„ალვისგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი“... გია ფერაძე სცენის მიღმა

უცნობი ფოტოები

18 ივნისი 20:00, 2016 წელი

მსახიობი გია ფერაძე 1948 წლის 19 აპრილს, თბილისში დაიბადა. მამა - ბიძინა ფერაძე - ცნობილი პედაგოგი იყო, რომლის ლექსზე დაწერილი სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ დღემდე საქართველოს სავიზიტო ბარათია. დედა - თინა ჟორჟოლიანი - ცნობილი მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი გახლდათ. ფერაძეების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ დიდი არტისტები...


სწორედ ოჯახურმა გარემომ განაპირობა გია ფერაძის პროფესიული არჩევანი. მან 1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავისა და სოხუმის ქართულ თეატრებში, კინოსტუდია „ლენფილმში“ (1972-1974), ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.
გია ფერაძეს კინოსა და თეატრში ორმოცამდე როლი აქვს შესრულებული, მაგრამ სამი ძირითადი როლი („კავკასიური ცარცის წრე“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ და „არასერიოზული კაცი“) მსახიობისთვის საეტაპო აღმოჩნდა. დიმა ბათიაშვილის ფილმმა „არასერიოზულმა კაცმა“ უცხოეთში რამდენიმე კინოფესტივალის პრიზი მოიპოვა. მოსკოვში ფილმს ქართული კინოს შედევრი უწოდეს. ამბობენ, რომ ფედერიკო ფელინიმ ამ ფილმის ნახვისას იტირა.


გამორჩეული როლების გარდა, გია ფერაძემ ახლობლებს არაჩვეულებრივი იუმორითა და კურიოზული სიტუაციებითაც დაამახსოვრა თავი. ერთი ასეთი ამბავი მსახიობს თაბუკაშვილების ოჯახში გადახდა. ლაშა თაბუკაშვილი და გია ფერაძე ვერელები იყვნენ და მეგობრობდნენ. გიას ძალიან ჰყვარებია ლაშას მშობლები და ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს. ერთხელ, მორიგი სტუმრობისას, გია და ლაშა ხინკალს მიირთმევდნენ. ლაშა რამდენიმე წუთით სამზარეულოში გასულა. ამ დროს გიამ შენიშნა, რომ ხინკალს პილპილი აკლდა და მისი ძებნა დაიწყო. იქვე, ძველებური კაკლის ხისგან დამზადებულ კარადაზე რაღაც უცხო, თავდახურული ქილა შენიშნა. თავი მოხადა და შიგნით მუქი ფხვნილი აღმოაჩინა. ის-ის იყო ფხვნილი ხინკალზე უნდა მოეყარა, რომ ლაშა შემოვიდა და იყვირა: რას შვრები, ახლავე ადგილზე დადეო. როგორც გაირკვა, ეს იყო ცნობილი ქართველი მეცნიერის მიხეილ თამარაშვილის ფერფლი, რომელიც რეზო თაბუკაშვილმა ქართული მიწისთვის მისაბარებლად იტალიიდან ჩამოიტანა. მოგვიანებით, ლაშა თაბუკაშვილი იხსენებდა, რომ გიას მათ ოჯახში ეს ქილა მართლაც უნახავს და ეს ისტორიაც თავად მოუფიქრებია, რაზეც რეზო თაბუკაშვილი გაბრაზებულა: მაგ ონავარმა, თამარაშვილის მეტი სახუმარო ვერაფერი ნახაო?


1985 წლის 19 მარტს გია ფერაძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ერთი ვერსიით - შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით  - განზრახ, მსახიობმა კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით საკუთარი მეუღლე, 26 წლის ირინა მიქატაძე მოკლა. გია ფერაძეს ამ დანაშაულისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს, რომელიც ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხადა. ციხეში ყოფნის დროს, მსახიობი ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადდა. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. გია ფერაძე ციხიდან გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, 1993 წელს 20 დეკემბერს, მამის სიკვდილის დღეს გარდაიცვალა.
მსახიობს ოთხი სხვადასხვა ცოლისგან ოთხი შვილი დარჩა: სოფო, ბიძინა, მარიკა და უმცროსი გია ფერაძე, რომელიც რუსეთში დაიბადა, სამარის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია და გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას.  


 


კადრი ფილმიდან „ბატერფლაის დაბრუნება“ (1982)
„გია ძალზე ცელქი, მოუსვენარი, მაგრამ ნიჭიერი ბავშვი იყო, ლექსს ერთი წაკითხვით იზეპირებდა. მერვე კლასში იყო, როცა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა გადაიღო ფილმში „პაპა გიგია“. 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა გადაღებაზე და არტისტობის ვირუსი იქ შეეყარა. გიას გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმანაც, რომ ჩვენი მშობლები არტისტული ბუნების, იუმორის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები იყვნენ“, - იხსენებს გიას ძმა ილია ფერაძე.


 


„რამდენჯერ წვერი მოვუშვი, / შემემთხვა უბედურება, / პირველად მამა მომიკვდა/ თითქოს დამწყველა ბუნებამ. / მეორედ წვერი მოვუშვი, / ფილმში მიღებდნენ, მჭიროდა… / ცოლი ხელებში ჩამაკვდა, / მაღლით ბუნება ტიროდა. / თურმე მართალი ყოფილა, / თუ შეგიძულა ბუნებამ,/ვერა, ვერ დაემალები, / თან დაგდევს უბედურება“. გია ფერაძე.


 


კადრი ფილმიდან „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“
„გიამ არა მარტო „არასერიოზულ კაცში“, არამედ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაშიც“ საკუთარი მომავალი განასახიერა. როგორც ფილმის გმირს სცემდნენ და სტანჯავდნენ ციხეში, რეალურადაც ასე და ამაზე უარესიც დაემართა“. ილია ფერაძე


 


„გია დესტრუქციული კაცი იყო. თვითგანადგურების საოცარ მუხტს ატარებდა, არადა, მას ბუნებამ ისეთი ნიჭი მისცა, ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა – ლანგარზე დაწყობილი მიდიოდა მასთან. პრინციპში, მას ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ შინაგანი ტრაგიზმი და სევდა მუდამ თან სდევდა. ამას ყოველთვის ვგრძნობდი. მიუხედავად ყველაფრისა, გიას ცოლობას არც ერთი წამით არ ვნანობ და ტკბილ მოგონებად დამრჩა“. გია ფერაძის პირველი ცოლი ლალი კერესელიძე.


 


„გია „კავკასიურ ცარცის წრეში“ ორ როლს თამაშობდა - ერთი, უფრო ცნობილი იყო - იოსების როლი და კასრში ბანაობის სცენა იზა გიგოშვილთან ერთად. სცენა იწყებოდა ასე: გია წევს ტახტზე და ზეწარგადაფარებულს სძინავს. დედამისი, რომლის როლსაც ზინაიდა კვერენჩხილაძე თამაშობდა, აღვიძებს და მერე იწყება დიალოგი. გადააფარეს გიას ზეწარი და მართლა დაეძინა. ვეღარ აღვიძებენ, გინება და წიხლების ქნევა დაუწყია კვერენჩხილაძისთვის და მიზანსცენა ჩაიშალა. მერე, როგორც იქნა, აზრზე მოვიდა და როგორღაც ჩაათავა როლი. თეატრის ხელმძღვანელობამ დისციპლინის დარღვევა არ აპატია და თეატრიდან დაითხოვა, რაც ოჯახისთვის ტრაგედიად იქცა. გია გულწრფელად განიცდიდა თავის დანაშაულს და სმას მიეძალა. მოგვიანებით როლზე აღადგინეს“. - ილია ფერაძე.


 


კადრი ფილმიდან „მოიტაცეს თამარ ქალი“
გია ფერაძე, გია ავალიშვილი, ხათუნა კოტრიკაძე, დავით გიორგობიანი.




ედინბურგში
დიპლომატი, პედაგოგი, მუსიკოსი, ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი, მსახიობები გია ფერაძე, ლიკა ჭავჭავაძე, მედეა ჩახავა.


 


გია მეგობრებთან ერთად
„გია იუმორითა და პლასტიკით გამოირჩეოდა.  შესანიშნავად ცეკვავდა. ფილმ „ჩალის ქუდში“ ანდრეი მირონოვთან და ლუდმილა გურჩენკოსთან ერთად ცეკვავს. ფეხბურთს პროფესიონალივით თამაშობდა - რუსთაველის თეატრის საფეხბურთო გუნდის წევრი იყო. თავისი მეგობარი დათო ყიფიანი ეუბნებოდა: მოდი თბილისის „დინამოში“, ჩემზე მაგარი ფეხბურთელი დადგებიო, რაზეც გია პასუხობდა, სად მაქვს ამდენი ვარჯიშის თავიო“. ილია ფერაძე.


 


გია მეგობრებთან ერთად
„გიას უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა. „ზემელიდან“ რუსთაველის თეატრამდე მისვლას საათ-ნახევარს ვუნდებოდით: ყოველ ნაბიჯზე აჩერებდნენ, გია როგორ ხარ, აბა, ის ანეკდოტი მოგვიყევი, აბა, ეს გვითხარიო. ვბრაზდებოდი, შენ გვერდით აღარ გავივლი-მეთქი. მე სერიოზულ კაცს მეძახდა. ერთ ფილმს, რომელშიც გია მერაბ თავაძესთან ერთად მონაწილეობდა, კიევში იღებდნენ. გიას მერაბზე სამი დღით ადრე მოუწია ჩასვლა. ამ სამ დღეში გიამ მოახერხა და დოვჟენკოს კინოსტუდიის მსახიობი ქალები ორი ავტობუსით აეროპორტში წასვლაზე დაითანხმა, მისასალმებელი პლაკატებით ხელში: „უკრაინა მიესალმება სახელოვან მსახიობს“... და მერაბ თავაძეს დაახვედრა. მერაბი ჯერ გაოცდა, თუმცა, როგორც კი გია დაინახა, ყველაფერს მიხვდა“. ილია ფერაძე.


 


„არასერიოზული კაცი“  ჩვენი ოჯახის მეგობრის დიმა ბათიაშვილისა და სცენარისტ ერლომ ახვლედიანის თანამშრომლობის ნაყოფია. სცენარი საგანგებოდ გიასთვის დაიწერა. დიმა ამბობდა, ორ დუბლზე მეტი არ დამჭირვებია, გია ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებს რეჟისორის მითითებებსო. ამავე ფილმში დედაჩემიც თამაშობს, რომელსაც გია კატას მიჰყიდის. ვფიქრობ, ეს ფილმი მე-20 საუკუნის ქალაქური ურთიერთობების ანთოლოგიაა. ფილმში ბევრი იმპროვიზაციაა, ხოლო მის სავიზიტო ბარათად იქცა ფრაზა - „სულ კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონებო!“ ილია ფერაძე.


 


გია ფერაძე უმცროსი
„აქამდე ისე ვიცხოვრე, რომ არ ვიცოდი, საიდან მაქვს ქალისადმი ასეთი პატივისცემა, სუფრასთან მოქცევის ასეთი განსხვავებული მანერა - რატომღაც, ყველას მე რომ ვემსახურები და ვუსხამ სასმელს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს გენეტიკაა, ყველაზე ძლიერი რამ. აეროპორტის კარი რომ გაიღო და ჰაერი ჩავისუნთქე, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე დამიწყო ჭიანჭველებმა სირბილი... ხარბად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, ეს რა ჰაერია-მეთქი, გავოგნდი. უცებ მივხვდი, რომ ეს ჩემი ჰაერია, ჩემი ქვეყანაა! კავშირი შედგა, სრულყოფილების შეგრძნება დამეუფლა. საქართველო ჟრუანტელისა და ბედნიერების ცრემლების ქვეყანაა“. გია ფერაძე უმცროსი.



 


„ერთხელ გიამ ბავშვობის მეგობრის, თამაზ ანდღულაძის ბაბუის პანაშვიდზე ჩვეული „ნომერი“ ჩაატარა. ანდღულაძეები ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ვახტანგ ხუციძის („წოპეს“) კარის მეზობლები იყვნენ. გია, მეგობრებთან ერთად, ქუჩაში იდგა, როცა ერევნიდან საოპერაციოდ ჩამოსულმა სამმა გრძელცხვირა ქალბატონმა პროფესორი იკითხა. გიამ მათ სერიოზული სახით პანაშვიდის რიგისკენ მიუთითა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ხუთი წუთის შემდეგ!“ ილია ფერაძე.


 


გია ფერაძის ძმა ილია ფერაძე და შვილი, უმცროსი გია ფერაძე


 


კადრი ფილმიდან „მე გამომძიებელი“ (1971)


 


კადრი ფილმიდან „ჩალის ქუდი“ (1974)


 


კადრი ფილმიდან „შავი ზღვის პირას“ (1975)
„ვიცი, აღარ დაბრუნდება, ძველი დრო და მომენტი, / „რატომ აცდენ, რატომა სვამ!“ ვეღარ მეტყვის რ ო ბ ე რ ტ ი. / ალბათ უკვე ჩაესვენა, ჩემი ფერთა მოლბერტი, / ხომ მოგცილდათ თეატრიდან / ამ ცხოვრების ხ ო რ ც მ ე ტ ი“. გია ფერაძე.


 


კადრი ფილმიდან „შესვენება“ 
„გია დიდი სიყვარულით სავსე, უბოროტო და ნიჭიერი ადამიანი იყო და დასანანია, რომ მარტო 36 წელი იცხოვრა. დანარჩენ 8-10 წელს ცხოვრებას ვერ დავარქმევ... ეს ტანჯვა იყო“. ილია ფერაძე.


 


„გია ახლობლობდა ანდრეი მირონოვთან, ალექსანდრე აბდულოვთან,
შირვ­ინდტთან, კარაჩენცოვთან და მათთან შინაურულად გრძნობდა თავს. აბდულოვის ქალიშვილი მონათლა, მოსკოვის ქუ­ჩებში მირონოვის „მერსედესით“ დადიოდა, თუმცა, უცერემონიო კაცი არ ყოფილა. როცა გიას ყველაზე მეტად გაუჭირდა, რუსმა მსახიობებმა დახმარების ხელი გაუწოდეს - ვლადიმირში ჯერ მირონოვი წამყვა, შემდეგ აბდულოვი. აბდულოვი საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის მოადგილესთანაც შემყვა“. - ილია ფერაძე.


 


„ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი. / ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან. / ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის, / მაგრამ რაღა დროსია... კომედია დასრულდა!“ - გია ფერაძე.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?