეს ყველაფერი და მხოლოდ ერთი ჩარჩო (რომელშიც სხვა ნახატი იდო) წაიღეს. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მიუხედავად გაჭირვებისა და გაუსაძლისი ცხოვრებისა, ხალხს კიდევ შერჩენოდა პატივისცემა და დიდსულოვნება ცნობილი ადამიანის მიმართ. გამიხარდა და გული ამიჩუყდა“.


 


„დედას ტრაბახი არ უყვარდა, მაგრამ ბოლოს ამბობდა ხოლმე, - აბა, მითხარით, ვინ დგას ან ვინ იდგა ჩემი ხნის სცენაზე? სულ იმას ევედრებოდა ღმერთს, ლოგინად ნუ ჩამაგდებ, ნუ დამაუძლურებო. უსმინა ღმერთმა... თვალებზე ცრემლი მაწვება, მაგრამ მაინც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არც წასულა“. - მაკა მახარაძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?