ჩემს ორი მეგობარს ერთად აქვთ ბინა ნაქირავები.
ჰოდა, იმ დღეს დილაუთენია მირეკავენ და ერთმანეთს არ აცლიან ლაპარაკს:
- რომ იცოდე, რა დაგვემართა, - ორ ხმაში „მახარეს“.
- რა ხდება, მშვიდობა გაქვთ?
- გახსოვს, გუშინ საღამოს კონცერტზე რომ ვიყავით. იქიდან გვიან მოგვიწია დაბრუნება, - დაიწყო ერთ-ერთმა, - ჰოდა, სადარბაზოში კიბე ავიარე თუ არა, შევამჩნიე, რომ ბინის კარი ღია იყო.
- რას ამბობ? პატრულს არ გამოუძახეთ? - შემეშინდა, რა აღარ წარმოვიდგინე.
- არა, რა პატრულს. ეგრევე შევედით ბინაში. ორივემ ერთი და იგივე გავიფიქრეთ: გაგვქურდეს. აი, იმაზე კი არც დავფიქრებულვართ, რომ ქურდი შესაძლოა, ისევ ბინაში ყოფილიყო!
- მერე?
- მერე ის, რომ ოთახში შესულებმა ტახტზე ვიღაც კაცი დავინახეთ. ჩვენი ზედა სართულის მეზობელი აღმოჩნდა. იწვა და მშვიდად ეძინა. არადა, სერიოზულ, პატიოსან ადამიანს ჰგავს, ვიცით, რომ ცოლშვილიანია. გაოგნებულები ვუყურებდით ერთმანეთს. ჩვენი ფეხის ხმაზე გამოფხიზლდა კიდეც.
- ა, გოგოებო, მოხვედით. - შემოგვცინა, მაგრამ ჩვენი გაოგნებული სახეების დანახვაზე ეგრევე დაამატა, - სახლში ავდიოდი და დავინახე, თქვენი ბინის კარი შეღებული იყო. დავაკაკუნე, დავიძახე. პასუხი რომ არავინ გამცა, შემოვიხედე. მივხვდი, რომ კარი ღია დაგრჩენიათ. ასე ხომ ვერ დავტოვებდი აქაურობას. ჰოდა, აქ დაველოდე თქვენს მოსვლას. უბრალოდ, დაღლილს ჩამძინებია.
***
აი, ასე კეთილად დამთავრდა ეს ამბავი.