განცდა სრულყოფილი სიმშვიდისა

ზეპირი ანკეტა

14 მარტი 20:00, 2016 წელი
92

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, წამიერი განცდა სრულყოფილი სიმშვიდისა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გუშინ... ჩემმა შვილმა, რომელმაც ლაპარაკი ჯერ არ იცის, პირდაპირ იმღერა „საქათმეში შეპარულა მელა“, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მიხვდებოდა, რა იმღერა, მაგრამ თვითონ იყო ძალიან ბედნიერი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სხვათა შორის, ზოგადად, მტირალა არ ვარ, მაგრამ საკმარისია, გადიოდეს ფილმი „ბაში-აჩუკი“ და ომში მიმავალ ბიჭებს ბებოები ჩურჩხელებს ატანდნენ, ან მაგდანას ლურჯას ართმევდნენ და სულ ცოტა მყოფნის, რომ ცრემლები წამომივიდეს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი
- დიპლომატია.


- ყველაზე დიდი ნაკლი
- ფეთქებადობა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- იცით, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- დღეს, ალბათ, ყველაზე დიდი გმირი საქართველოსთვის იქნებოდა აზდაკი - ბრეხტის პიესიდან, რომელიც კანონის დარღვევით კანონიერებას დაამყარებდა. ვფიქრობ, დღეს არ არის დარჩენილი საქართველოში ისეთი კაცი (ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცნობ), რომელსაც გმირად დავსახავდი და მისი ცხოვრების გზას დავადგებოდი. იგივე შეკითხვა ორი წლის წინათ რომ დაგესვათ, პასუხი მექნებოდა, მაგრამ ახლა - არა.


- თქვენი მხატვრული გმირები...
- განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს დავით კლდიაშვილისა და მისი პერსონაჟებისადმი. ვფიქრობ, მოლიერზე მეტი თუ არა, ნაკლები არ ყოფილა, რომელმაც ფრანგული სიმსუბუქით, საოცარი სიღრმითა და სევდით წარმოადგინა თავისი დრამატურგია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა
- შრი-ლანკა. პირველად მქონდა ცხოვრებაში განცდა იმისა, რომ ვიყავი მილიონერი. შრი-ლანკაში ერთი აშშ დოლარი არის 133 რუპია. ხოლო საშუალო თვიური ხელფასი - 6 აშშ დოლარი და ეს თანხა მათ საარსებოდ სრულიად ჰყოფნით. როცა შრი-ლანკაში ჩავედი და სასტუმროს დამხმარე ადამიანს 1 დოლარი ვაჩუქე, ყოველ დილით გამოდიოდა და მეკითხებოდა, რომელი ხის ნაყოფს მივირთმევდი. ავიდოდა ხის კენწეროზე და მომართმევდა. შრი-ლანკაში გავიგე, თურმე რა ძალა აქვს ფულს. როდესაც გაჭირვებულების უბანში მივედით, ერთი ულამაზესი გოგონა ვნახე და მის ბებიას 5 დოლარი ვაჩუქე. ეს მათთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ამ კუთხით იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის შრი-ლანკაში მოგზაურობა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- მოუფრთხილდეს ქალს და ჰქონდეს იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ქალი უნდა იყოს მშვენიერი. შეიძლება, საერთოდ არ ვგულისხმობდე ვიზუალურ მშვენიერებას, მაგრამ მისი ქცევა, დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ მშვენიერი უნდა იყოს.


- საყვარელი მწერლები....
- ქართველებიდან სამეულს დავასახელებ: ვაჟა ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი და დავით კლდიაშვილი. არ ვიქნები ორიგინალური, თუკი უცხოელი მწერლებიდან დავასახელებ გაბრიელ გარსია მარკესს, იმიტომ რომ თუნდაც მისი ბოლო წერილი, ეს არის, ალბათ, ცხოვრების სამოქმედო გეგმა. კიდევ, სიამოვნებით ვკითხულობ კარელ ჩაპეკს.


- საყვარელი კომპოზიტორი...
- ზოგადად, განწყობის ადამიანი ვარ. ხან შეიძლება იოჰან სებასტიან ბახის კომპოზიციამ ამაღელვოს და ხან პეტრე ჩაიკოვსკის რომელიმე მუსიკალურმა თემამ გამოიწვიოს ჩემში თანაგანცდა. შეიძლება რევაზ ლაღიძის „საჭიდაო“ მოვისმინო და ყველაზე კარგ განწყობაზე დავდგე.


- ფილმი?
- როგორც კი სიტყვა მშვენიერს ვიტყვი და წარმოვიდგენ, იმ წუთში ოდრი ჰეპბერნი მიდგება თვალწინ. ჩემთვის მშვენიერებასთან ოდრი ჰეპბერნი ასოცირდება. ოდრის ფოტო, გულსაბნევი, რომელზეც მისი სახეა გამოხატული, მისი პარტნიორები - ყველაფერი მნიშვნელობას იძენს ჩემთვის, რაც ოდრი ჰეპბერნს უკავშირდება. ამიტომ ფილმი „რომაული არდადეგები“ ჩემთვის ყველაზე საყვარელია. ამ ფილმის ბოლო კადრი, ის სევდა, რომ ისინი არ რჩებიან ერთად, არის ცხოვრების სევდა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს რაღაც მიმართულებით განუცდია. ასევე, მაქვს ამოჩემებული კადრი - როდესაც ქართული ზღაპრები მთავრდება სიტყვებით: „...და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“, ამაზე მახსენდება ფილმი „ნოთინგ ჰილი“ - ჰაიდ პარკში, ლონდონში, ჯულია რობერტსს თავი უდევს ჰიუ გრანტის კალთაში. სულ მეგონა, რომ ეს არის ბედნიერების განცდა.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს სესილიას, შვილს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სესილია.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
- არის ასეთი თარიღები, რომლებიც უკავშირდება საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. რამდენიმე თარიღია ასეთი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლოსადმი დამოკიდებულება პროფესიონალიზმით უნდა გამოხატო დღეს. რეზო თაბუკაშვილს აქვს ნათქვამი - „პატრიოტობა პროფესია არ არის, მაგრამ პროფესიონალიზმი პატრიოტიზმიაო“. დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ სამშობლო ომში დაიცვა. არც სუფრასთან უნდა მაჩვენო შენი სამშობლო. შენს პროფესიას უნდა ემსახურო ისე ღირსეულად, რომ შენს სფეროში შენი საქმე გააკეთო.


- რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
- სხვის დაწერილს ვკითხულობ, ალბათ. ამ ბოლო დროს ისე იშვიათად ვწერ, ალბათ, წელიწადში ორჯერ თუ დავწერ რეცენზიას. უამრავი პრობლემაა, სერიოზულ შრომას მოითხოვს. რამდენჯერმე უნდა ნახო სპექტაკლი, რამდენჯერმე უნდა წაიკითხო პიესა და ამისთვის, სამწუხაროდ, აღარ ვიწუხებთ თავს ჩვენი პროფესიის ადამიანები. ამით ჩვენს პროფესიას ძალიან ბევრი რამ დააკლდა.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესების პანიკური შიში მაქვს.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- რატომღაც მინდა, რომ ეს 86 წლის ასაკში მოხდეს. 85 წელი ჯერ კიდევ არ არის მოდუნების ასაკი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი დაკვირვებით. 85 წელს გადაშორებულ ადამიანებს (ინტელექტუალურ მოხუცებს ვგულისხმობ), ეწყებათ უფუნქციობა და ფიზიკური კვდომა.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ჩვენ, ზოგადად, მათხოვარს 5 თეთრს რომ ვაძლევთ, ჯერ ზევით ვიყურებით, რომ ღმერთს არ გამორჩეს ჩვენ მიერ დათესილი სიკეთის აღრიცხვა და პლუსის მიწერა ნიკა წულუკიძის გასწვრივ, მაგრამ გამიხარდებოდა, თუ მეტყოდა: შენ უფრო კარგი ადამიანი ხარ, ვიდრე უფრო ცუდი.