მაცაცო კევლიშვილი: „ბევრჯერ დამიწყია ცხოვრება ახლიდან“

ზეპირი ანკეტა

31 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი
83

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი მაცაცო კევლიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- იმდენად არ მიყვარს ცუდი ემოციები და იმდენად დეტალებში ვპოულობ კარგ ემოციებს, ხშირად სრულყოფილიც მგონია რაღაც კონკრეტული წამი. ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც ვუსმენ კარგ მუსიკას, ვკითხულობ კარგ წიგნს. განსაკუთრებულად ბედნიერი ამ ზაფხულს ვიყავი, როდესაც ლადო ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი აიღო.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- აი, ამ წუთას.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- საერთოდ მტირალა არ ვარ, ანუ რამე მიჭირს, მტკივა და არიქა დავიღუპე-თქო, ნაკლებად… წიგნებსა და ფილმებზე კი ხშირად ვტირი, მაგრამ ეს ისეთი ტირილია, შემდეგ რომ სიცილში გადაიზრდება. ბოლოს, მამა რომ გარდამეცვალა, მაშინ პატარა ბავშვივით ვიტირე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ვცდილობ, ნაკლებად ვიფიქრო უარყოფითზე და ყველაფერში დადებითს ვეძებ. შეიძლება ახლა ძალიან ფრთიანი გამოვდივარ, მაგრამ ნებისმიერი სიტუაციიდან შემიძლია თავის დაღწევა. ეს არის ჩემთვის, ალბათ, ყველაზე კარგი. ბევრჯერ დამიწყია ცხოვრება ახლიდან.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი, ალბათ, ის, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან გულუბრყვილო ვარ და კიდევ ის, რომ დასვენება არ ვიცი. განა გართობა, არამედ დასვენება. სულ ვმუშაობ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე შემომრჩა ის ილუზია, რომ რომელიმე გმირთან გავაიგივო თავი. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გმირები მომწონდა.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- მე მარტო გამზარდა დედამ. ჩემთვის, პირველ რიგში, დედაჩემია გმირი და ყველა ის ადამიანი, ვინც მარტო ეჭიდება შვილების გაზრდას. რეალურად, ცხოვრებაში არ მჩვევია ადამიანის გაიდეალება ან ადამიანებისგან გმირების ან ანტიგმირების შექმნა. პატარა ასაკში, როდესაც ამას ვაკეთებდი, შემდეგ ძალიან მტკიოდა.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი,  ვიქნებოდი ზურიკელა. ინგრევა ქვეყანა და ის  მაინც ლექსებს  წერს. უნდა, რომ მთელი დუნია ის, მისი ოჯახი და მეგობრები იყვნენ. მეც ასე მინდა.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- მას შემდეგ ბევრგან ვიყავი, მაგრამ ყველაზე კარგად მახსოვს, როდესაც პირველად მარტო გამიშვეს სახლიდან. როგორც მოგეხსენებათ, როდესაც დედა მარტო ზრდის შვილს, ბავშვი ძალიან ჩაბღაუჭებულია დედას. ჩემი მოგზაურობები ხდებოდა ხოლმე ფილმებით, იმიტომ, რომ დედაჩემი კინო „ყაზბეგის“ დირექტორი იყო. მახსოვს, 15 წლის ვიყავი, როდესაც გაზეთ „ალიაში“ დავიწყე მუშაობა და მომიწია წასვლა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. მაშინ პირველად ვნახე ზღვა და ეს იყო ფოთის ზღვა. მერე ბევრად უფრო ლამაზი ადგილებიც მინახავს, მაგრამ ყველზე მეტად დღემდე  ეს პირველი ემოცია მელამაზება.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ამ საკითხში ძალიან მკაცრი ვარ. სისუსტეების პატიება, განსაკუთრებით მამაკაცისთვის, ძალიან მიჭირს. უპირატესობას, ალბათ, უფრო ძალას ვანიჭებ, ოღონდ არ იგულისხმება ფიზიკური სიძლიერე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მამაკაცი თავდაჯერებული იყოს. ამისთვის წიგნიც უნდა ჰქონდეს წაკითხული და ზოგადად, ვიღაცაზე მიჯაჭვული ადამიანები არ მიყვარს. აქედან გამომდინარე ვცემ ძალას პატივს.


- ქალში?
- ქალშიც, ალბათ, იმავეს.  ქალი როდესაც ყველაფერს დედისგან, მამისგან, ქმრისგან ელოდება, ასეთ რამეებს ვერ ვეგუები. ამ დროს ფემინისტი არ ვარ. უბრალოდ, სუსტი ადამიანები არ მიყვარს.


- საყვარელი მწერლები?
- ძალიან ბევრი მწერალი მიყვარს და გამორჩევა ძნელია. ტელეფონშიც წიგნი მაქვს გახსნილი და ვკითხულობ. არის მომენტები, როდესაც მიჭირს წიგნის წაკითხვა, ვერაფერს ვკითხულობ და წიგნთან მაბრუნებს ნოდარ დუმბაძე. ეს სასწაული ადამიანი ხსნის გზას ლიტერატურისკენ. გურამ დოჩანაშვილი მიყვარს ძალიან. რაღაც ეტაპზე (ალბათ, მაშინ შეყვარებული ვიყავი) ძალიან ბევრჯერ წავიკითხე გრიგოლ აბაშიძე. ბევრჯერ გადამიშლია დათა თუთაშხია და რაღაც ადგილები წამიკითხავს. დოსტოევსკიც გამორჩეულად მიყვარს.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ძალიან მიყვარს იოჰან სებასტიან ბახი, ვოლფანგ ამადეუსმოცარტი, სერგეი რახმანინოვი. კლასიკურ მუსიკას მაშინ ვუსმენ, როდესაც სახლში მარტო ვარ. თუმცაღა, შეიძლება, რაღაც მომენტში მძიმე როკს მოვუსმინო და ძალიან მომეწონოს. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. შემიძლია, მთელი დღის მანძილზე ჯანო კახიძეს ვუსმინო. თუმცა, ძირითადად, მაინც ელექტრონულ მუსიკას ვუსმენ. ჩემი მეორე სამსახურიდან გამომდინარე, რომელიც მუსიკას უკავშირდება, ყველანაირი გემოვნების ადამიანს ვხვდები და გადამდეს მუსიკის მიმართ სიყვარული.


- ფილმი?
- რეალურად კინოში გავიზარდე და ფილმები ძალიან მიყვარს. ჩემთვის გამორჩეულია „გლადიატორი“, „ერთხელ ამერიკაში“.  ქართული ფილმებიდან მიყვარს: „ჭრიჭინა“, „მონანიება“... ბევრჯერ მინახავს ფილმი „აბეზარა“. კინომსახიობებიდან განსაკუთრებულად მიყვარს ლეილა აბაშიძე, კახი კავსაძე, უდიდესი რამაზ ჩხიკვაძე! უცხოელი მსახიობებიდან - ალ პაჩინო, მერილ სტრიპი.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- როდესაც ჟურნალისტი ვიყავი, მაშინ კონკრეტულ ინტერვიუებზე შემეძლო მეთქვა, რომ ეს არავის არ ჰყავდა რესპონდენტად და მე მყავდა. ის, რომ 15 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა და საქართველოში იმ ეტაპისთვის ნომერ პირველ გაზეთში, ჩემთვის დიდი მიღწევა იყო. სუხიშვილების „ასა ფართი“ არის ჩემთვის დიდი მიღწევა, იმიტომ, რომ მის გაპიარებაში ჩემი როლი შევასრულე. სიახლეების მიმართ, ზოგადად, შეუგუებლობა გვაქვს ხოლმე ქართველებს და ძალიან მიხარია, რომ რაღაც როლი მეც მიმიძღვის იმაში, ეს სიახლე ქართველმა საზოგადოებამ სწორად რომ გაიგო. ახლა ვცდილობ და მგონი, გამომდის, რომ ჩვენი მოჭიდავეები მხოლოდ ოლიმპიადის დროს არ ახსენდებოდეთ. ისე ვარ როლში შეჭრილი, ჩემი გაჩერება რთული იქნება.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემთვის ძვირფასი შეიძლება იყოს წამი, რომელიც ვისურვო, რომ არ დამთავრდეს. ადამიანები არიან ჩემთვის ძალიან ძვირფასები, ნივთებზე გართულება არ მაქვს.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
- ალბათ, არაფერს. პიროვნული ზრდისთვის უარყოფითიც საჭიროა... თუმცა, ვეცდებოდი, ვიღაცებისთვის უხეში სიტყვები არ მეთქვა.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ყველაფერი, გარდა პოლიტიკისა. მიუხედავად იმისა, რომ მომიწია, ვყოფილიყავი პოლიტიკური ჟურნალისტიც, რედაქტორიც და ა.შ. მუდმივად ვცდილობ, პოლიტიკისგან შორს ვიყო. პოლიტიკა არ არის ჩემთვის სამშობლო.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მეგონა, არაფრის მეშინოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ხერხემალზე ტრავმა მივიღე... ინვალიდის სავარძლის მეშინია. აღმოჩნდა, რომ აღარ მომიწევს, მაგრამ შიში დღემდე შემომრჩა. ადრე მკითხეთ, სრულყოფილი ბედნიერების შესახებ, ალბათ, ფეხი რომ დავდგი ოპერაციის შემდეგ და არაფერი მტკიოდა, ეს იყო თითქმის სრულყოფილი ბედნიერება. დედას რომ დამიძახებს შვილი, ეგ იქნება სრულყოფილება.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, რომ არავინ გავაწვალო.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- „ახლა მაინც დაწყნარდი, შვილო!“