მაგდა ვასაძე: მესამე ლაივ-კონცერტზე ყველა მონაწილე გამორჩეული იყო. ისეთი კონკურსანტები დარჩნენ, რომლებმაც არ უნდა დატოვონ პროექტი. გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე საკუთარ თავზე გული არ დამწყვეტია. აუტსაიდერებში მეორედ ვიდექი. Mix2ra-სთვის კი ეს პირველი შემთხვევა იყო და პროექტში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტეფანე გუნდის გარეშე რჩებოდა. ჟიურის ისევ მე რომ გადავერჩინე, უარს ვიტყოდი და შოუს მაინც დავტოვებდი. ვფიქრობ, რომ ამ პროექტში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე.
- ახლა რას აპირებთ?
- მაიკო კაჭკაჭიშვილის, ლილიკო ნემსაძისა და ნატო ღოღობერიძის სიმღერები მაქვს, რომლებზეც ვიმუშავებ. ამ დრომდე თავიდან ბოლომდე კონკურსით ვიყავი დაკავებული. მიხარია, რომ ხალხის დიდი სიყვარული მოვიპოვე, რაც ჩემთვის უკვე დიდი სტიმულია.