მათ, ვისაც ერთი ალაოს შოტლანდიური ვისკის Glenfiddich-ის დაგემოვნება გიყვართ, კარგად გეხსომებათ „შესანიშნავი ათეულის“ — უილიამ გრანტის ოჯახის წევრებისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანიაც, რომელსაც The Maverick Whisky Makers of Dufftown, ანუ „დაფთაუნის მავერიკი ვისკის მწარმოებლები“ ჰქვია. დაფთაუნის გმირები - უილიამ გრანტი და მისი 9 შვილი - ინოვაციური, რისკიანი და არაკონფორმისტი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი საქმის სჯეროდათ და საკუთარი ხელით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი — Glenfiddich-ი შექმნეს. თუმცაღა, „მავერიკები“, ანუ ინდივიდუალისტები, ყველა ქვეყანაში არსებობენ.
მიქაელ არამიანცის ბიოგრაფია „დიდებული გეცბის“ ცხოვრებას ჰგავს: მოღვაწეობა ხალიჩების საამქროში დამხმარე მუშის პოზიციით დაიწყო და თბილისის ვაჭრების უმაღლესი გილდიის წევრი გახდა; თბილისის აღმშენებლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა დავით სარაჯიშვილთან, ალექსანდრე მანთაშოვთან, ევგენი ზემელთან, აკაკი ხოშტარიასთან და მელიქ აზარიანცთან ერთად. კავკასიაში ნავთობის ინდუსტრიის განვითარებაც, გარკვეულწილად, მის სახელს უკავშირდება — კაპიტალის უმეტესი ნაწილი ბაქო-ბათუმის სანავთობო გზის მშენებლობას შესწირა. თუმცა, გეცბის მსგავსად, იმ მიზნისგან, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა, ყოველთვის ერთი ნაბიჯით შორს იყო: ბიზნესსაქმიანობაში უდიდეს წარმატებებს მიღმა, უიღბლო და ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა, ბოლშევიკების რეჟიმის დროს კი ქონება ჩამოართვეს და სიღარიბეში გარდაიცვალა.
სოფელ კეატუკის მამასახლისის ვაჟი მიქაელ არამიანცი 1843 წლის 4 მაისს, ყარაბაღში დაიბადა. ბავშვობიდან მეცნიერება აინტერესებდა, თუმცა ვაჭრობის ნიჭი გამოავლინა და, რადგანაც ოჯახს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა, 15 წლის ასაკში ცნობილ ვაჭართან თანაშემწის პოზიციაზე დაინიშნა. ვაჭარი თარუმანიანის საქმიანობა, როგორც ყარაბაღში, ასევე საზღვარგარეთაც ვრცელდებოდა. არამიანცი მალე თავრიზში ფირმის წარმომადგენელი გახდა, 4 წელიწადში საწყისი კაპიტალიც დააგროვა და საცხოვრებლად საოცნებო ქალაქ თბილისში გადავიდა. 28 წლის იყო, როდესაც პირველი მილიონი იშოვა. არამიანცის კომერციული საქმიანობა მრავალფეროვან დარგებს მოიცავდა: ნავთობის სფეროში მოღვაწეობის გარდა, ქსოვილებით ვაჭრობით იყო დაკავებული და მარსელში, თავრიზში და თეირანში შაქრის ტრანზიტს აწარმოებდა. თბილისში ცნობილი კომერსანტის შოლკოიანცის ქალიშვილი, 18 წლის ეღსაპეტა შეუყვარდა და ცოლად შეირთო, რომელთანაც 6 შვილი ეყოლა.
ახალდაქორწინებული ახალგაზრდა ბიზნესმენი მალე, ოჯახთან ერთად, ბაქოში გადავიდა და 1884 წელს, იქაურ ცნობილ კომერსანტ ალექსანდრე მანთაშოვთან ერთად, ნავთობის კომპანია დააარსა, რომლის 25 %-იანი წილის მფლობელიც გახდა. ნავთობის ბიზნესში მოღვაწეობა ადვილი არ იყო: ბაქოში ამ მიმართულებით როტშილდები და ნობელები უკვე დამკვიდრებულები იყვნენ. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, აფშერონის ნახევარკუნძულზე ნავთობით მდიდარი 1.09 ჰექტარი მიწის ფართობი, ნავთობის ქარხანა, საქაჩი სადგურები, სპეციალურად მოწყობილი ნავმისადგომი და უამრავი სახელოსნო შეიძინა; არამიანცის ფირმის წარმომადგენლობები სმირნაში, სალონიკში, კონსტანტინოპოლში, ალექსანდრიაში, კაიროში, პორტ-საიდში, მარსელში, ლონდონში, ბომბეიში და შანხაიში გაიხსნა. მასვე ეკუთვნის ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის პროექტის იდეაც.
ბაქოში 14-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ერთ დღეს, შეიტყო, რომ მეგობარს და ბიზნესპარტნიორ მანთაშოვს კომპანიის აქციების ჩუმად შესყიდვა დაუწყია. მუდმივად თბილისში დაბრუნების შესახებ ესაუბრებოდა, რის გამოც, ხშირად კამათიც ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, არამიანცმა ბაქოში არსებული ბიზნესის აქციები გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა, თუმცა, მისი ცხოვრება არც მას შემდეგ დაწყნარებულა: ჩამოსვლიდან სულ ცოტა ხანში გაარკვია, რომ ცოლის ღალატის შესახებ არსებული მრავალწლიანი ეჭვი სიმართლეს შეესაბამებოდა: შემთხვევით საყვარელთან მიმოწერას გადააწყდა. ღალატით იმედგაცრუებული, ეღსაპეტას 8-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ ოფიციალურად გაეყარა.
მალე ულამაზესი, ცნობილი თბილისელი ქალბატონი ევგენია შხიანცი გაიცნო. ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა საზოგადოებაში როგორც მეუღლეს, ისე წარადგენდა, ქალაქის ცენტრში 3-სართულიანი სახლი აუშენა და ეზოს მოსართავად, პარიზში, სპეციალურად ბრინჯაოსგან დამზადებული ირმების სკულპტურა შეუკვეთა. ეს ურთიერთობაც უიღბლო აღმოჩნდა: ევგენია სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. განსაკუთრებულად რთული იყო მეორე იმედგაცრუებაც. საინტერესოა ფაქტი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ევგენია დაუბრუნდა, თუმცა უკვე მძიმედ იყო დაავადებული. არამიანცმა შეყვარებულს აპატია და სიკვდილამდე პატრონობდა. 1907 წელს, გამოსასყიდის მიზნით, ყაჩაღებმა მისი ვაჟი სოღომანი გაიტაცეს, 1908 წელს მეორე ვაჟი ოვანესი მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა. 1919 წელს თავად არამიანცის ბნელით მოცული გატაცება მოხდა, რომლის დეტალები სამუდამოდ გაურკვეველი დარჩა.
პირად ცხოვრებაში არსებული ტრაგედიების მიუხედავად, ბიზნესმენი არ ჩერდებოდა. თბილისში უძრავ ქონებაზე ფოკუსირდა: შეიძინა სახლები, მიწის ნაკვეთები, მამულები, კოტეჯები. მის მფლობელობაში იყო ახტალას და კისლავოდსკში მდებარე სასტუმრო კომპლექსები. მე-20 საუკუნის დასაწყისში გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) სასტუმრო „მაჟესტიკის“ (ახლანდელი „თბილისი მარიოტი“) მშენებლობა დაიწყო. სასტუმროს აშენება მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორ გაბო ტერმიქელოვს ჩააბარა და პროექტზე სამუშაოდ ევროპაში გაუშვა. ტერმიქელოვის ამოცანა იყო, არამიანცის საყვარელი გემის „მაჟესტიკის“ მსგავსი ნაგებობა შეექმნა. მშენებლობა 1915 წელს დასრულდა. გოლოვინის პროსპექტზე, ასევე, სასტუმრო „პალას-ოტელი“ — ახლანდელი თეატრალური უნივერსიტეტის შენობა ააგო.
კომერციული პროექტების გარდა, 1903 წელს, ქალაქის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელის დოლგორუკის თხოვნა გაითვალისწინა და ახლანდელი პირველი კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა დააფინანსა, სანაცვლოდ კი მოითხოვა, საავადმყოფოსთვის მისი სახელი დაერქმიათ. კლინიკურ საავადმყოფოს უფროსი თაობის წარმომადგენლები დღემდე „არამიანცის საავადმყოფოს“ უწოდებენ. მშენებლობა 1910 წელს დასრულდა. არამიანცმა შემდეგი ინვესტიცია აღჭურვილობაში განახორციელა და შედეგად უდიდესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფოების კომპლექსი შექმნა, რომელსაც საწყის ეტაპზე ინფექციური, ქირურგიული და სამშობიარო განყოფილებები ჰქონდა. აღსანიშნავია ფაქტი, რომ საავადმყოფოში სპეციალურად ევროპიდან რენდგენის აპარატიც ჩამოიტანეს, რაც მაშინ უდიდეს ინოვაციას წარმოადგენდა - მეფის რუსეთში ასეთი აპარატი საერთოდ არ ჰქონდათ. არამიანცის დაფინანსებით, კლინიკაში პაციენტებს სრულიად უფასოდ მკურნალობდნენ, ექიმების ხელფასებსაც თავად იხდიდა. ასევე, დასავლეთ-სომხეთიდან დევნილებისთვის თავშესაფრების მშენებლობაც დააფინანსა. დასახლებას, სადაც თავშესაფრები განლაგდა, „არამაშენის“ დასახლება უწოდეს.
1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ არამიანცს ქონება ჩამოართვა და საკუთარ სახლში მხოლოდ პატარა სარდაფი დაუტოვა, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ვაჟები - სოღომანი და არამი ემიგრაციაში გაუშვა საფრანგეთში, თავად კი საყვარელი ქალაქი ვერ დათმო და სიცოცხლის ბოლომდე თბილისში დარჩა. ამბობენ, რომ ხშირად ხედავდნენ სასტუმრო „მაჟესტიკთან“ ჩაფიქრებულს. არამიანცი 1924 წელს უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა. დასაფლავებაზე უამრავი ადამიანი მივიდა. თბილისელებმა ის თეთრი კატაფალკით გაასვენეს, რომელშიც შავი ცხენები იყო შებმული და ხოჯევანის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. წლების შემდეგ, კომუნისტურმა ხელისუფლებამ სომხური სასაფლაოს ტერიტორია პარკად გადააკეთა და არამიანცის საფლავიც სამუდამოდ დაიკარგა. თუმცა, არამიანცის ოცნება მაინც ახდა: წარმატებული ბიზნესმენის სახელი სამუდამოდ დარჩა თბილისის ისტორიაში.
სტატია მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:
sputnik-georgia.com - „სიღატაკეში გარდაცვლილი უმდიდრესი ტფილისელი და ქალაქისთვის გაღებული მილიონები“, ავტორი ეკატერინე მიქარიძე;
gza.ambebi.ge - „არამიანცის გატაცების დეტალები ანუ მილიონერი, რომელიც სიღატაკეში მოკვდა“, ავტორი მიხეილ ბასილაძე;
wikipedia.org: Mikael Aramyants.