სოფო საჟინიანი: სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ აუტსაიდერებში დავდგებოდი, მით უმეტეს, ოთოსთან ერთად. გული მწყდება, რომ ასე მოხდა. ეს არის კონკურსი, რომელსაც დაუნდობელი წესები აქვს. ამ უნიჭიერეს ადამიანს ძალიან ვაფასებ. საზოგადოებას ვთხოვ, კონკურსანტების მიმართ მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- თქვენი მისამართით ვინმემ არაკორექტულად ისაუბრა?
- ზოგადად ვამბობ. როცა რომელიმე კონკურსანტი პროექტს ტოვებს, საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვება ხოლმე. ეს არის კონკურსი და დაზღვეული არც ერთი კონკურსანტი არ არის. ხალხისგან უარყოფითი დამოკიდებულება მაძლიერებს. მათ კი, ვინც ხმა მომცა, მინდა, მადლობა გადავუხადო.
- ოთო ღურწკაიას ნაცვლად თქვენ რომ დაგეტოვებინათ პროექტი, ეს თქვენთვის სტიმულის მომცემი იქნებოდა თუ პირიქით?
- ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ და პროექტის დატოვებისთვისაც მზად ვიყავი. ბოლომდე ვიბრძოლებ და ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოვაჩენ. არც პროექტის შემდეგ ვაპირებ გაჩერებას.
- როგორ ფიქრობთ, რას მოცემთ „X ფაქტორი“?
- პირველ რიგში, ძალიან დიდ გამოცდილებას. ცხოვრებაში გვერდით არასდროს მყოლია ვინმე ისეთი, ვინც წინსვლაში დამეხმარებოდა და საქმეს გამიადვილებდა. ახლაც ასეა. ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიე, რაც ჩემთვის უკვე დიდი გამარჯვებაა.