არსებობენ ადამიანები, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციებში ობიექტური განსჯის უნარს არ კარგავენ და ყოველთვის შეუძლიათ, ჯანსაღად შეაფასონ შექმნილი ვითარება.
ტყუპი
ტყუპებს მოქნილი ენა და გამჭრიახი გონება აქვთ. ტყუპი მერკურის შვილია, ამიტომ ნებისმიერი სირთულის სიტუაციაში, მინიმუმ, სამი ალტერნატიული სვლა მაინც აქვთ საიმისოდ, რომ მოცემული რეალობა კონფლიქტურ წერტილამდე არ მიიყვანონ. მათ შეუძლიათ, იყვნენ შესანიშნავი შუამავალი და ინფორმაციის მიმღებ-გადამცემ-გამავრცელებლები. შემთხვევითი როდია, რომ ტყუპი ხშირად გვხვდება ჟურნალისტურ სარბიელზე. გარდა ამისა, ტყუპებს აქვთ უნარი, სიტუაცია ზედაპირულად, მრავალმხრივ ჭრილში შეაფასონ, რის ხარჯზეც ისინი ამ სიტუაციას დაინტერესებულ ან დაპირისპირებულ მხარეებსაც ობიექტურად დაანახვებენ და აუხსნიან, სად გადის მტყუან-მართალს შორის ზღვარი.
სასწორი
ეს ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე ტაქტიანი და მშვიდობისმოყვარეა. სასწორი ვერ იტანს ჩხუბსა და უხეშობას. თუმცა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის ხშირად ებმება კამათში, მაგრამ არასოდეს იბრძვის საკუთარი სიმართლის აგრესიული მეთოდებით დასამტკიცებლად. მას შეუძლია, დაპირისპირებული მხარეების მოსმენა, სიტუაციის გონივრული ანალიზი და მოპაექრეების ოსტატურად დაზავება. შემთხვევითი როდია, რომ სასწორებს შორის არაერთ ადვოკატსა და იურისტს ვხვდებით. ამასთანავე, ხასიათის ისეთი თვისებებით, როგორიცაა სირბილე, ტაქტიანი საუბარი და მუდმივი ღიმილი სახეზე, სასწორი საზოგადოებას დადებითად განაწყობს საკუთარი პერსონის მიმართ, რაც, დამეთანხმებით, უმთავრესი ფაქტორია ნდობის მოსაპოვებლად, თუნდაც კონფლიქტურ სიტუაციაში.
მერწყული
მერწყული დიდი ჰუმანისტი და გლობალურად მოაზროვნე ინდივიდია. მერწყული ვერ იტანს ძალმომრეობას. ამიტომ მზადაა, ებრძოლოს მის ნებისმიერ გამოვლინებას. თუმცა ბრძოლა მერწყულის შემთხვევაში მუშტი-კრივით ან აგრესიით არასოდეს გამოიხატება. ამ ადამიანებს უყვართ ჯგუფური საქმიანობა, მიისწრაფვიან იმისკენ, რომ საზოგადოება რაიმე ერთი იდეით, ერთი სულისკვეთებით გააერთიანონ. შესაბამისად, მუდმივად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ნებისმიერი ტიპის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. მერწყული ყოველთვის ზუსტად იაზრებს ამა თუ იმ მოვლენის სამომავლო პერსპექტივებს, მას აქვს ე.წ. „ურანული ხედვა“, რომელიც საშუალებას აძლევს მას, „მომავალში ჩაიჭყიტოს“ და გაიგოს, რა იქნება ხვალ, ზეგ ან სულაც ერთი საუკუნის შემდგომ. ამიტომ ეს ადამიანები, მუდმივად ცდილობენ, სწორად და რაც მთავარია, ნაყოფიერად გამოიყენონ უმთავრესი რესურსი – დრო, რომელიც ჩვენს საუკუნეში ყველაზე ძვირად ფასობს. შესაბამისად, მერწყულზე უკეთ არავინ იცის, რატომ არ ღირს მისი ხარჯვა ფუჭად, სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების წამოსაწყებად.