მარიშკა ჯავახაძე: „არ მინდა, დავკონკრეტდე“

ზეპირი ანკეტა

30 იანვარი 20:00
224

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია საჯარო მმართველობის კურსდამთავრებული, მსახიობი მარიშკა ჯავახაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, ალბათ, არ არსებობს. მგონია, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, რამდენიც აქვს, ყოველთვის უფრო მეტი და მეტი უნდა. თუმცა, პირადად ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერებაა ჯანმრთელი ოჯახი, ბევრი ცხოველი და, უბრალოდ, სიმშვიდის განცდა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- დღეს, როდესაც ამერიკულ ტაბლოიდებში ბრედ პიტსა და მის ახალ მეგობარ გოგოზე დაწერილი სტატია წავიკითხე. კეიტ ჰადსონის ძმამ ისე დასცინა ტაბლოიდებს, რომ მეც ძალიან ბევრი ვიცინე, დედაჩემიც კი გავაღვიძე - უნდა წაგიკითხო-მეთქი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- კვირას, „ჩემი ცოლის დაქალების“ იმ ეპიზოდზე, როდესაც ბაქარმა დათოსა და ნინას საჩუქრად ბინა გადასცა. სცენარს წინასწარ არ ვკითხულობ ხოლმე, შესაბამისად, ამის შესახებაც არ ვიცოდი და ავტირდი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- იუმორის გრძნობა და ის, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს სერიოზულად არ აღვიქვამ. „ლაითად“ ვუყურებ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- სიზარმაცე და ძილის სიყვარული.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ნენსი რეიგანთან. მიმაჩნია, რომ მას ჰქონდა უნიკალური თვისება, გვერდში დადგომოდა თავის მეუღლეს. მეუღლე არ მყავს, მაგრამ ვისურვებდი, ზუსტად ისეთი მეუღლე ვყოფილიყავი, როგორიც ნენსი იყო. ისევე შემეძლოს ქმრის გვერდში დგომა, როგორც ნენსის შეეძლო.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- რამდენიმე გმირი მყავს... პირველ რიგში, იმ ადამიანებს დავასახელებ, რომლებიც მართლაც საოცრებებს ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცხოველთა დაცვა არ არის პოპულარული თემა. არის ერთი გოგო, 13 წლის ტასო ლოსაბერიძე, რომელიც სკოლაში სწავლას უპატრონო ძაღლების მოვლას უთავსებს. გარდა იმისა, რომ ქუჩიდან სახლში მიჰყავს უპატრონო ძაღლები, თვითონაც უწევს ორგანიზებას ამ ცხოველების გაჩუქებას და ცხოველების კონტროლსაც. არის კიდევ ერთი ძალიან მაგარი გოგო - თიკო კვავლიშვილი, რომელმაც თავისი ორგანიზაცია გააკეთა, ფულს აგროვებს და ამ თანხით უპატრონო ცხოველებს ეხმარება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ჩემი გმირია კიდევ მალალა იუსაფზაი - ძალიან მაგარი გოგო!


- თქვენი მხატვრული გმირები?
- სკაუტ ფინჩი („ნუ მოკლავ ჯაფარას“); პატი ჰოლმანი („სამი მეგობარი“) და ჰოლდენ კოლფილდი („თამაში ჭვავის ყანაში“).


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ეს იყო საფრანგეთის ალპებში, სადაც ნიუ-იორკიდან წავედი. შემდეგ შვეიცარიაში გადავედი. მოკლედ, დაუვიწყარი მოგზაურობა იყო.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ღირსება. ღირსეული ქალები სხვანაირები არიან, სხვანაირად უჭირავთ თავი.


- საყვარელი მწერლები?
- გურამ დოჩანაშვილი და ასტრიდ ლინდგრენი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- დევიდ ფოსტერი და ტომას ბანგალტერი.


- ფილმი?
- მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ და ბაზ ლურმანის „რომეო და ჯულიეტა“, 22 წლის ლეონარდო დიკაპრიოს შესრულებით; სტივენ ჩბოსკის „მარტოსულობის უპირატესობები“. 


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- რამდენიმე შიშის დამარცხებას. არ მინდა, დავკონკრეტდე.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ოჯახი და ჩემი ძაღლი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- გამოვტოვებდი 11 სექტემბერს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- შეიძლება ბევრს გაეცინოს, მაგრამ ჩემთვის სამშობლო ასოცირდება სურნელთან. როდესაც ამერიკაში ვცხოვრობდი და მეკითხებოდნენ, რა გენატრება ყველაზე მეტადო, ვამბობდი, რომ საქართველოს სურნელი მენატრება. როცა ჩაისუნთქავ და იტყვი - აქ ვარ, სახლში ვარ, ეს არის ჩემთვის უდიდესი კომფორტი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ჩემი ახლობელი ადამიანების დაკარგვის და პანიკურად მეშინია ყველაფრის, რაც დაცოცავს. მიუხედავად ამ შიშისა, როდესაც ვხედავ, რაღაც დაცოცავს, სასწრაფოდ ვიწყებ ყვირილს: გაიტანეთ, ოღონდ არ მოკლათ! ზუსტად ვიცი, ვერასდროს წავალ ტაილანდში, იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი რამ დაცოცავს.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ჩემი შვილიშვილებისა და შვილთაშვილების გარემოცვაში.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება!“