თანაცხოვრების პირველ დღეებში არსებული მაღალი მოლოდინები, როგორც წესი, ყოველდღიურობაში ბანალური პრობლემებით ფერმკრთალდება. მართალია, პრობლემების წინაშე კაცები უფრო ადვილად იბნევიან, მაგრამ ქალებიც არანაკლებ შეცდომებს უშვებენ... და თქვენი სიყვარულის ნავი ნელ-ნელა იწყებს ჩაძირვას.
ამიტომ გირჩევთ, ეს შეცდომები გაითვალისწინოთ და რჩევები მიიღოთ:
1. რატომ გადადიხართ ერთად საცხოვრებლად, აუცილებელია ეს თქვენთვის?
ეს არის პირველი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. მოძებნეთ დრო, რათა გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები განიხილოთ. რისი მიღწევა გსურთ, რისკენ მიილტვით? და ყველაზე მნიშვნელოვანი - ღირს თუ არა ამაზე თქვენი დროის რეალურად დაკარგვა? იყავით გულწრფელი თქვენ თავთან მაინც.
2. სისუფთავე და წესრიგი
გახსოვდეთ, რომ წესრიგისა და სისუფთავის დაცვა ორივე პარტნიორის მოვალეობაა. ნუ აქცევთ თქვენს საყვარელ ქალს მოახლედ. გაინაწილეთ მოვალეობები.
3. თანაცხოვრების მთავარი წესები
შეადგინეთ თანაცხოვრების მთავარი წესები. ეს ყველაფერი ტრივიალური და უსარგებლო გეჩვენებათ? დაგვერწმუნეთ, ეს ნაბიჯი მომავალში ბევრი იმედგაცრუებისგან გიხსნით.
4. დრო პარტნიორისთვის
თანაცხოვრების დასაწყისი ხშირად დიდი გამოცდაა. გეჩვენებათ, რომ ერთად ისედაც დიდ დროს ატარებთ, ბოლოს და ბოლოს - საწოლი ხომ ერთი გაქვთ?! მაგრამ გახსოვდეთ - ასეთი მიდგომა ურთიერთობის ნგრევის წინაპირობაა. განაგრძეთ ისე, როგორც ადრე: ერთად ისეირნეთ - ასე ვთქვათ, იარეთ პაემნებზე, მოიფიქრეთ საერთო საქმე და, კაცებო, ნუ იქნებით ეგოისტები.
5. საერთო მეგობრები
პირველი რამდენიმე თვე ნუ აქცევთ თქვენს ახალ სახლს საერთო მეგობრების შეხვედრის ადგილად. ვიდრე სიტუაციას ახალი ადამიანებით აურევთ, გირჩევთ, ჯერ თავად შეიგრძნოთ რეალურად, რას ნიშნავს ვიღაცასთან ერთად ცხოვრება.
6. ეშმაკი დეტალებში იმალება
იყავით გულწრფელი. პირველი რამდენიმე თვე მისი ჩვევა, როცა სველ პირსახოცს აბაზანის იატაკზე ტოვებს, შეიძლება საყვარლობად მოგეჩვენოთ, შემდეგ კი ჭკუიდან გადაგიყვანოთ. ერთად განიხილეთ ერთმანეთის ჩვევები, რომლებიც გაღიზიანებთ. კომპრომისის პოვნა და სერიოზული ჩხუბის თავიდან აცილება ყოველთვის შესაძლებელია.
7. შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა
თქვენ სრულფასოვანი პიროვნებები ხართ. სიყვარული და საერთო სახლი არ უნდა გახდეს თქვენი ინკუბატორი. ერთმანეთზე მზრუნველობა არ უნდა იქცეს თქვენი თვითრეალიზაციის დასასრულად.
8. ფულის საკითხი
პაემნებზე შეხვედრები და ერთად ცხოვრება ორი სრულიად განსხვავებული რამაა. თანაცხოვრება სერიოზულ ხარჯს გულისხმობს, მათ შორის, გაუთვალისწინებელსაც. ფულზე რომ არ იფიქროთ - სისულელეა. თავიდანვე შეთანხმდით ხარჯების განაწილებაზე და ორივემ დაზოგეთ ნერვები.
9. ისწავლეთ პატიება
შეცდომებს ორივე დაუშვებთ. წარუმატებლობისგან არავინ არის დაზღვეული. ასე რომ, ერთმანეთისგან შეუძლებელს ნუ მოითხოვთ.
10. არც ერთი ხართ პრინცი და არც მეორე - პრინცესა
სერიოზული ურთიერთობები ხშირად თანაცხოვრების პირველ ეტაპზე არასწორი დამოკიდებულებების გამო მთავრდება. მაგალითად, ამ სამყაროში პრინცები/პრინცესები ზოგჯერ ხვრინავენ კიდეც და მერე რა მოხდა? თქვენ არ ცხოვრობთ ზღაპარში. ამიტომ გაიღვიძეთ და რეალისტი იყავით... ან - მარტოხელა სიცოცხლის ბოლომდე. ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ.