მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ სახლში მონარქების საყვარელი ნუგბარი?
16:39 კვი. 27 ოქტომბერი
დაშაქრული, იგივე მოჭიქული წაბლი ფრანგული და იტალიური სამზარეულოს ცნობილი ნუგბარია. მისი წარმოება ჩრდილოეთ იტალიისა და სამხრეთ საფრანგეთის რაიონებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ლაშქრობებიდან დაბრუნებულმა ჯვაროსნებმა ევროპაში შაქარი შემოიტანეს.
ცნობისთვის, რომაელებმა ლერწმის შაქრის არსებობის შესახებ იცოდნენ და სიცილიაზე მოჰყავდათ კიდეც, თუმცა ადრეულ შუა საუკუნეებში შაქრის ლერწმის არსებობის შესახებ ყველამ დაივიწყა, სანამ ჯვაროსნებმა მეორედ არ აღმოაჩინეს. შაქრის გამოყენებამ, რომელიც თავისი თვისებებით შუა საუკუნეების მთავარი დამატკბობლის - თაფლისგან ძალიან განსხვავდებოდა, ახალი ტიპის საკონდიტრო ნაწარმის შექმნა შესაძლებელი გახადა.
დაშაქრული წაბლი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში კანფეტების ან ცუკატების სახელით მოიხსენიებენ, მე -15 საუკუნის ლომბარდიაში მდიდარი არისტოკრატების სუფრასთან მიჰქონდათ.
მოჭიქული წაბლის ყველაზე ძველი რეცეპტი მე-16 საუკუნეში, სავოიის ჰერცოგის, ჩარლზ ემანუელ I-ის (1580 წ.) იტალიელმა მზარეულმა შექმნა. მოგვიანებით, მსგავსი რეცეპტი მე-17 საუკუნეში, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის კარზე შეიქმნა.
ესპანეთში მოჭიქული წაბლის წარმოების პირველი ქარხანა ბიზნესმენმა ხოსე პოსადამ, გალიციაში აამუშავა. მოგვიანებით ესპანეთში ამავე პროფილის მეორე ქარხანა გაჩნდა. უძველეს დესერტს სამხრეთ საფრანგეთსა და იტალიაშიც აწარმოებენ.
მოჭიქული წაბლი დღემდე ძვირად ღირებულ დესერტად ითვლება, რადგან წარმოებისთვის შესაფერისი წაბლი საკმაოდ იშვიათია.
გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი და წარმოუდგენლად გემრიელი ნუგბარის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.
***
საჭირო პროდუქტი:
- წაბლი - 0,5 კგ
- შაქარი - 0,5 კგ
- წყალი - 2 ჭიქა
მომზადების წესი:
1. წაბლი გაფცქვენით და მოხარშოთ, სანამ არ დარბილდება. ამ დროს ფორმა არ უნდა დაკარგოს.
2. 0,5 კგ შაქრისა და 2 ჭიქა წყლისგან მოამზადეთ სიროფი (ადუღებიდან 10 წუთი ხარშეთ). მოხარშული წაბლი ჩაყარეთ სიროფში და კიდევ ნახევარი საათი ხარშეთ. ცეცხლს დაუწიეთ და წაბლი კიდევ ადუღეთ, სანამ თითქმის გამჭვირვალე გახდება.
3. ამის შემდეგ 50 მლ რომი დაუმატეთ და დესერტი ლამაზ ჭურჭელში გადაიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან