თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი: „ახლა თუგინდ მოვკვდე...“

ზეპირი ანკეტა

5 სექტემბერი 20:00, 2016 წელი
242

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მხატვარი თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ბედნიერებას ზუსტი დეფინიცია არ აქვს. მგონია, ბედნიერება კონკრეტულ მომენტში  განცდილი შინაგანი კმაყოფილებაა. ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით კი ეს, ალბათ, უფრო ბავშვობაშია, როდესაც არ იცი, რა არის უბედურება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ახლა (იცინის).


- ბოლოს როდის იტირეთ?
- რამდენიმე დღის წინ.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ემოციურობა, გულწრფელობა და  სიჯიუტე.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- სიჯიუტე საკუთარ თავთან.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ზოგადად, არ მიყვარს საკუთარი თავის შედარება სხვებთან. ამ ეტაპზე ვერც ერთ ისტორიულ გმირთან ვერ გავაიგივებ თავს. 


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ყველა ის ადამიანი, ვისაც მიზანი აქვს და ამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძვის, მიუხედავად ბევრი წინაღობისა.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ნოდარ დუმბაძის გოგონა მარადიული ფერების პლანეტიდან, სახელად მონატრება.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ორთვიანი არქეოლოგიური ექსპედიცია ბულგარეთში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ოტია იოსელიანს აქვს ნათქვამი: „მილიარდობით ტვინის უჯრედი აქვს კაცს, თუ არ განავითარე, რად გინდა მერე? აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?“ ვფიქრობ, მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი ფიზიკურად, სულიერად და გონებრივად.



- ქალში?
- „დუმილის დროსაც მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი...“
დავეთანხმები გურამ დოჩანაშვილის სიტყვებს.

- საყვარელი მწერლები?

- პერიოდებისა და განწყობა-შეხედულებების მიხედვით, საყვარელი მწერლები მეცვლება. ამ ეტაპზე გამოვარჩევდი გურამ დოჩანაშვილს.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი.


- ფილმი?
- ანდრეი ტარკოვსკის „სტალკერი“; ალფრედ ჰიჩკოკის „ფანჯარა ეზოს მხარეს“ და „ჩიტები“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
-  შევინარჩუნო საკუთარი მე და არ გავხდე სხვა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- გულწრფელი ურთიერთობები.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არც ერთს, ცუდიც და კარგიც, ალბათ, მოსახდენი იყო, რადგან ყველაფერი უკეთესობისკენ არის მიმართული.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- წარსული, აწმყო და მომავალი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- თვითონ შიშის. როდესაც ეს გრძნობა გიპყრობს, მერე უკვე ძალიან ბევრი რამის გეშინია.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- არ მიფიქრია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც მითქვამს: ახლა თუგინდ მოვკვდე. ეს ის მომენტებია, როდესაც ბედნიერებისა და სიხარულისგან ეიფორიაში მყოფი სიკვდილზეც თანახმა ხარ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ყველა ის ქმედება და ნაბიჯი, რაც გულით მოვიმოქმედე, მართალი იყო.