მწვავე ბრონქიტი - ზამთრის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება

ექიმის კონსულტაცია

10 იანვარი 20:00, 2016 წელი
180

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მწვავე ბრონქიტს და როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან?! ექიმი თერაპევტი ნინო თავდგირიძე გირჩევთ:


რა დაავადებაა მწვავე ბრონქიტი?
მწვავე ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირია ზამთრის პერიოდში. დაავადება თანაბრად გვხვდება ორივე სქესის ადამიანებში, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც 15 წლამდე ბავშვები ავადობენ.

გამომწვევი მიზეზები
მწვავე ბრონქიტს, უპირატესად, იწვევს ისეთი რესპირაციული ვირუსები, როგორიცაა:
გრიპის ვირუსი; ადენოვირუსი; რინოვირუსი; კორონავირუსი; პარაგრიპის ვირუსი; მარტივი ჰერპეს-ვირუსი და ა.შ.
არანაკლებ ხშირი გამომწვევია სხვადასხვა ბაქტერია, მაგალითად:
პნევმოკოკი; სტრეპტოკოკი; სტაფილოკოკი; მიკოპლაზმა და სხვ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი რისკ-ფაქტორებიც, როგორიცაა:
გადაციება; ცხვირით სუნთქვის გაძნელება; ცხვირ-ხახის ქრონიკული ინფექციები; იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; თამბაქოს მოწევა (მათ შორის პასიურიც); ალკოჰოლიზმი; რეფლუქს-ეზოფაგიტი; გარემოს დაბინძურება (გამაღიზიანებელი ან მომწამლავი აირები).




სიმპტომები
რადგან მწვავე ბრონქიტი უხშირესად რესპირაციული ვირუსებითაა გამოწვეული, ამიტომ ის პირველ ეტაპზე რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ვლინდება:
შემცივნება; საერთო სისუსტე; მსუბუქი ცხელება (არაუმეტეს 3-4 დღისა); ცხვირიდან გამონადენი; ყელის ტკივილი; კუნთების ტკივილი; ხმის ჩახლეჩა, სხეულის ტემპერატურის მომატება.
ძირითადი კლინიკური ნიშანია ხველა, რომელიც დაავადების დაწყებიდან 2-4 დღის შემდეგ იჩენს თავს. თავიდან ის მშრალია, შემდეგ კი პროდუქტიული (ლორწოვანი, ან ჩირქოვანი) ხდება. ხველა შეიძლება იმდენად ძლიერიც კი იყოს, რომ ის გულ-მკერდის ან მუცლის კუნთების ტკივილსაც კი იწვევდეს.
ბრონქიტის სიმპტომები, ჩვეულებრივ, 2 კვირამდე გრძელდება, თუმცა იშვიათად შეიძლება ხველა უფრო გახანგრძლივდეს.
ასეთ შემთხვევაში, თუ სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება, ხოლო მთელ რიგ შემთხვევებში - სერიოზული გართულებების რისკი წარმოიქმნება.


რა შემთხვევაში ექვემდებარება ავადმყოფი ჰოსპიტალიზაციას?
ჩვეულებრივ, მწვავე ბრონქიტის მკურნალობა ამბულატორიულად ტარდება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაციის ჩვენებებია:
სიმპტომების 3-4 კვირაზე მეტად გახანგრძლივება; ზოგიერთი თანმხლები დაავადება (გულის თანდაყოლილი ანომალია, ფილტვის ქრონიკული პათოლოგია, ნევროლოგიური დარღვევები); საკვებისა და სითხის მიღების შეუძლებლობა; ტოქსიკოზის ნიშნები (ამ დროს, საეჭვოა ბაქტერიული ტრაქეიტის ან პნევმონიის არსებობა); სოციალური პრობლემები (ოჯახში მოვლის, მეთვალყურეობის დეფიციტი ან არარსებობა); სიცოცხლისთვის საშიში ნიშნების გამოვლინება.

დაავადების დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ეყრდნობა:
ანამნეზის მონაცემებსა და კლინიკურ სიმპტომებს;
პულსოქსიმეტრიას (ჟანგბადის სატურაციის განსაზღვრას);
გულ-მკერდის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;
სეროლოგიურ ტესტს;
ნახველის ლაბორატორიულ გამოკვლევას;
პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (თუმცა ეს მეთოდი ძვირია და რუტინულად არ გამოიყენება).
საჭიროა დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარება: პნევმონიასთან; ბრონქულ ასთმასთან; კარდიოვასკულურ დაავადებებთან და ფილტვის პარენქიმის დაზიანებასთან.

მკურნალობა
ხშირ შემთხვევაში, მწვავე ბრონქიტის მკურნალობა სიმპტომატურია და საკმარისია:
წოლითი რეჟიმის დაცვა; შენობის კარგად განიავება; თბილი სითხეების ჭარბად მიღება; სითბური პროცედურების ჩატარება და ა.შ.
როგორც წესი, ანტიბიოტიკების გამოყენება რეკომენდებული არ არის (რადგან ანტიბიოტიკები ვირუსებზე ზემოქმედებას ვერ ახდენს), თუმცა მათი დანიშვნა აუცილებელი ხდება იმ შემთხვევაში, თუ:
მწვავე ბრონქიტი ბაქტერიული ინფექციის გამო წარმოიქმნა; მწვავე ბრონქიტი ბაქტერიული ინფექციის თანდართვით გართულდა; პაციენტს ფილტვის ან გულის ქრონიკული დაავადება აქვს.
ტემპერატურის, ანთებითი მოვლენებისა და შემაწუხებელი მშრალი ხველის დროს   ნაჩვენებია:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, ტემპერატურის დამწევების, ამოსახველებელი საშუალებების და ა.შ. გამოყენება.



პროფილაქტიკა
მწვავე ბრონქიტს თავიდან აგაცილებთ პროფილაქტიკის ისეთი მარტივი საშუალებები, როგორიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი; პირადი ჰიგიენის დაცვა;  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება; თამბაქოს მოწევის შეწყვეტა და პასიური მწეველობის თავიდან აცილება; სუფთა ჰაერზე სეირნობა; საწარმოო მტვერთან კონტაქტისას სპეციალური დამცავი რესპირატორების ტარება; ვიტამინებით სავსე პროდუქტების (დიდი რაოდენობით ხილის, განსაკუთრებით კი - ციტრუსების მიღება) და სხვ.