ანა გოგუაძე: „წამო, ჩაი დავლიოთ“

ზეპირი ანკეტა

9 იანვარი 20:00
122

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ფოტოგრაფი ანა გოგუაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სანაპიროზე სეირნობა, მუსიკის მოსმენის თანხლებით, დაახლოებით, 6-7 საათზე და არაფერზე ფიქრი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გულიანად - 3 დღის წინ, ისე კი ყოველდღე ვიცინი. იუმორის გარეშე არასდროს ვარ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ოქტომბრის შუა რიცხვებში გულამოსკვნით ვტიროდი. ისე, იშვიათად ვტირი, აი, კურცხალი კი ხშირად მომადგება ხოლმე, კარგი ფილმის ნახვისას ან ამბის გაგონებისას.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მიზანდასახული, სამართლიანად ჯიუტი და იუმორის მოყვარული.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ფეთქებადი ხასიათი...


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ასეთი ამბიციური არ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს ჯონ ლენონი - როგორც აქტივისტი, მუსიკოსი და პიროვნება, ასევე, მარგარეტ ტეტჩერი, როგორც მმართველი ქალი და მარტინ ლუთერ კინგი...


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ყველა სფეროს ჰყავს თავისი გმირი, ვინც, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, ჯიუტად რჩება თავისი საქმის ერთგული, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველოში გმირად დავასახელებდი „პარტიზან მებაღეებსა“ და ნატა ფერაძეს, რომელმაც ამდენი ადამიანის ერთი იდეის გარშემო გაერთიანება შეძლო. ცხადია, რაც მეტი შეიგნებს იმ პასუხისმგებლობას, რაც სათითაოდ გვაკისრია, უკეთესი იქნება, მაგრამ ყველაფერი დაკარგავს მნიშვნელობას, თუ ჟანგბადი არ გვექნება. არც თეატრს, არც კინოს და საერთოდ, არაფერს აქვს აზრი, თუ ვერ ვისუნთქეთ, ამიტომ ვასახელებ პარტიზანებს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- სელინჯერის ფრანი („ფრანი და ზუიდან“) და... სკარლეტ ოჰარა („ქარწაღებულნი“).


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ნიუ-იორკში გამგზავრება... სხვა ქალაქებთან შედარებით, იქ ყველაზე დიდი წვალების შემდეგ მოვხვდი. 5 წელი ვცდილობდი ვიზის აღებას და საოცარი შეგრძნებაა, როცა საბოლოოდ გამოგდის ის, რაც ძალიან გინდა. ზუსტად ის იყო, რასაც ველოდი. სულ მენატრება და ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები ჩემი გულის ქალაქში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პასუხისმგებლობა, ინტელექტი და იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- იმავეს, დამატებული - სიკოხტავე.


- საყვარელი მწერლები?
- გურამ დოჩანაშვილი, ანტონ ჩეხოვი, ოსკარ უაილდი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯერომ სელინჯერი... ასეთი ბევრი მყავს...


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ლენონი, მაკარტნი, გუსტავ მალერი, ვოლფანგ ამადეუს მოცარტი, სერგეი რახმანინოვი, ჯუზეპე ვერდი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ნინო როტა, გია ყანჩელი.. როგორ არ მიყვარს ასეთი კითხვები, დიდი სია მაქვს.


- ფილმი?
-  საყვარელი ფილმი, წიგნი, მუსიკოსი - ძალიან მიჭირს ხოლმე ერთის გამოყოფა. ორი ვთქვა და მესამე გენიოსი გამომრჩეს - არ მინდა!  კომპოზიტორებშიც ხომ ხედავ, მაკარტნის გვერდით მალერი ვთქვი, არადა, საიდან სად?


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მიხარია, რომ ნოდარ დუმბაძის „ბავშვთა ქალაქ მზიურისთვის“ ერთი აგურის მიტანა მეც შევძელი. მთავარია, სხვებმა გააგრძელონ, როგორც მწერალმა დაგვიბარა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ყველაზე ძვირფასია ის, როცა ადამიანებს სჯერათ, რომ არ მოატყუებ, იქნები გულწრფელი და სამართლიანი. აი, ვინმე თუ ფიქრობს ასე ჩემზე - ეს ნამდვილად ძვირფასია.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ჩემი ბებიის გარდაცვალების დღე.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ადგილი, სადაც არიან ჩემი მეგობრები, საყვარელი ადამიანები. საერთოდ, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ლენონისებურ სამყაროში, როგორი სიმღერაცაა „Imagine“ - საზღვრების, რელიგიისა და ეროვნების გარეშე.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- შიშებზე არ ვფიქრობ ხოლმე.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ძილში, უცებ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ანა, წამო, ჩაი დავლიოთ და გამაგოროს თავის „კანტორაში“.