კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, „ბორჯომის გმირების“ ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება: „ბორჯომი“ არის ინიციატორი „ბორჯომის გმირების“ ნომინაციისა, რომელიც ყოველწლიური იქნება. წელს ის ადამიანები, ჟურნალისტები, მოხალისეები, ჩემი კოლეგები და სამსახურები დავაჯილდოვეთ ამ წოდებით, რომლებიც მუხლჩაუხრელად ასრულებდნენ თავის საქმიანობას აქ, ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს“.
„ბორჯომის გმირის“ წოდება, ასევე, მიენიჭა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ რეინჯერს ივანე კუპრაძეს, რომელსაც 2018 წლის 5 სექტემბერს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, ცეცხლმოკიდებული ხე დაეცა. ივანეს ოჯახს კომპანია „ბორჯომმა“, ჯილდოსთან ერთად, 5 000 ლარი გადასცა.
„სწორედ გარემოს დაცვას, ბუნების დაცვას, თითოეული ხის შენარჩუნებას ემსახურებოდა ჩემი მეუღლე და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ ასე აფასებენ მის ღვაწლს და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ბორჯომს“. ეს ჯილდო ყოველთვის შემახსენებს, რომ ჩემი მეუღლე საქვეყნო საქმეს ემსახურებოდა. მას სულითა და გულით უყვარდა ის, რასაც აკეთებდა და თითოეულ ხეზე გული შესტკიოდა“, – ამბობს გარდაცვლილი რეინჯერის მეუღლე ნათია მულაძე.
„ბორჯომის გმირის“ ღონისძიებაზე, ასევე, დაჯილდოვდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, 112, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მოხალისეები: დავით აბრამაშვილი და თენგიზ კიკაჩეიშვილი – „IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლები.
ფოტოგრაფი: გიორგი კაკულია
ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურები, ასევე, მათი ჟურნალისტები და ოპერატორები: „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“, „TV პირველი“, „იბერია“, ახალციხის „მეცხრე არხი“ და „ბორჯომის ტელევიზია“.
„ძალიან მძიმე ფაქტის შემსწრენი ვიყავით და ვცდილობდით, რომ თავი არ დაგვეზოგა და ჩვენი მაყურებლისთვის ობიექტურად და სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდებოდა იმ დროისთვის ბორჯომში“, – აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა სალომე ქოქიაშვილმა.
ბორჯომში ხანძრისას სტიქიის ზონაში მომუშავე ადამიანებმა ერთხმად განაცხადეს, რომ იქ, იმ მომენტში ისე ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, რომ სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე არც უფიქრიათ.
დაჯილდოებულებს შორის ასაკით ყველაზე პატარა თემო გელაშვილი აღმოჩნდა. შარშან მომხდარი ხანძრის დროს თემო გელაშვილს ნიჩაბი არ ჰქონდა, თუმცა ის შიშველი ხელებით ებრძოდა სტიქიას.
სწორედ ამის გამო გელაშვილი 2018 წლის ბორჯომის გმირად დასახელდა.
ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის – „ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი 2015 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სამი ჰექტარი ტყის აღდგენა და 7 500 ხის დარგვა მოხერხდა.
#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი
#ბორჯომისგმირები