ურთიერთობა

თვითმკვლელობა ღირსებისთვის - ქართველი ქალი, რომელიც ლევ ტოლსტოის ვაჟს შეეწირა

fun time

16:00 სამ. 14 სექტემბერი, 2021 წელი

ანდრეი ტოლსტოი და ელენე
გურიელი

14
დაკოპირებულია

ეს ტრაგედია მე-19 საუკუნის ბოლოს დატრიალდა, როცა ლევ ტოლსტოის უმცროსი ვაჟი ანდრეი საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდა. ახალგაზრდა ტოლსტოიმ ცნობილი ბათუმელი ექიმის ნიკო ელიავას ოჯახში თავადის ულამაზესი ასული ელენე გურიელი გაიცნო, რომელიც ისე მოეწონა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ცოლობა სთხოვა...

ანდრეი უძველესი რუსული გვარის წარმომადგენელი გახლდათ, რომლის წინაპრებმა ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს გრაფის ტიტული.

მწერლის ვაჟმა ბავშვობა მოსკოვში გაატარა. 18 წლის იყო, როცა სამხედრო სამსახურში შევიდა. 1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის გეორგიევსკის ჯვრით დააჯილდოვეს, თუმცა მანამდე „საგმირო საქმეების“ ჩადენა საქართველოში მოახერხა.

თავის რომანში „გრაფინია ცაკენრაუ“ მწერალი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად მთვარელიძე ანდრეი ტოლსტოის სახელთან დაკავშირებულ ისტორიაზე გვიამბობს, რომელსაც ულამაზესი ქართველი ქალი ელენე გურიელი შეეწირა.

როგორ შეხვდა ანდრეი ტოლსტოი ელენე გურიელს


ამ ტრაგიკული ისტორიის შესახებ წიგნის ავტორი Funtime-თან შემდეგს ჰყვება:

- ანდრეი ტოლსტოი საქართველოში 1898 წელს ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის ილია ნაკაშიძის მოწვევით ჩამოვიდა.
სახელოვანი მწერლის შვილს ილიას ძმამ კოლია ნაკაშიძემ უმასპინძლა, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. თავის დეიდაშვილთან ნიკოლოზ ჩოლოყაშვილთან და მეგობარ გიორგი ოქრომჭედლიშვილთან ერთად მოატარა და დაათვალიერებინა საქართველოს შესანიშნავი ადგილები. ოქრომჭედლიშვილმა ანდრეი ტოლსტოის სვანეთი და სამტრედიაც ანახვა, სადაც ხე-ტყის დიდი ქარხანა ჰქონდა. სამტრედიის შემდეგ საპატიო სტუმარი ჯერ ქუთაისში, იქიდან კი ბათუმში წაიყვანეს.

ზღვისპირა ქალაქში, ცნობილი ბათუმელი ექიმის ნიკო ელიავას ოჯახში გაიცნო ახალგაზრდა ტოლსტოიმ თავადის ასული, ულამაზესი ელენე გურიელი, რომელიც ისე მოეწონა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ცოლობა სთხოვა. ტრადიციულ, ქართულ ოჯახში აღზრდილმა ელენემ უპასუხა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს მშობლების გარეშე ვერ გადაწყვეტდა. უნდა მიხვიდეთ ჩემს მშობლებთან და ჩემი ხელი სთხოვოთ, მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენებთ ჩემს პასუხსო, - უთხრა ქალმა.

ელენეს დედ-მამა ოზურგეთში ცხოვრობდა და ტოლსტოიც მაშინვე ოზურგეთში გაემგზავრა. ცნობილი მწერლის შვილს სატრფოს მშობლების დათანხმება არ გასჭირვებია და მოილაპარაკეს, რომ ტოლსტოი მშობლებისგან ნებართვის მისაღებად მოსკოვში წავიდოდა. დაახლოებით, ორ-სამ კვირაში საქართველოში დაბრუნდებოდა და ქორწილს გადაიხდიდნენ.

ფოტოზე: ანდრეი ტოლსტოი

ანდრეის გამგზავრებისთანავე, გურიელები საქორწინო სამზადისს შეუდგნენ. ელენეს საქორწინო ტანსაცმელი თბილისში შეუკერეს, სხვა საკითხებიც მოაგვარეს და როცა ქორწილისთვის ყველაფერი მზად იყო, მიიღეს ანდრეის წერილი, რომელშიც წერდა, რომ სხვა ქალი შეუყვარდა, ცოლად ითხოვა და საქართველოში ჩამოსვლას აღარ აპირებს.

- ქართველი ქალისთვის ასეთი შეურაცხყოფა ძნელი გადასატანი იქნებოდა...

- დიახ, ამ წერილმა ისე ააღელვა ელენე, რომ რევოლვერი დაიხალა, თუმცა მაშინვე არ მომკვდარა. ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ქალმა ერთი წელი იავადმყოფა და 1899 წელს გარდაიცვალა.

რა გახდა გრაფის ღალატის მიზეზი


არსებობს ილია ნაკაშიძის მეუღლის ნინო ნაკაშიძის მოგონებების წიგნი „ლევ ტოლსტოის ახლოს“, სადაც ამ სევდიანი ისტორიის შესახებ არის მოთხრობილი. ქალი ჰყვება, როგორ წაიყვანა მეუღლემ ლევ ტოლსტოისთან სტუმრად და რაზე ესაუბრა ტოლსტოის მეუღლე სოფიო ანდრეის ასული:

„შევედით მოზრდილ დერეფანში. დერეფნიდან კიბე ადიოდა ზევითა სართულში და ილიკო პირდაპირ ზევით ავიდა. მე კი შემიყვანეს ძირს, სასადილო ოთახში და იქიდან ტოლსტოის მეუღლის სოფიო ანდრეის ასულს დიდ ოთახში.

ტოლსტოის მეუღლე მაგიდასთან იჯდა და აბაჟურიანი ლამპის შუქზე რაღაცას ქსოვდა. დამინახა თუ არა, უცებ წამოვიდა სწრაფი ნაბიჯით და ისე მომიახლოვდა, რომ კინაღამ უკან დავიწიე. მაშინ ამან ძალიან გამაკვირვა, შემდეგში კი დავრწმუნდი, რომ ასეთი ჩვეულება ჰქონდა.

გამომიწოდა ხელი და ხალისიანად მითხრა:

- კნეინა ნაკაშიძე? მობრძანდით, მობრძანდით.

დამსვა მაგიდასთან და განაგრძო:

- ლიოვოჩკა ჯერ არ გამოსულა სტუმრებთან. ჩემთან დაბრძანდით. მე მინდოდა თქვენი ნახვა. თქვენ იცნობთ ჩემს შვილს ანდრიუშას?

- არა, - ვუთხარი მე.

- ჩემი შვილის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ ლევ ტოლსტოის შვილია, დიდი, ცნობილი მწერლის. სხვა არავითარი ღირსება მას არა აქვს. არც ჭკუა, არც სილამაზე და ვერ გამიგია, რისთვის უყვართ ასე ქალებს.

მე ვდუმდი, მან აჩქარებით განაგრძო:

- თქვენ იცნობდით კნიაჟნა ელენე გურიელს? როგორი ქალია? ლამაზია? ამბობენ, ლამაზი და საუცხოო ქალიაო და მერე რა იპოვა ლამაზმა და მშვენიერმა ქალმა ჩემს შვილში, რომ იმის გულისთვის თავს იკლავდა? კარგია, რომ არ მოკვდა (ამ დროს, ელენე ჯერ ცოცხალია). თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ქარაფშუტაა ჩემი შვილი. იქ რომ კნიაჟნა გურიელს გაუკეთა წინადადება, აქ ჩამოვიდა და ორი კვირაც არ იყო გასული, ოლგა კონსტანტინეს ასულ დიტერიხს სთხოვა ცოლობა და ახლა იმას ირთავს. ანდრიუშას საქართველოდან სწერენ გურიელის ნათესავები, ჩამოდიო, მაგრამ მე არაფრის გულისთვის არ გავუშვებ ჩემს შვილს.

- რატომ? - გამიკვირდა მე (მწყინდა, რომ ყველაფერ ამას ის მშრალად და გულგრილად ამბობდა).

- იქ მომიკლავენ შვილს. კავკასიელები ფიცხი ხალხია და არ აპატიებენ ანდრიუშას ამ საქციელს და ამას გარდა, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ქართველები არ გვიყვარს. თქვენ უთუოდ იცით, რომ ჩემი ძმის ცოლი ქართველი ქალი ფატი ერისთავი იყო და რა სიკეთე ვნახეთ იმისგან?“

- ასეთი რა დააშავა ერისთავის ქალმა?

- ფატი ერისთავი ისეთი ლამაზი იყო, რომ მისი სურათი საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო გამოფენილი. როგორც ჩანს, მას არ უყვარდა ბერსი. გაშორდა და ცოლად სხვას გაჰყვა. ბუნებრივია, ამის გამო მული უკმაყოფილო იქნებოდა, თუმცა ნინო ნაკაშიძე ტოლსტოის ცოლის სიტყვებმა ძალიან გაანაწყენა:
„მე ძალიან მეწყინა მისი სიტყვები და ვკითხე, ლევ ნიკოლოზის ძესაც არ უყვარს ქართველები? რასა ბრძანებთ, ლევ ნიკოლოზის ძეს ქართველები კი არა, უზულუსებიც უყვარსო“, - მიპასუხა მან“.

- იქნებ, სწორედ ქართველთმოძულე სოფია ანდრეევნამ გადააფიქრებინა შვილს ქართველი თავადის ქალზე დაქორწინება?

- არა მგონია, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ანდრეი ტოლსტოიმ ოლგა დიტერიხსი საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალ გზაზე გაიცნო. სოფიო ანდრეევნასთან საუბრის მერე ნინო ლევ ტოლსტოის შეხვდა. ცოლის მსგავსად, მწერალმაც უარყოფითად დაახასიათა შვილი, თუმცა აღნიშნა, რომ ანდრეი ვალდებული იყო, საქართველოში ჩასულიყო და მისგან მოტყუებული ქალი დაემშვიდებინა:

„ჩემი შვილი ანდრიუშა სუსტი ნებისყოფის კაცია და არავითარი ლაგამი არ აქვს ამოდებული. ამგვარი ხალხი ბატონკაცურ, უქმ ცხოვრებას ატარებს. ჭამენ, ტკბილ, მსუქან საჭმელებს, სძინავთ, რამდენიც სურთ და არ იციან, რას მოახმარონ ენერგია. მათ ჰგონიათ, რომ მთელი ქვეყანა მათთვის არის გაჩენილი. მე ვურჩევ, წავიდეს საქართველოში. იქნებ დაამშვიდოს გურიელის ქალი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი შვილი მშიშარაც გამოდგა. ძალა არ შესწევს, თავისი მოქმედებისთვის პასუხი აგოს“.

როგორც ხედავთ, ლევ ტოლსტოი ამბობს იმას, რაც უნდა თქვას მწერალმა და ჰუმანისტმა ადამიანმა, თუმცა, სამწუხაროდ, ელენე გურიელისთვის ეს დიდი ნუგეში ვერ იქნებოდა. როგორც გითხარით, ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობების გამო ქალმა ერთი წელი იავადმყოფა და გარდაიცვალა.

რაც შეეხება ანდრეი ტოლსტოის, 1899 წლის 8 იანვარს მან ექვსი წლით უფროს ოლგა დიტერიხთან იქორწინა და მასთან ორი შვილი - სოფიო და ილია შეეძინა.

ფოტოზე: ანდრეი ტოლსტოი და ოლგა დიტერიხი, შვილებთან ერთად

მოგვიანებით ანდრეის, ტულის გუბერნატორთან მუშაობის პერიოდში, გუბერნატორის მეუღლე შეუყვარდა. მისი სატრფო შუახნის, შეუხედავი ქალი და ექვსი შვილი დედა იყო, რომელმაც ანდრეის გამო ქმარ-შვილი მიატოვა და 1907 წელს მასთან იქორწინა.

შვილის საქციელმა ლევ ტოლსტოი ძალიან დაამწუხრა. „არ მინდა მიყვარდეს, მაგრამ მიყვარს იმიტომ, რომ ყალბი არ არის და არ ცდილობს, თავი უკეთესად მოგვაჩვენოს“, - ამბობდა მწერალი ვაჟზე.

მეორე ქორწინებიდან ანდრეის კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა, თუმცა ამის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია. 1916 წლის 24 თებერვალს 38 წლის ანდრეი ტოლსტოი სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა.

🔰:

მილიონი ოქროს თუმანი ერთი ღამეში - ქართველი თავადის ცოლის და გერმანელი პრინცის აკრძალული სიყვარულის ამბავი

პრინცესა რიმა ერისთავი - კოკო შანელის ქართველი მოდელი

სალვადორ დალის ქართველი მუზა

ვინ იყო ქართველი თავადის ქალი, ვინც ლონდონელებს საცივის კეთება ასწავლა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!