„დედაჩემის ნაკვალევზე წავედი“

ზეპირი ანკეტა

25 აპრილი 20:00, 2016 წელი
84

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია  ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების დირექტორი - ლევან თაქთაქიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს  პლუს ჩემი ჯანმრთელობა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- 5 წუთის წინ, როდესაც ჩემს კოლეგას მირიან ხოსიტაშვილს მკითხველი შეხვდა და ისეთ შეკითხვებს უსვამდა, რომ გამეცინა.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- არ მახსოვს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- სიჯიუტემდე მისული პრინციპულობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ამავე დროს, ვარ ძალიან მიამიტი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- პავლე ნახიმოვთან - ის გარდაიცვალა იმ დღეს, როდესაც მე დავიბადე.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირები დღეს არიან ჩემი თანამშრომლები.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ტომ სოიერი და კიდევ არაერთი კომიკური გმირი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- როდესაც სიღნაღში, დედაჩემის ნაკვალევზე წავედი.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პრინციპულობა.


- ქალში?
- სათნოება.


- საყვარელი მწერლები?
- ქართველებიდან - მიხეილ ჯავახიშვილი. უცხოელებიდან - შტეფან ცვაიგი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- რევაზ ლაღიძე.


- ფილმი?
- რამდენიმე საყვარელი ფილმი მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს „ქალის სურნელი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს ოჯახს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიცოცხლე.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- დედაჩემის გარდაცვალება.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის  69,5 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის ნაწილი ოკუპირებულია.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად მეშინია პასუხისმგებლობის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- არ მქონდეს დრო იმის გასააზრებლად, რომ ვკვდები.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ჯოჯოხეთში გამიშვას -  საინტერესო ადამიანებს შევხვდები.