„მირჩევნია, საქართველოში მიწა ვთოხნო, ვიდრე თუნდაც ევროპაში მსხვილი მიწათმფლობელი ვიყო“

ბიზნესმენი

1 დეკემბერი 10:00, 2015 წელი
117

კომპანია „ნიკორა ტრეიდი“ წარმოადგენს „ნიკორას“ მაღაზიების ქსელს, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. მას დავით ურუშაძე ხელმძღვანელობს, რომელიც დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია. 

- ბატონო დავით, რა არის კომპანია „ნიკორას“ მთავარი მიმართულებები და პრიორიტეტები?
- ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, „ნიკორა“ ხორცპროდუქტებით შემოვიდა ბაზარზე, თუმცა წლების განმავლობაში განვითარდა და დღეს ეს მხოლოდ ხორცის საწარმო აღარ არის. ჰოლდინგის ფარგლებში იწარმოება პურ-ფუნთუშეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, თევზეული, პლუს არსებობს ორი კომპანია, რომელიც საქონლის იმპორტს ახორციელებს და, ასევე, მაღაზიათა ქსელი... ეს ჰოლდინგი მრავალმიმართულებიანია.


- როგორც საუბარში აღნიშნეთ, სამი წლის წინათ გახდით „ნიკორას“ გუნდის წევრი. 
- დიახ, „ნიკორაში“ 3 წლის წინათ მოვედი, როგორც ფინანსური დირექტორი, დღეს კი აღმასრულებელი დირექტორი ვარ. მინდა გითხრათ, რომ აქ დღევანდელი ვითარება, მასშტაბებიდან და ბიზნესის ზომებიდან გამომდინარე, რადიკალურად განსხვავებულია სამი წლის წინანდელისგან. 


- რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, რომ ბრენდი იყოს ქართული?
- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეა, მაგალითად, პირადად ჩემთვის. ალბათ, სიმბოლური დამთხვევაა ის, რომ „ნიკორას“ მომხმარებელი ვიყავი  იმ დროიდან, როცა პირველი მაღაზია გაიხსნა, შემდეგ კი ამ გუნდის წევრი გავხდი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთი დიდი ოჯახი და მოტივირებული გუნდია, რომელიც სულ ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შემატოს კომპანიას.


- მკაცრ შერჩევას გადიან კადრები კომპანიაში მოსახვედრად?
- საკმაოდ. როცა ადამიანი გასაუბრებაზე მოდის, უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს მოტივაცია, ცოდნა და გუნდური მოთამაშეა. 


- რას აკეთებს კომპანია ხარისხის კონტროლისთვის?
- ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი დონის ხარისხის მართვის დეპარტამენტი და კვალიფიციური ლაბორატორიები, მკაცრად ვიცავთ შენახვის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და დასაწყობების წესებს.


- საქართველო მაინც, ალბათ, უფრო ხორცის მოყვარული ქვეყანაა...
- ჩვენი გაყიდვებიდან გამომდინარე, 1/5 სწორედ ხორცპროდუქტებზე მოდის. 


- როგორი იყო თქვენი ბექგრაუნდი, სანამ აქ მოხვიდოდით და რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
- პროფესიით ფინანსისტი ვარ, აქ მოსვლამდე „ბაზისბანკში“ ვმუშაობდი. უფრო ტექნიკური საგნების ნიჭი მაქვს და ბიოლოგი ან იურისტი ვერ გავხდებოდი. მშობლები ექიმები მყავს, თუმცა ექიმობა არავის დაუძალებია. 


- დაძაბული რეჟიმი გაქვთ, გრჩებათ რაიმე სხვა აქტივობისთვის დრო?
- ჩემი დრო, პირობითად, შეიძლება ორად გავყოთ - სამსახური და ოჯახი. ვარჯიში და მეგობრები ჩემთვის რელაქსაციაა, თუმცა ეს უფრო ფუფუნებაა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. ძალიან მიყვარს რაგბი და თამაშებს პრაქტიკულად არ ვტოვებ.


- როგორც ვხედავ, ფიცხი და ემოციური ხასიათი არ გაქვთ...
- არა, პირიქით, ძალიან დინჯი და გაწონასწორებული ვარ, სიჩქარით ხშირად საქმე ფუჭდება. თანამშრომლებთან საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, თუმცა ამ მოთხოვნების მიღმა თბილი და უშუალო ატმოსფერო დგას. მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე არ ვარ, მაგრამ მეგობრობა საქმეს არ უნდა აფუჭებდეს. „JUST BUSINESS“, არაფერი პერსონალური. 


- საკუთარ თავსაც ისევე ბევრს სთხოვთ, როგორც სხვებს?
- რა თქმა უნდა, რადგან, თუ თავად ზარმაცი ხარ, სხვას ვერაფერს მოსთხოვ, თავად უნდა იყო მაგალითის მიმცემი. ყველაზე რთული საჭიდაო სინდისია. სინდისთან კომპრომისზე არ მივდივარ ხოლმე. 


- უცხოეთში ხშირად გიწევთ ყოფნა?
- არც ისე. თუმცა ბოლოს ინგლისში ვიყავი და ძალიან მომეწონა. ღრმა კულტურის ქვეყანაა, ერთი ეგაა, რომ მათი სიცივე არ მომწონს. მაინტერესებს ეგზოტიკური ქვეყნები და მინდა, სამხრეთ ნახევარსფერო ვნახო.


- გიფიქრიათ უცხოეთში სამუდამოდ წასვლაზე?
- არასოდეს. მიმაჩნია, რომ ჯობია, გასაკეთებელი შენს ქვეყანაში გააკეთო. მირჩევნია, საქართველოში მიწა ვთოხნო, ვიდრე თუნდაც ევროპაში მსხვილი მიწათმფლობელი ვიყო.