ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5 მარტივი წესი
15:17 პარ. 29 მაისი
რამდენ ჩვენგანს დაუწყია პირობა, რომ ორშაბათიდან, მომავალი თვიდან თუ ახალი წლის პირველი დღიდან დიეტას, ვარჯიშს ან ზოგადად, „ახალ ცხოვრებას“ დაიწყებს? როგორც წესი, ასეთი დაპირებები მალე დავიწყებას მიეცემა, დიადი გეგმები კი მარცხით სრულდება.
ჩვენს სტატიაში გიამბობთ 5 მარტივი წესის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ჯანსაღ კვებაზე ყოველგვარი სტრესისა და დისკომფორტის გარეშე გადახვიდეთ.
ძროხის რძის ყველი ჩაანაცვლეთ თხის ყველით
პირველ რიგში, ეს თქვენს მენიუს გაამრავალფეროვნებს და ნაცნობ კერძებს ახალ გემოს შესძენს. ამასთან, ძროხის რძისგან დამზადებული ყველი მძიმე პროდუქტია და ორგანიზმს მისი მონელება უჭირს, მაშინ როცა თხის ან ცხვრის რძისგან დამზადებულ ყველს ჩვენი ორგანიზმი გაცილებით ადვილად ითვისებს. თქვენი კუჭი ასე სიახლისთვის ნამდვილად მადლობელი დარჩება.
თეთრი პური ჩაანაცვლეთ მთელმარცვლოვანი პურით
როგორც არ უნდა გიზიდავდეთ თეთრი ფქვილისგან გამომცხვარი ახალი პურის სურნელი, ცდუნებას არ აჰყვეთ. გახსოვდეთ, რომ ის ჯანმრთელობისა და ფიგურის ერთ-ერთი მთავარი მტერია. პურის ყიდვისას ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას. იდეალურ შემთხვევაში, პურში თეთრი ფქვილი საერთოდ არ უნდა იყოს, ან ინგრედიენტების სიის სულ ბოლოში უნდა ეწეროს.
რძიანი და თეთრი შოკოლადი ჩაანაცვლეთ შავი შოკოლადით
დავიწყოთ იმით, რომ შავი შოკოლადი ბევრად უფრო სასარგებლოა. შოკოლადი, რომელშიც კაკაოს შემცველობა 70%-ზე მეტია, ნაკლებად კალორიული და ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ის აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამაღლებს განწყობას და თითქმის არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებსა თუ საღებავებს.
კალორიული სოუსები ჩაანაცვლეთ ლიმონითა და სუნელებით
მწვანე სალათისა და ბოსტნეულის შესაზავებლად ზეთის ან კალორიული სოუსების გამოყენება აუცილებელი არ არის. სუნელების, მშრალი მწვანილებისა და ლიმონის წვენის სწორ კომბინაციას ამ სოუსების ჩანაცვლება ადვილად შეუძლია. მთავარია, თქვენი საყვარელი გემო იპოვოთ. შეგიძლიათ მოსინჯოთ შავი პილპილი, ბაზილიკი (რეჰანი), როზმარინი და ლიმონი.
დღის მთავარ კვებად საუზმე აქციეთ
დღის დასაწყისში ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა სრული, 100%-იანი დატვირთვით მუშაობს, ამიტომ მისთვის მიღებული პროდუქტების გადამუშავება საკმაოდ ადვილია. თუ გავითვალისწინებთ, რომ პროდუქტების გადამუშავებას საშუალოდ 6 საათი სჭირდება, დილის 8:00 საათზე მიღებული საუზმე 14:00 საათისთვის მთლიანად ათვისებული იქნება. ამ დროისთვის საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობა 20%-ით იკლებს და საკვების გადამუშავების პროცესი 8 საათამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 14:00 საათზე მიღებული საკვების საბოლოო ათვისება მხოლოდ საღამოს 22:00 საათისთვის მოხდება.
საღამოს 18:00-19:00 საათიდან საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობა კიდევ 60%-ით მცირდება — აქ უკვე თავს იჩენს მთელი დღის მუშაობისგან გამოწვეული დაღლილობა და მონელების პროცესი 12 საათი გრძელდება. გამოდის, რომ ვახშამზე მიღებული საკვები უკვე ძილის დროს გადამუშავდება. შედეგად, მომნელებელი სისტემა სრულფასოვნად დასვენებას ვერ ასწრებს, ამიტომ დილას ცუდი განწყობით და დაღლილობით ხვდებით, ხოლო მიღებული საკვები ცხიმად გადაიქცევა. სწორედ ამას გულისხმობს ცნობილი ფრანგი ექიმის, ანრი დე რანჟეს გამოთქმა - საუზმე თავად შეჭამე, სადილი მეგობარს გაუყავი, ხოლო ვახშამი მტერს მიეციო.
***
რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდესაც თქვა, რომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან