- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც არ არის უბედურება...
- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ბოლო გაცინება ჩემი მტრისთვის იყოს... ძალიან ხშირად ვიცინი. აქ მოსვლამდეც ვიცინოდი.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- არ მიყვარს ტირილი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ხდება ისეთი მოვლენები, როდესაც გვიწევს. მეტირება მაშინ, როდესაც სიკვდილია, კანონზომიერება რომ ირღვევა, მაშინ - განსაკუთრებით. ისე, ტირილი არ მიყვარს, თითქოს ცრემლი გამიშრა.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- კომუნიკაბელურობა.
- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლი არ გამაჩნია (იცინის).
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ბევრთან შემიძლია გავაიგივო, მაგრამ არ ემთხვევა პერიოდები და ეპოქა. ვარ ემოციური, შეუპოვარი.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ვფიქრობ, ამ სიტყვამ დღეს სულ სხვა მნიშვნელობა მიიღო. ჩემს ბავშვობაში გმირული საქციელი ტანკის ქვეშ შევარდნა იყო. დღეს კი შემიძლია, გმირი ვუწოდო ექიმსაც, შემოქმედსაც, მეცნიერსაც, რომელმაც C-ჰეპატიტის ან კიბოს სამკურნალო პრეპარატი გამოიგონა. ასეთი ადამიანები დღეს ჩემთვის გმირები არიან.
- თქვენი მხატვრული გმირები?
- ბავშვობიდან მაქვს გამოყოლილი უილიამ თეკერეის „ამაოების ბაზარიდან“ ემილია და რებეკა. ორი განსხვავებული პერსონაჟი.
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შთამბეჭდავი იყო რომაული არდადეგები. დაუვიწყარი დღეები გავატარე რომში.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მამაკაცი უნდა იყოს თავდაჯერებული, განათლებული და უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- ქალში?
- ქალში? დღეს ვფიქრობ, ქალი უნდა იყოს თავისუფალი, თანამედროვე, დამოუკიდებელიც და ყოველთვის ქალური.
- საყვარელი მწერლები?
- უცებ რაც გამახსენდა, ეს არის შოთა რუსთაველი, ლევ ტოლსტოი და უილიამ თეკერეი.
- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრანც შუბერტი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და სერგეი რახმანინოვი.
- ფილმი?
- „რომაული არდადეგები“.
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ ჩემს ასაკში ვარ დამოუკიდებელი, თავისუფალი, შემიძლია, მივიღო გადაწყვეტილებები და მყავს შვილიშვილები.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- თავისუფლება. შებოჭილი ვერანაირად ვერ იქნები ბედნიერი.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- 2008 წლის ომის პერიოდს და იმ თარიღებს, რომლებიც ახლობელი ადამიანების დაკარგვას უკავშირდება.
- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის ისეთი შეგრძნება, რომ მიდიხარ სადმე და გენატრება, მაგრამ აქ რომ ხარ და აქ ყოფნა აღარ გინდა. სამშობლო არის შეზრდილი, როგორც არის ოჯახი, დედ-მამა, რაღაც ამდაგვარია, უბრალოდ, ისე ვერ განვიცდით. შორს რომ ხარ, მაშინ უფრო ხვდები მის სიყვარულს.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ომის და სტიქიის.
- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიკვდილი მაშინ არის კარგი, როდესაც ის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, მოვკვდებოდი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ხანდაზმულ ასაკში. ვინც მიყვარს, იმათი მზრუნველობის ქვეშ. სიმარტოვეში არ მინდა მოვკვდე, რაც მთავარია.
- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- „ეჰ, ქეთევან, როგორ შეგეძლო, სამოთხეში მოხვედრილიყავი და რა ქენი, აი?“