„გვერდიდან იოლი ჩანს მსახიობის ცხოვრება...“ - მარინა თბილელი კადრსმიღმა

უცნობი ფოტოები

30 ივლისი 20:00, 2016 წელი

საქართველოს სახალხო არტისტი მარინა სტანისლავის ასული დამბროვსკაია 1920 წლის 25 ოქტომბერს, თელავში დაიბადა. „ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე... მინდოდა, ყველაფერი კარგად და მომხიბვლელად გამომსვლოდა და როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომაც ამბობდნენ ჩემზე, ლამაზიაო...“ - ამბობდა მოგვიანებით მარინა თბილელი საკუთარ თავზე.

საშუალო სკოლის ოთხი კლასი თელავში დაამთავრა, მერე კი მისი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მარინას დედა ალექსანდრა ბასინჯაგოვა ლამაზი, თანაც მდიდარი ქალი იყო. მისი პირველი მეუღლე თბილისელი პოლონელი, გვარად დამბროვსკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შვილები ჰყავდა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრას ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა. ქალმა საბოლოოდ არჩევანი სომეხ ექიმზე კარაპეტიანზე შეაჩერა. მარინას დედას მომავალი მსახიობი მეორე ქორწინებიდან შეეძინა, თუმცა უფროსი და-ძმის მსგავსად, ისიც დამბროვსკაიას გვარს ატარებდა. თბილისში გადმოსვლიდან ცოტა ხანში, მარინას მამა ტვინის ანთებით გარდაიცვალა. გოგონა ამ დროს, 6-7 წლის იყო.  შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, მარინამ პედაგოგიურ ტექნიკუმში ჩააბარა, მაგრამ ბედი სხვა მომავალს უმზადებდა...

მარინას სამსახიობო ცხოვრება ერთმა შემთხვევამ განაპირობა: გოგონა ქუჩაში დაინახა ახლად გახსნილი სამსახიობო სასწავლებლის დამაარსებელმა სამსონ სულაკაურმა და კინოსტუდიაში მიიწვია.
15-16 წლის მშვენიერი, ტანადი გოგონა იდგა ჩემ წინ, ბავშვური, უმანკო, ლამაზი სახით, ანთებული ცეცხლოვანი თვალებით, შესანიშნავი ტუჩებით და ბროლივით თეთრი კბილებით. ინსტინქტით მივხვდი, რომ ნამდვილად კინომსახიობი აღმოვაჩინე“, - მოგვიანებით იხსენებდა სულაკაური. მალე მარინა სამსახიობო სკოლა-სტუდიაში ჩაირიცხა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტს შეუერთდა და გოგონამაც იქ განაგრძო სწავლა.
1940 წელს ინსტიტუტი დაამთავრა და რუსთაველის თეატრში ჩაირიცხა, სადაც მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. ნიჭიერმა და მომხიბვლელმა მსახიობმა მალე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. თავდაპირველად იგი რუსთაველის თეატრში მუშაობდა, მერე სოხუმის თეატრში გადავიდა... 
ბევრმა არ იცის, რომ „თბილელი“ ცნობილი მსახიობის სცენური გვარია, რომლითაც სწორედ აკაკი ვასაძემ აკურთხა ქართულ სცენაზე. მოგვიანებით, მარინა აკაკის ვაჟს, გოგის გაჰყვა ცოლად. ვაჟის შეძენიდან, რომელსაც ბაბუას სახელი დაარქვეს, მოკლე დროში, მსახიობი ვასაძეების ოჯახიდან წამოვიდა და ვორონცოვზე, დედის ერთოთახიან ბინაში დაბრუნდა, თუმცა მამამთილსა და მფარველს აკაკი ვასაძეს ცხოვრების ბოლომდე ემადლიერებოდა…
რუსთაველის თეატრის შემდეგ, მარინა თბილელმა ორი წელი სოხუმის თეატრში იმუშავა. სწორედ იმ პერიოდში, ოსტროვსკის „უმზითვოში“ ლარისას როლის შესრულებისთვის, საკავშირო პრემია მიიღო.
1946 წელს თბილისში დაბრუნდა, მაგრამ არა საოცნებო რუსთაველის, არამედ მარჯანიშვილის თეატრში.
1957 წელს მარინა თბილელმა ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე აკაკი დვალიშვილზე იქორწინა.1960 წელს შეეძინათ ქალიშვილი, დღეს უკვე ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში არასოდეს აკლდა როლები, გული ყოველთვის რუსთაველის თეატრისკენ მიუწევდა. საოცნებო სცენაზე, რომელიც 24 წლისამ დატოვა, 54 წლის ასაკში რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრით“ დაბრუნდა. როცა რუსთაველის თეატრის სცენაზე ფეხი დადგა, დაიხარა და სცენას ეამბორა. რუსთაველის თეატრში ის სტურუას არტისტად იქცა. ლეგენდარულ „კავკასიურ ცარცის წრეს“, „რიჩარდ მესამე“ და იორკის მთავრის მეუღლის როლი მოჰყვა... 
რაც შეეხება კინოროლებს, მას ხშირად იწვევდნენ გადასაღებ მოედანზე, თუმცა მისი მეუღლე, აკაკი დვალიშვილი აღნიშნავდა, რომ მარინას კინოში მხოლოდ ლამაზი და მედიდური ქალების როლებს აძლევდნენ, არადა მას მშვენივრად შეეძლო როგორც კომიკური, ისე ტრაგიკული სახის შექმნა. 


მარინა თბილელმა სიცოცხლის ბოლო 12 წელი იავადმყოფა. ამ პერიოდში თითქმის აღარ გასულა სცენაზე.
მარინა თბილელი 2002 წელს გარდაიცვალა.




„მარინა მართლაც რომ თბილი მსახიობია, მან გაამართლა ჩემ მიერ მიცემული ფსევდონიმი – თბილელი. თეატრალური ინსტიტუტიდან დამბროვსკაიას გვარით მოვიდა ქართულ თეატრში და გადავწყვიტე, ქართულად მომენათლა. ასე მგონია, შესაფერად მოვნათლე თბილელად. მიხარია, რომ მარინას სამსახიობო პროფესიული კულტურის გამოჭედვაში მეც მიმიძღვის წვლილი. ხოლო ჩემი გვარისა და სახელის გამგრძელებელი, აკაკი ვასაძე-უმცროსი რომ „მაჩუქა“, ამისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის“. აკაკი ვასაძე.


 


„გვერდიდან იოლი ჩანს მსახიობის ცხოვრება, მაგრამ ასე არ არის. ბევრჯერ სტკენია გული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს თამაშობდა. დიდხანს მიაჩნდათ, რომ გარეგნობა ხელს უშლიდა, რადგან, ძალაუნებურად, სულ ლამაზი ქალების როლებს აძლევდნენ. საერთოდ, დედა უთქმელი, მაგრამ მიზანსწრაფული ადამიანი იყო. ბოლომდე რომ გაგეშვათ, ალბათ, მთებს გადადგამდა“. ბაია დვალიშვილი.


 


მარინა თბილელი - თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი


 


დოდო ჭიჭინაძე და მარინე თბილელი, უცნობ მამაკაცთან ერთად


 


შვილთან, ბაია დვალიშვილთან ერთად
„დედა ცოცხალი აღარ არის და ახლა უფრო ვხვდები, როგორ უყვარდა იგი მაყურებელს. ხშირად კომპლიმენტის სახით მეუბნებიან, რომ დედაჩემს ვგავარ, იხსენებენ, როგორც არაჩვეულებრივ მსახიობს, ლამაზ ქალს, საინტერესო ადამიანს და ამით ბედნიერი ვარ. როგორც ჩანს, მან იმდენი რამ დატოვა ამქვეყნად, რომ დღემდე უყვართ და აფასებენ ასე ძალიან“. ბაია დვალიშვილი.


 


„ბებია ყველასთვის“ (1986) 
„ხომ არიან მსახიობები, რომელთაც რაღაცებზე სწყდებათ გული, აქვთ განუხორციელებელი ოცნებები... მარინას მსგავსი ნოსტალგია და გულისწყვეტები არასდროს ჰქონია. მიაჩნდა, რომ ბედნიერი მსახიობი ქალი იყო ქართულ თეატრში. ბედნიერი იყო, რომ ჰქონდა საყვარელი საქმე, ჰყავდა შესანიშნავი შვილები და ასე შემდეგ... მაგრამ ძალიან დაიჩაგრა, როდესაც უკვე ასაკოვან ქალს გარდაეცვალა ვაჟიშვილი აკაკი ვასაძე, რომელიც პირველი მეუღლისგან ჰყავდა. დედა-შვილს საოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ, უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი“. აკაკი დვალიშვილი.


 


„ომის შემდგომ წლებში, ყველას და განსაკუთრებით, ახალგაზრდა მსახიობებს გვიჭირდა. ბევრჯერ მშივრებს გვიხდებოდა სცენაზე თამაში. წარმოდგენის შემდეგ ხშირად ფეხით დავდგომივარ გზას შინისაკენ და შურით გამიყოლებია თვალი ტრამვაისთვის. მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულითა და სიყვარულით მივისწრაფვოდი თეატრში“. მარინა თბილელი.


 


„Как дома, как дела?“ (1987)  
„სახლში ძალზე აქტიური, მომთხოვნი, პრინციპული და ამავე დროს ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე იყო. არც მე, არც ჩემს ძმას და არც მამას არასოდეს მოგვკლებია მისი ყურადღება. არ მახსოვს, მას რამე დაზარებოდეს. მიუხედავად ამისა, დედა იყო სცენისთვის გაჩენილი ქალი. ამიტომ ძალიან ჰარმონიულად ვიზრდებოდი – მყავდა არაჩვეულებრივი დედა, რომელიც იყო ასევე არაჩვეულებრივი, კარგი მსახიობი. და მე ვუყურებდი, როგორ შეიძლება შეუთავსო ასე იოლად ეს ორი რამ – ოჯახი და საკუთარი პროფესია!“ ბაია დვალიშვილი.


 


მარინა თბილელის მეუღლე აკაკი დვალიშვილი - რეჟისორი, კინემატოგრაფიის თავმჯდომარე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 
„თუ შეიძლება ითქვას, რომ დედას ყველაზე მეტად რაღაცაში გაუმართლა, ეს იყო მამაჩემთან ერთად შექმნილი ოჯახი. პირადად მე, ასეთი კაცები და მეუღლეები ჯერ არსად შემხვედრია. აქ არ არის საუბარი მის ბუნებასა და განათლებაზე. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ლამაზი და წარმატებული ქალის ქმრობა ადვილი სულაც არ არის, მამა კი ყველაფერს გაგებით ეკიდებოდა“. ბაია დვალიშვილი.


 


„დედამ ძალიან გვიან გამაჩინა – 40 წელს იყო გადაცილებული. საერთოდ, არ ეგონა, თუ ამ ასაკში შვილი ეყოლებოდა, მაგრამ ასე მოხდა. სამაგიეროდ, 17 წლის იყო, როცა ჩემი ძმა დაიბადა. ძალიან კარგი ლიტერატორი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მწერალი გახლდათ. დედა მისი გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე გარდაიცვალა“. ბაია დვალიშვილი.


 


 


 „დედამ ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარა და სულ ამას ამბობდა, – ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარო. იშვიათია, რომ არ გაბოროტდე და არ თქვა: ეს ახალგაზრდები რას ჰგვანან, ჩვენ უკეთესები ვიყავითო. ეს კი ნიშნავს, რომ სიბერეს ვერ ეგუები, სწორად არ ბერდები, არ მიჰყვები ცხოვრებას ფეხდაფეხ. არ უყვარდა საკუთარი თავის ეკრანზე ყურება და ეს მეც გადმომდო. ამ ქვეყნიდან მძიმედ წავიდა. კომაში იყო. გვთხოვა, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, თეატრიდან კი არა, სახლიდან გაგვესვენებინა“. ბაია დვალიშვილი.


 


„სპექტაკლის წინ, როცა გრიმს ვიკეთებ, ზოგჯერ მგონია, რომ სარკიდან დედა მიყურებს. რაღაცით უკვე გარეგნულადაც ვამსგავსებ ჩემს თავს და ხანდახან დამიჭერია, რომ ხმის ტონიც მიგავს, სცენაზე რაღაც ჟესტსაც მისებურად ვაკეთებ და ასე შემდეგ… ერთხელ დედას ნივთებში რაღაც ანკეტას წავაწყდი, ეკითხებიან, – რისი გეშინიათო? სიბერის და სცენის მიტოვებისო, – პასუხობს… თქვენი ცხოვრების გაგრძელებას რაში ხედავთო? – ჩემი ცხოვრების გაგრძელებას ჩემს შვილში ვხედავ, ის განაგრძობს ჩემს ცხოვრებასო... მინდა, რაღაცნაირად ავუხდინო ეს ოცნება, ღირსეულად გავაგრძელო მისი გზა სცენაზე…“ ბაია დვალიშვილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?