,,სუხიტას" კარალეთი, ტანკები და თავისუფლება

ბავშვობის ფოტოები

24 იანვარი 20:00, 2015 წელი
89

ჩვენი დღევანდელი სტუმარი, 2008 წლის ჯეოსტარი, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი, იგივე „სუხიტა“, საკუთარ ბავშვობაზე ხალისით გვესაუბრება.

დავიბადე 1985 წლის 10 ნოემბერს ქალაქ გორში, გავიზარდე ქართლში. ხან გორში ვიყავი, ხან სოფელში. სკოლაშიც კარალეთში ვსწავლობდი. ცხრა კლასი რომ დავამთავრე, თბილისში შოთა მილორავას სახელობის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. მერე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი...



„სუხიტას“ ოჯახი


„მყავს დედა, მამა, და-ძმა, მე შუათანა ვარ. პაპა და ბებოც მყავს. თბილისში ოჯახით წამოვედით, თავიდან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, შემდეგ - ნაგირავებში, მერე კი შევიძინეთ, სადაც ჩემი და და დედაჩემი ცხოვრობენ. ჩემი ძმა ცალკე ცხოვრობს, მამაჩემი წლებია, რუსეთშია, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მეც ცალკე ვცხოვრობ. ასე დაქსაქსულები ვართ (იღიმის).“


საბავშვო ბაღი და აუხსნელი პირველი სიყვარული


სოფელ კარალეთის საბავშვო ბაღში დავდიოდი და ბოლო ერთი წელი ვიარე გორის საბავშვო ბაღში, 5 წლის კი სკოლაში შემიყვანეს. ბაღის პერიოდი ძალიან მაგრად მახსენდება. სხვათა შორის, ბაღში მისვლის პირველი დღე და ჩემი „ღნავილიც“ კი მახსოვს (იღიმის).  შუადღის ძილს ვერ ვიტანდი, ღამე არ მიყვარდა ძილი და დღე რა დამაძინებდა... მახსენდება ბაღის საჭმლის სუნი და კედელზე გაკრული სტენდი, სადაც ცეცხლმაქრი იყო ხოლმე ჩამოკიდებული... თითქმის, ყველა ჯგუფელი მახსოვს. ერთი პედაგოგი არ მიყვარდა, სულ მეჩხუბებოდა ხოლმე (იღიმის). ბაღში შეყვარებულიც მყავდა, რომელიც ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი და ამიტომ მისთვის სიყვარული არ ამიხსნია.


მუსიკალური ოჯახი და ნიჭიერი ძველი თაობა


წესიერად ლაპარაკიც რომ არ ვიცოდი, მაშინაც კი ვმღეროდი, როგორც მეუბნებიან. 2 წლის ასაკში კი უკვე კარგად გამოჩნდა, რომ სიმღერა შემეძლო. მე და მამაჩემი ორ ხმაში ვმღეროდით, ჩემი ძმაც გვიერთდებოდა. მუსიკალური ოჯახი მყავს - ჩვენთან სახლში ყველას აქვს სიმღერის ნიჭი. ბებიაც გადასარევად მღერის... საერთოდ,  რატომღაც მგონია, რომ ძველად უფრო ნიჭიერი ხალხი იყო, ვიდრე ახლა. ძველი თაობის წარმომადგენლებს თითქმის, ყველას აქვს სმენა...


ბაღში „ბოდიალის“ სიყვარული და გაბრაზებული მასწავლებელი


ბაღის ასაკში არ ვიყავი მავნებელი, თუმცა ახლა ერთი ამბავი გამახსენდა: შუადღეს რომ იძინებდნენ ხოლმე ბავშვები, ვიპარებოდი და  აქეთ-იქით დავბოდიალობდი. ერთხელ  ერთი იქაური მეგობარი ავიყოლიე და ერთად დავბოდიალობდით. მასწავლებელმა რომ დაგვინახა, იკითხა - რომელი ადექით პირველიო. იმ ჩემმა მეგობარმა ჩემკენ გამოიშვირა თითი. ამის გამო მასწავლებელი ძალიან მეჩხუბა... აი, ზეიმებზე კი წარჩინებული ბავშვი ვიყავი - ვმღეროდი, ვცეკვავდი და ეს ძალიან მომწონდა.


დიდი პატივით დაკრძალული მუხლუხოს ამბავი


ცხოველები ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ახლაც მყავს ძაღლი. ერთხელ ეზოში მკვდარი მუხლუხო ვნახე და ისეთი დაკრძალვა მოვუწყვე, ვერ აგიხსნით - საფლავი გავუთხარე, საკაცეც კი შევუკარი და ჩავასვენე (იღიმის). მოკლედ, ბატონი მუხლუხო ძალიან დიდი პატივით დავკრძალე. ამ „ცერემონიალს“ ჩემი მეგობრებიც ესწრებოდნენ.


 ბუნების სიყვარული, ბავშვური გართობა და ცივილიზაციის შედეგი


ვისაც ბავშვობაში სოფელთან ჰქონია შეხება, ყველა დამეთანხმება, რომ იქ ძალიან ბევრი გასართობია. თავისუფლება გაქვს, ბუნებასთან ურთიერთობ, ბევრ რაღაცას აკეთებ შენ ნებაზე და ბავშვებთან გადასარევად ერთობი. ამასთან, მამაჩემი ხშირად დადიოდა გასტროლებზე და ბევრი სათამაშო ჩამოჰქონდა ხოლმე. ჩვენ ბავშვობაში უფრო მეტი კონტაქტი გვქონდა გარესამყაროსთან, დღევანდელი ბავშვები კი პლანშეტების, გაჯეტების დონეზე არიან და ეს ცოტა არ მომწონს. ძნელია, ამ ყველაფრის კონტროლი მოახერხო, მაგრამ ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად ეცადონ, ბუნებასთან ჰქონდეთ შეხება.


ხასიათის თვისება, რომელიც „სუხიტას“ ბავშვობიდან გამოჰყვა და სპორტის სიყვარული


ბავშვობაში  ჯიუტი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ. თუმცა, წლების მატებასთან ერთად, ეს სიჯიუტე უფრო პრინციპულობაში გადავიდა. 6-7 წლის ასაკიდან ძალიან შემიყვარდა სპორტი. დღესაც ვვარჯიშობ და სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო. განსაკუთრებით მიყვარს ფეხბურთი.


სკოლის პერიოდი


სკოლა ორ პერიოდად შეიძლება დავყო - მე-6 კლასამდე, როდესაც ძალიან კარგად ვსწავლობდი და შემდეგ, როცა კარგად აღარ ვსწავლობდი. ეს ალბათ პედაგოგებიდან გამომდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ გარდატეხის ასაკი მე-6 კლასიდან დამეწყო, როდესაც ბავშვს რაღაც პროტესტი უჩნდება და დამოკიდებული აღარ არის პერსონებზე. სხვათა შორის, ბავშვობაშიც ძალიან მიყვარდა კითხვა, თუმცა მაინცდამაინც სკოლის საგნებს არ ვგულისხმობ (იღიმის).


კონფლიქტები  ქართლური კილოს გამო და გამოსწორებული მეტყველება


ერთ-ერთ პროფესიად მეტყველება ავირჩიე, რომელიც ძალიან დამეხმარა. როგორც იცით, ქართლს ინდივიდუალური და გამოკვეთილი აქცენტი აქვს, მე კი ძალიან მტკივნეულად განვიცდი, როდესაც ვინმე დამცინის, ამიტომ მიზნად დავისახე, ჩემი აქცენტის გამო კონფლიქტებს და ჩხუბს სჯობდა, სწორად მეტყველება მესწავლა და  ვისწავლე. ძალიან მომწონს ქართლური აქცენტი, ოღონდ - ქართლში (იღიმის).


დაბოლოს...


ჩემი ბავშვობა, 90-იანი წლები, ფაქტობრივად, ომის პერიოდს დაემთხვა, ხშირად სკოლაში სიარულიც მიჭირდა, გარეთ ტანკები დადიოდა, შეტაკებები და სროლები ჩემს ეზოში კი ყოფილა. ერთხელ მამაჩემის მეგობარმა გადამარჩინა... მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მშობლები ცდილობდნენ, არ გვეგრძნო ის სიდუხჭირე, რაც გარშემო სუფევდა. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა ჩემი პაპას და ბებოს სითბო აღვნიშნო - აბსოლუტურად გამორჩეული და სხვა „გემოსი“...