მე და ნატალია სკოლიდან ვმეგობრობდით. იმ დროისთვის, როცა ეს ამბავი მოხდა, მე უკვე 2 შვილი მყავდა, ჩემი დაქალი კი, ისევე როგორც ბავშვობაში, თეთრი ცხენით პრინცს ელოდებოდა...
***
კაცებთან ურთიერთობაში ყოველთვის ზარალდებოდა, ყველანაირი გაგებით.
ჯერ იყო და ერთი „ბიზნესმენი“ მოსწონდა, რომელსაც ძალიან ხშირად „მანქანაში რჩებოდა“ პლასტიკური ბარათი, როცა კაფეში ფული იყო გადასახდელი... ბოლოს კი ნატალიას დიდი თანხა ესესხა „ორი დღით“ და აორთქლდა.
მერე თითქოს იდეალურ კაცს შეხვდა - გარეგნობით, მანერებით, სიტყვა-პასუხით. მაგრამ მას ძალიან უყვარდა ალკოჰოლით გართობა და, როგორც თავად აღიარებდა, მუშაობისთვის სულაც არ იყო შექმნილი....
***
ერთ დღეს მეუბნება: იცი, წუხელ სიზმარი ვნახე. თეთრ ცხენზე ამხედრებული კაცი მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და მითხრა: ვიცი, რომ აქ არ მელოდებოდი.
ამ სიზმარზე მე გამეცინა:
- კარგი რა, რაღა დროს პრინცია, როგორ არ მოგბეზრდა ზღაპრები?
- არც ზღაპრები მომბეზრდება და არც ლოდინი, მორჩა და გათავდა, - მიპასუხა მაშინ ჯიუტად.
***
ერთხელ მთელი სამეგობრო პიკნიკზე წავედით.
ნატალია ასეთი გართობების დიდი მოყვარული არ არის, თანაც, როგორც კი მოსაღამოვდა და კოღოები შემოგვესივნენ, კარავში შეძვრა დასაძინებლად.
ნატალიას იმ დროს გაეღვიძა, ჩვენ რომ ვწვებოდით. უკვე თენდებოდა. მარტო მიუჯდა კოცონს და ცეცხლზე ჩაიდანი შემოდგა.
მოულოდნელად ზურგს უკან, ტყიდან ტოტების შრიალი და ხმაური მოესმა. შიშით მიაბრუნა თავი და დაინახა თეთრ ცხენზე მხედარი, რომელიც უკვე უახლოვდებოდა.
- მაპატიეთ, თუ შეგაშინეთ. არ მეგონა, თუ აქ ვინმე იქნებოდა, - მიმართა მხედარმა.
- არ შშშემშინებია. ნუ - ცოტათი...
- ალბათ, აქ არ მელოდებოდით, - სიტყვა გააწყვეტინა მხედარმა.
ცოტა ხნის წინ საკუთარ სიზმარში მოსმენილი ამ ფრაზის გაგონებაზე ნატალიამ დაბნეულად გაიღიმა, თან წამოსცდა: არ არსებობს!
- რა არ არსებობს? - ჩაეკითხა მხედარი, თან ცხენიდან ჩამოხტა და ხელი გაუწოდა, - გავიცნოთ ერთმანეთი...
- გავიცნოთ...
***
აღმოჩნდა, რომ ჩვენი პიკნიკიდან 1 კილომეტრში საცხენოსნო ბაზა მდებარეობდა, ეს ჩვენი „პრინცი“ კი იმ ბაზის პატრონი იყო და ძალიან უყვარდა გარიჟრაჟზე ცხენით ჯირითი.
***
დღეს მათ უკვე 4 წლის გოგონა ჰყავთ, უზომოდ ბედნიერები არიან...
და ნატალიამ თავის ისტორიას მოარგო პაოლო კოელიოს ფრაზა „ალქიმიკოსიდან“ და ხშირადაც იმეორებს ხოლმე: „როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში“.
ნამდვილად მართალია, ვერაფერს იტყვი...