- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. შემიძლია, გითხრათ, რა არის ბედნიერება. ბედნიერება დეტალებშია, დროში შეზღუდულია და, შესაბამისად, სრულყოფილებასთან კავშირს ვერ მოვუძებნი. თუკი სამყაროში რამეა სრულყოფილი, მისი აღქმაც წამიერი მგონია.
- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხშირად ვიღიმი, ვფიქრობ, ეს გარშემომყოფთათვის დადებითი სიგნალია. აი, ახლაც გამეცინა.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- აღარ ვტირი. თუმცა ტირილი ემოციებისგან განთავისუფლებს და ზოგჯერ საჭიროა. უახლოეს წარსულში არ მიტირია.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მიზანდასახულობა. უფრო სწორი იქნება, მიზნის განსაზღვრა, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია - იცოდე, საით მიდიხარ და რა ეტაპები შეიძლება გაიარო.
- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ემოციურობა, ფაქტების გამძაფრება და დრამატულობა.
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არასდროს მიფიქრია, რომელ ისტორიულ ფიგურას შეიძლება ვგავდე. არ მომწონს, როცა ადამიანები საკუთარ თავს სხვებთან აიგივებენ.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, ცხოვრობენ და ქმნიან რაღაც ღირებულს, თუმცა, არა დიდებისა და პატივისცემისთვის.
- თქვენი მხატვრული გმირები?
- ჩარლი გორდონი, წიგნიდან „ყვავილები ელჯერნონისთვის“ და ჰაგრიდი „ჰარი პოტერიდან“, მასთან მეგობრობა პირველი წიგნის გამოსვლიდან მინდა.
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ირანი, ბაბუასთან და დედასთან ერთად. 1999 წელს, ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა კადრებად მახსოვს ბევრი რამ, მახსოვს სპეციფიკური სუნიც. პირველად მაშინ გავიგე, რომ ადამიანები ქუჩაში ნაგვის დაყრის გამო ისჯებიან.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ვცდილობ, სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ღირსება ვიპოვო, რადგან რთულია, ერთი კონკრეტული თვისება ბევრს ჰქონდეს. ზოგადად, მამაკაცში გამბედაობას ვაფასებ.
- ქალში?
- თავდაჯერებულობას, რომელიც, ცხადია, შინაგანად უნდა ეტყობოდეს.
- საყვარელი მწერლები?
- ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი. ორივე მწერლის შემთხვევაში, კითხვისას სიუჟეტს მძაფრად აღვიქვამ. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მწერლებს ვუწოდებ საყვარელს. მიყვარს ბორხესი, მარიო ვარგას ლიოსა.
- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი, მას ყოველთვის პირველ რიგში ვასახელებ. მიყვარს ბრამსი, ფრანც ლისტი. კლასიკურ მუსიკას ხშირად ვუსმენ.
- ფილმი?
- ერთი კონკრეტული და საყვარელი ფილმი არ მაქვს. იტალიური კინოა ჩემთვის ღირებული, ზოგადად, ევროპული კინო. თუ ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა, ფილმების პატივისცემა ჩემთვის Cinema Paradiso-დან იწყება.
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მიღწევებზე საუბარი მომავალში უფრო საინტერესო იქნება, ახლა ჯერ 22 წლის ვარ. თუმცა, ბავშვობაში ძალიან მინდოდა ადამიანებისთვის ტელევიზორიდან რაღაც ამბავი მომეთხრო და ეს გავაკეთე.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- გამოცდილება, რომელსაც ყოველდღიურად ვიძენ.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ასეთი თარიღი არ არსებობს.
- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ოკუპირებული ტერიტორიები - ამ ფაქტის მიმართ ჩვენს თაობას არ აქვს საკმარისი პროტესტი და სწორი აღქმა. სამშობლო მომავალი თაობაა, რომელიც განათლებითა და შრომით განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- დაავადებების. ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის შერყევის.
- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- პროცესი მინდა იყოს მშვიდი, რადგან არ ვიცი, მერე რა იქნება.
- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მე რას ვისურვებდი არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას მეტყოდა - „გაჩუმდი და მომისმინე!“