თემატური ჰოროსკოპი

ვისი გაბრაზება არ ღირს? — ყველაზე კონფლიქტური ზოდიაქოს ნიშნები

fun time

18:27

ყველაზე კონფლიქტური
ზოდიაქოს ნიშნები

14
დაკოპირებულია

ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგი ადამიანი ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს და დაძაბული ვითარების განმუხტვას ცდილობს, ზოგი კი მუდმივად ჩხუბის მიზეზს ეძებს. ვარსკვლავებს თუ დავუჯერებთ, ადამიანის ხასიათი ყოველთვის აღზრდასა თუ განწყობაზე როდია დამოკიდებული. ხანდახან საქმეში ჰოროსკოპი ერთვება და მაშინ მშვიდი საღამოც კი შეიძლება ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსოს.

ჩვენ გიამბობთ ზოდიაქოს ჩხუბისთავი ნიშნების შესახებ და გასწავლით მათთან ურთიერთობისას სულიერი წონასწორობა როგორ შეინარჩუნოთ.

ვერძი

„სკანდალის დამწყები“ — ასეთი ნომინაცია რომ არსებობდეს, ვერძები ამ ჯილდოს ყოველწლიურად მიიღებდნენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა წყენის გულში ჩადება არ იციან — ისინი წამიერად ფეთქდებიან. რამე არასწორად უთხარით? ალმაცერად შეხედეთ? ვერძი მაშინვე ჩართავს რეჟიმს: „ყველაფერს დავლეწავ და შენც მიგაყოლებ“.

ვერძის კონფლიქტურობას ერთი სასიამოვნო მხარეც აქვს — ბრაზს მალე ივიწყებს. მთავარია, დამშვიდება აცადოთ. როცა ადრენალინი დუღს, ვერძს არანაირი არგუმენტი არ ესმის. უბრალოდმ ორთქლის გამოშვება აცადეთ, ქარიშხალი გადააგორეთ და როცა ყველაფერი ჩაცხრება, მომხდარი მერე განიხილეთ.

თუ შენიშნეთ, რომ ვერძი „დუღილს იწყებს“, თემა სასწრაფოდ ისეთ რამეზე გადაიტანეთ, რაც მას გაახარებს. ყურადღების ასეთი გადართვა ნამდვილ სასწაულებს ახდენს!

კურო

ერთი შეხედვით, კურო სიმშვიდისა და კეთილგანწყობის განსახიერებაა. ის მუდმივად იღიმება, არსად ეჩქარება და ხმასაც არასოდეს უწევს, მაგრამ არ მოტყუვდეთ — ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში და კონფლიქტური ნიშანია, რადგან მისი აგრესია ზვავივით გროვდება. კურო დიდხანს ითმენს, თავს ისე გაჩვენებს, თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ისე იფეთქებს, რომ გადარჩენას ინატრებთ.

აფეთქების მიზეზი ყოველთვის ერთია — თქვენ კუროსთვის წმინდა თემას: მის კომფორტს, ფულს, პირად სივრცეს ან ჩვეულ ცხოვრების წესს შეეხეთ. გაბედეთ და მისი საყვარელი ფინჯანი მაგიდის მეორე ბოლოში გადადგით? გადადეთ ვახშამი, რომლისთვისაც ის უკვე განეწყო? მალე დაინახავთ, როგორ გადაიქცევა ერთგული და მშვიდი არსება გაცოფებულ ხარად.

კუროსთან ურთიერთობის საიდუმლო მისი საზღვრების პატივისცემაა. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი წინასწარ, სიურპრიზების გარეშე განიხილოთ და მის გატაცებებს არასოდეს დასცინოთ. გაუფრთხილდით კუროს სიმშვიდეს და ის თქვენთვის მსოფლიოში ყველაზე ერთგული მეგობარი გახდება.

ლომი

ლომს გულწრფელად სჯერა, რომ სამყაროს ცენტრია. ამას ცუდი განზრახვით როდი აკეთებს — უბრალოდ, ყურადღებას, ქებასა და აღფრთოვანებას მიჩვეულია და როდესაც ამის ნაცვლად კრიტიკას ან უგულებელყოფას აწყდება, იწყება ერთი მსახიობის სპექტაკლი თემაზე „როგორ ვერ შემაფასეს სათანადოდ“.

ლომთან დაპირისპირება უბრალო ჩხუბი კი არა, ნამდვილი დრამაა. ის ისე ხმამაღლა და პათეტიკურად ილაპარაკებს, რომ თავს დაბალბიუჯეტიანი სერიალის მთავარ ბოროტმოქმედად იგრძნობთ. გახსოვდეთ, რომ ლომი საკუთარ შეცდომას არასოდეს აღიარებს. ის ყოველთვის იპოვის საშუალებას, რომ დამნაშავედ თქვენ გამოგაჩინოთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ლომთან დაპირისპირება? არასოდეს გააკრიტიკოთ ლომი სხვების თანდასწრებით. მხოლოდ პირისპირ, ძალიან ფრთხილად უთხარით და საუბარი აუცილებლად კომპლიმენტით დაიწყეთ. მაგალითად: „მარშრუტი გენიალურად შეგირჩევია, მაგრამ ამ ჩიხს გვერდი რომ ავუაროთ, უკეთესი ხომ არ იქნება?“. ლომი მაშინვე თაფლივით დატკბება, რადგან მის დიდებულებას საფრთხე არ დამუქრებია. აი, თუ შეცდომაზე სახალხოდ მიუთითებთ, მაშინ მეფური რისხვისთვის უნდა მოემზადოთ.

მორიელი

მორიელებზე იმდენი მითი არსებობს, რომ ძნელია გაარჩიო, სად არის სიმართლე და სად ტყუილი, თუმცა ერთი რამ უდავოა — ის კონფლიქტს პარტიზანული ომივით აწარმოებს. არავითარი ყვირილი და ჭურჭლის ლეწვა. მორიელი თქვენს შეცდომას მეხსიერების შორეულ უჯრაში შეინახავს და დარტყმის მისაყენებლად იდეალურ მომენტს დაელოდება. ეს ერთ თვეში მოხდება, ნახევარ წელში, თუ ერთ წელიწადში, სულ ერთია — მას არაფერი ავიწყდება.

ღია დაპირისპირებისას მორიელი თავისი გამჭრიახობითაა საშიში. ის მყისიერად პოულობს თქვენს ყველაზე სუსტ წერტილს და ზუსტად იქ გარტყამთ, თანაც ამას ისე ოსტატურად აკეთებს, რომ თავიდან ვერც მიხვდებით, რა ხდება. როცა მიხვდებით, უკვე გვიანი იქნება და ვეღარაფერს შეცვლით.

მორიელთან საპასუხო მანიპულაციებს არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ. ის ამას შორიდან იგრძნობს და ფსონებს გააორმაგებს. საუკეთესო გზა გულწრფელობაა. პირდაპირ უთხარით: „არ ვიყავი მართალი, მოდი პრეტენზიების გარეშე ვილაპარაკოთ“. მორიელი სიმამაცეს აფასებს და დიალოგს დათანხმდება. გახსოვდეთ, თუ მორიელმა გაპატიათ, აღარ დაგიპირისპირდებათ, უბრალოდ, იგივე შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროთ.

თხის რქა

თხის რქა ხმას იშვიათად უწევს, სკანდალებს არ აწყობს და თეფშებს არ ისვრის, თუმცა, მისი კონფლიქტის ხერხი კარგად გათვლილი და დაუნდობელი კრიტიკაა. თხის რქა არ იყვირებს, ის მშვიდად და აუღელვებლად ჩაგიშლით ყველა გეგმას, თანაც ამას ისე გააკეთებს, რომ თავს დაფასთან მდგარ უსუსურ მოსწავლედ იგრძნობთ.

ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ თხის რქა მშვიდობისთვის კომპრომისზე არასოდეს მიდის. თუ ფიქრობს, რომ მტყუანი ხართ, თავისას ბოლომდე გაიტანს.

თხის რქასთან ურთიერთობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ არგუმენტები დისერტაციასავით მოამზადოთ: ფაქტები, ციფრები, მაგალითები. აჩვენეთ, რომ მის დროსა და შრომას აფასებთ. თხის რქა შაქარივით დადნება თუ საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება დაინახა. თუ უბრალოდ მიახლით „რა ვიცი, მე ასე მეჩვენება“, მის კეთილგანწყობას ვერასოდეს მოიპოვებთ.

ტყუპები

კონფლიქტში მათი მოქმედების განსაზღვრა შეუძლებელია. მათ შეუძლიათ კამათი მხოლოდ არაფრის გამო დაიწყონ. მოსწონთ პაექრობა და იმის საპირისპიროს მტკიცება, რასაც ახლახან თავგამოდებით იცავდნენ. ტყუპებისთვის ჩხუბი ინტელექტუალური თამაშია, თქვენთვის კი — ნამდვილ ნერვების გლეჯად იქცევა.

ჭკუიდან რომ არ გადახვიდეთ, ტყუპების გადარწმუნებას ნუ ეცდებით. უბრალოდ მოიცადეთ, სანამ ეს ტალღა გადაივლის და საუბარი სხვა მიმართულებით გადაიტანეთ: „მოდი, დისკუსია გადავდოთ, ახლა შენი აზრი კონკრეტულ საკითხზე მჭირდება“. ან უბრალოდ დაეთანხმეთ: „ მართალი ხარ, მიკვირს, მე თვითონ როგორ ვერ მივხვდი!“. ტყუპები კამათის ინტერესს მაშინვე დაკარგავენ — მათ ხომ ცოცხალი ოპონენტი სჭირდებათ და არა საკუთარი ხმის ექო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რისი გაკეთება არ შეიძლება საკუთარ დ...

რისი გაკეთება არ შეიძლება
საკუთარ დაბადების დღეს?

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც მარტ...

ზოდიაქოს სამი ნიშანი,
რომელსაც მარტში
ფინანსებთან სიფრთხილე
მართებს

ახალი წლის ღამეს დაბადებული ბავშვებ...

ახალი წლის ღამეს დაბადება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც საიდუმლ...

ჭორიკანა ზოდიაქოს
ნიშნები

მუდმივად უკმაყოფილოები - ზოდიაქოს 4...

მუდმივად უკმაყოფილოები -
ზოდიაქოს 4 ნიშანი

რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშან...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის...

რომელია თქვენი ზოდიაქოს
ნიშნისთვის მნიშვნელოვანი
ასაკი

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 2,...

2, 11, 20 და 29 რიცხვში
დაბადებულებისთვის

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადა...

დაბადების საათი და
ადამიანის ბედი