თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელი ევროპის ჰიგიენის დონეს და იმას, რომ ალქიმიკოსები, ვირთხის საწამლავის ნაცვლად, ფილოსოფიური ქვის ძიებით იყვნენ დაკავებული, შეგვიძლია, რწყილების გავრცელების მასშტაბებიც წარმოვიდგინოთ.
ადამიანის ტანზე მოხტუნავე რწყილი სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. უფრო მეტიც, ხშირად პატარა მოხტუნავე მწერი ადამიანების ექსტრავაგანტური გართობის საგანიც ხდებოდა.
მაგალითად, მე-17 საუკუნის ფრანგ კავალერებში მოდურად ითვლებოდა საყვარელი ქალის ტანზე დაჭერილი რწყილის სახსოვრად შენახვა.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანებს რწყილები სიამოვნებას არ ანიჭებდათ და ყველანაირად ცდილობდნენ, მათგან განთავისუფლებას.
ამისთვის წარჩინებულმა ქალბატონებმა ბუნებრივი ბეწვისგან დამზადებული პატარა ტომსიკების ტარება დაიწყეს. მათი გათვლით, მომაბეზრებელი ხტუნიებისთვის ფუმფულა ბეწვი ქალბატონის სხეულზე უფრო მიმზიდველი უნდა ყოფილიყო. ტომსიკაზე შეგროვებული რწყილებისგან განთავისუფლება კი გაცილებით ადვილი იქნებოდა.
მალე ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაფორმებული ბეწვის ტომსიკები წარჩინებული ქალბატონების აუცილებელ აქსესუარად იქცა.
ამის გარდა, რწყილების მისატყუებლად კარგ საშუალებად ითვლებოდა ხელში დედოფალას, ყარყუმის ან მინიატურული ძაღლის დაჭერა. პატარა ცხოველებს, ადამიანთან შედარებით, მაღალი ტემპერატურა აქვთ, ამიტომ რწყილები ადამიანის სხეულზე მეტად მათ სხეულს ეტანებოდნენ.
ცნობისთვის, სწორედ აქედან იღებს სათავეს მინიატურული ცხოველის ჩანთით ტარების თანამედროვე, გლამურული მოდა.