„რას იზამ?! ასეთი ყოფილა ცხოვრება!“ - თენგიზ არჩვაძე კადრში და კადრსმიღმა

უცნობი ფოტოები

29 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი

რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე მასზე ამბობდა: ზოგადქართული პიროვნებაა… ასეთი ჰარმონიული კაცი იშვიათად შემხვედრიაო. მსახიობთა ამქარში ისიც იშვიათობაა, რომ გმირის პიროვნული თვისებების გამო, მსახიობს როლსა და სოლიდურ ანაზღაურებაზე ეთქვას უარი.

საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს, თბილისში დაიბადა.
თავად მსახიობი თავის ავტობიოგრაფიას ასე აღწერს: სწავლა დავიწყე თბილისის მე-19 საშუალო  სკოლაში, შემდეგ კი ვაჟთა მე-20 სკოლაში ვსწავლობდი.
1951 წელს ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც 1955-ში დავამთავრე.1955 წელს დავოჯახდი. 1967 წელს მომენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1956-67 წლებში ვმუშაობდი მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, 1967-72 წლებში კი - რუსთავის თეატრში. 1972 წელს კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დავუბრუნდი“.


როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, პატარა თენგიზი მსახიობის პროფესიამდე ხატვის სიყვარულმა მიიყვანა. მისი ოჯახის არც ერთ წევრს თეატრთან პროფესიული შეხება არ ჰქონია და არც თავად ფიქრობდა მსახიობობას.
როგორც იხსენებს, წყნარი, მეოცნებე და გულჩათხრობილი ბავშვი იყო, რომელსაც ხატვა ყველაფერს ერჩივნა: „ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელში, სადაც მომიწევდა - ყველგან და ყველაფერზე. ხატვის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ავიკიდებდი მოლბერტს და ვხატავდი წყნეთის, უძოს, კოჯრის პეიზაჟებს“. 


40-50-იან წლებში თბილისის პიონერთა სასახლე თავისი წრეებითა და პროფესიონალი მასწავლებლებით იყო ცნობილი. თენგიზ არჩვაძე მეგობართან, გურამ მაცხონაშვილთან ერთად, პიონერთა სასახლეში, ხატვის წრეზე მივიდა. იქვე დრამწრეც იყო და პატარა მხატვრებმა სამსახიობო ხელოვნების დაუფლებაშიც მოსინჯეს ძალები.
„ჩემთან ერთად პიონერთა სასახლის დრამწრეში ფეხი აიდგეს ზინა კვერენჩხილაძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა. რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე კი იქ დაგვხვდნენ“, - იხსენებს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. პიონერთა სასახლის დრამწრის წყალობით, თენგიზ არჩვაძემ მხატვრობას მსახიობობა არჩია და თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩაირიცხა. 
კინოში პირველი ეპიზოდური სიკო დოლიძის „ფატიმაში“ ერგო. პირველი მთავარი როლი კი „კეთილ ადამიანებში“ განასახიერა.
მიუხედავად იმისა, რომ თეატრსა და კინოში ასზე მეტი როლი განასახიერა, ხატვის სიყვარული ბოლომდე არ განელებია. დღემდე მშვენივრად ხატავს, კარგად ერკვევა ისტორიასა და ლიტერატურაში და არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს: „ხატვისთვის თავი არასოდეს დამინებებია, ახლაც მიყვარს, მაგრამ ერთხელ, სამწუხაროდ, ცუდ ხასიათზე მყოფმა, ყველა ჩემი ნახატი დავწვი... ისევე, როგორც გოგოლმა „მკვდარი სულების“ შემდგომი ნაწილები“, - აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.
თენგიზ არჩვაძის გმირები მსახიობის მსგავსად, ვაჟკაცური ბუნების, სიტყვაძუნწი ადამიანები არიან, რომლებიც ამაღლებულ იდეალებს ემსახურებიან და ქვენა გრძნობები ნაკლებად აწუხებთ: კონსტანტინე არსაკიძე, ალუდა ქეთელაური, მეფე ალექსანდრე, ერეკლე მეორე, იმედა ზვიადაური და მრავალი სხვა.


„იგი ჟან გაბენს გვაგონებს, ძუნწი გამომსახველი ხერხებით ძერწავს სახეს, ვერც იტყვი, თამაშობსო, ეს გარეგნულად, თორემ სინამდვილეში მის სულში ისე ჩასახლდება პერსონაჟი, რომ ზღვარი იშლება მსახიობსა და გმირს შორის,“ - ასე აფასებენ თენგიზ არჩვაძის შემოქმედებას კინოკრიტიკოსები. 1979 წელს თენგიზ არჩვაძეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1981 წელს - სახელმწიფო პრემია,1985 წელს - რუსთაველის პრემია. 


 


 


„თენგიზ არჩვაძე ჰოლივუდის მსახიობი რომ ყოფილიყო, მისი ჰონორარი ნახევარ საქართველოს შეინახავდა“. კარლ ლინეკი.


 


„თენგიზ არჩვაძე თხემით ტერფამდე ქართველი, ამავე დროს, ევროპული ტიპის ინტელიგენტის განსახიერებაა. მისი ბუნებისთვის უცხოა ყოველივე მოჩვენებითი, გარეგნული ეფექტები. სცენაზეც და ცხოვრებაშიც უტყუარია, არავის არასოდეს ბაძავს, არაფერს „თამაშობს“. მის არსებაში საოცარი ჰარმონიულობით თავსდება ეროვნული ბუნება და ორგანული ევროპულობა. თეატრმცოდნე ნადია შალუტაშვილი.


 


ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლალი ბადურაშვილი, თენგიზ არჩვაძე, კონსტანტინე გამსახურდია
„დიდოსტატის მარჯვენას“ გადაღებების შემდეგ




ზურაბ ქაფიანიძე, თენგიზ არჩვაძე და თამაზ ჯაში
„როდესაც თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს, არ უყვარს, თუ ვინმე ლაპარაკობს. ჰოდა, ყოველთვის გასაოცარი სიჩუმეა ხოლმე. ერთხელაც, რაჭაში ვართ... ქეიფსა და ერთმანეთის სიყვარულობაში ალიონიც წამოგვეპარა. თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს და ამ დროს მამალმა არ დაიყივლა! თენგიზი გაჩერდა... მამალიც გაჩერდა... თენგიზმა განაგრძო სადღეგრძელო და, ბიჭოს, მამალმა ისევ დაიყივლა. თენგიზი ისევ გაჩერდა, მაგრამ მესამედაც იგივე რომ განმეორდა, გაგულისებული წამოდგა და ხის ტოტი შეარხია. მამალი ტოტიდან კი აფრინდა, მაგრამ თენგიზს შემოაჯდა მხარზე და ამჯერად ყურთან დაჰყივლა. იმ მამალს „თენგიზის მამალი“ დავარქვით. ვინც მაშინ რაჭაში ამ დიდი მსახიობის ნახვა ვერ მოასწრო, მამლის სანახავად მოდიოდა ხოლმე“. ზურაბ ქაფიანიძე.


 


დიმიტრი ყიფიანი  და თენგიზ არჩვაძე
„დრამწრე იყო იმის მიზეზი, რომ მეცხრეკლასელი სკოლიდან ქუჩაში გამიძახეს. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს გატაცებას არასერიოზულად უყურებდნენ და გაკვეთილებს რომ ვაცდენდი, გამოუსწორებელ ყალთაბანდად მთვლიდნენ. მერე, იცოცხლეთ, მსახიობის გზას რომ სერიოზულად გავყევი, ვინ იცის, რამდენი სპექტაკლის შემდეგ დამხვედრია თეატრის გამოსასვლელთან ჩემი სკოლის დირექტორი, თვალცრემლიანი და გახარებული“. თენგიზ არჩვაძე.


 


„მჯერა, რომ დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. პოპულიზმი, ნარცისიზმი უცხოური სიტყვებია, ქართულად ამას ამპარტავნობა ესადაგება. ამპარტავნობაა ის, რასაც მოსდევს სიყალბე და დილეტანტიზმი! რას მოვესწარი - მდაბიონი ამაღლდნენ, აღმატებულნი დაეცნენ, უზრდელი გაძღა, ზრდილობიანი დაიმშა, უმეცარნი ხელმწიფობენ და ბრიყვნი თამადობენ. პოპულარობა გარდამავალია, სახელი კი - ნაღდი. როცა აღარ ხარ და შენს „დაუხმარებლად“ იზრდება შენი სახელი - აი, ამას ვცემ პატივს და კიდევ პროფესიონალიზმს ვეპყრობი პატივით: კირითხუროს, დურგალს, მეწაღეს, მწერალს, მსახიობს... ნაღდის სახელის მაძიებელ ყველა კაი ყმას!“ თენგიზ არჩვაძე.


 


სოფიკო ჭიაურელი, თენგიზ არჩვაძე, დოდო აბაშიძე და რევაზ ლაღიძე კოლეგებთან ერთად. 
„როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო - არასოდეს... თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია“. თენგიზ არჩვაძე.


 


ზურა ქაფიანიძე, აკაკი (ხუტა) ხერგიანი, თემურ კალანდაძე, ავთანდილ ყურაშვილი, ვახტანგ ალავიძე, თენგიზ არჩვაძე და თამაზ ჯაში
„თენგიზ არჩვაძის სული და სხეული გაჟღენთილია პოეზიით, განსაკუთრებით უყვარს ხალხური პოეზია, რომლის ნიმუშებსაც ასე საუცხოოდ წარმოაჩენს ხოლმე, იგი ზოგადქართული პიროვნებაა, ასეთი ჰარმონიული კაცი იშვიათად შემხვედრია“. გიგა ლორთქიფანიძე.


 


„დიდი ბედნიერებაა – დადიოდე ქვეყნად ჩუმად, უხმაუროდ და შენდაუნებურად უყვედრებელ, უანგარო, წინასწარ მოუფიქრებელ სიკეთეს აფრქვევდე. ასეთია თენგიზი. მის ღიმილს განზომილება არ აქვს — უკიდეგანოა და ხალასი. მისი ხელის ჩამორთმევა ადამიანური სითბოს გადმომდებია. მის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო საოცარი პოეტური ოდაა“. ჯემალ მონიავა.


 


„უარყოფითი გმირიც კი გამოკვეთილი, სრულყოფილი უნდა იყოს და ესთეტური ჩარჩოებიდან მთლად ამოვარდნილი არ უნდა ჩანდეს. მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომელთა ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს. არც თავხედობა მომწონს სცენიდან თუ ეკრანიდან, არადა ახლა ამას რატომღაც დიდი მაზანდა აქვს.“ თენგიზ არჩვაძე


 


„ბევრ რამეზე მწყდება გული. რის გაკეთებაც მსურდა, მისთვის რატომღაც არც დრო მყოფნიდა და არც პირობები. ხელოვნებაში ყველაზე მეტად საკუთარი პიროვნებაა გადამწყვეტი. ყველაფერს ობიექტურ მიზეზებს ვერ დააბრალებ. სუბიექტურმა ფაქტორებმა, საკუთარმა თავმა უფრო მეტად შემიშალა ხელი. რას იზამ?! ასეთი ყოფილა ცხოვრება!“ თენგიზ არჩვაძე. 


 


მუშნი ზარანდია, კ/ფ „დათა თუთაშხია“
„ხშირად უკითხავთ ჩემთვის, მუშნი ზარანდიას უარყოფითი სახის შესრულება როგორ შესთავაზეთო. იყო მოსაზრება, არჩვაძეს დათა თუთაშხია ეთამაშა. მაგრამ ეს სრულიად გამიზნულად გავაკეთე. მინდოდა დამეპირისპირებინა ორი ღირსეული მეტოქე, მუშნი და დათა - არჩვაძე და მეღვინეთუხუცესი. არც დათაა იდეალური პიროვნება, ხოლო ზარანდიას თავისი პოზიცია აქვს, შესაძლოა, ის რამეში ცდება, მაგრამ კანონის კაცია, გულწრფელად სჯერა თავისი შეხედულებებისა, ერთგულად ემსახურება ქვეყანას და ხელისუფლებას. სწორედ ამ ორი ღირსეული ადამიანის შერკინებამ გახადა ფილმი საინტერესო. სხვაგვარად იგი შეიძლება, პრიმიტიული გამოსულიყო.“ - გიგა ლორთქიფანიძე.


 


კ/ფ „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“


 


„მთა ჩემი წარმოუდგენელი სიყვარულია. ზღვარი არა აქვს ამ სიყვარულს, უასაკო ვარ ცხენთან და მთასთან. სტუდენტობისას ფარიკაობაზე დავდიოდი და ვარჯიშის დროს სასიკვდილო ჭრილობა მივიღე. თითქმის მთელი წელი ლოგინს მიჯაჭვულმა გავატარე. სიცოცხლის შენარჩუნებას ექიმსა და ძველ სპორტსმენს, გამოჩენილ ტანმოვარჯიშე ქალს იულია ფარეშაშვილს უნდა ვუმადლოდე. აღარავინ ფიქრობდა, რომ ხელში კვლავ ავიღებდი დაშნას, მაგრამ მე ფარიკაობისთვის თავი არ დამინებებია“. თენგიზ არჩვაძე.


 


კ/ფ „ღმერთო ჩემო, რისი გულისთვის“
„მამა ყოველ დილას ადრე დგება და ჩუმად მიდის საყიდლებზე. არასოდეს არაფერს ვავალებთ, თვითონ იცის, რა გვჭირდება, რა უნდა მოიტანოს. ოღონდ მთელ ფულს ხარჯავს, რაც აქვს. ზოგჯერ მეორე დღისთვის ხუთი თეთრიც აღარ რჩება. თუ ფული აქვს, შეუძლია, დღეში რამდენჯერმე ჩავიდეს მაღაზიაში და შვილიშვილებს ის უყიდოს, რაც მათ უყვართ“. ნათია არჩვაძე.


 


თენგიზ არჩვაძე, ქეთევან კიკნაძე
„ქალის იდეალად ოთარაანთ ქვრივის სახე დარჩა ჩემთვის. მას ძალიან ჰგავდა ბებიაჩემი ნატო, რომელიც ოცდაშვიდი წლის ასაკში დაქვრივდა და ხუთი შვილი გაზარდა ღირსეულად. ამიტომ დავარქვი ჩემს უფროს ქალიშვილს მისი სახელი.
ქალის იდეალს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკური გარეგნობა არ აყალიბებს. დიახ, ქალი მშვენიერი უნდა იყოს, მაგრამ უფრო მეტად თავის ღირსებას უნდა სცეს პატივი, ოჯახის ერთგული უნდა იყოს, ბურჯი უნდა იყოს ოჯახისაც და, აქედან გამომდინარე, ერისაც“. თენგიზ არჩვაძე.
 


 


„შეხვედრა მთაში“
„თენგიზი უსაყვარლესი მსახიობი და პიროვნებაა, რაც ასე იშვიათია ხელოვნებაში. როდესაც ვიღებდით ფილმს „შეხვედრა მთაში“, მახსოვს, კოლია სანიშვილმა მითხრა, ხევსურული კილო შეისწავლეო. არადა, მთის ქალებს ლაპარაკი არ უყვართ. ერთი მშვენიერი ხევსური ქალი, სახელად სამძივარისა შევარჩიე, დავდევ და ველაპარაკები, ის კიდევ ყველაფერზე „ჰოს“ ან „არას“ გაიძახის. სიყვარულზე დაელაპარაკე, მგონი, თენგიზი უყვარსო - გამოსავალი მასწავლა რეჟისორმა. გამოგიტყდებით და, არამარტო მას, თითქმის ყველა ქალს, მათ შორის მეც მიყვარდა თენგიზი“. ლეილა აბაშიძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?