რას საქმიანობს დღეს დიქტატორების შთამომავლობა?

იცით თუ არა...

17 აპრილი 15:00
1888

მშობლებს არ ირჩევენ, მაგრამ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, თუკი მისი მშობელი სისხლიანი დიქტატორია? ეს უდავოდ მძიმე არჩევანია უდანაშაულო ბავშვისთვის. ბევრმა მოახერხა მშობლის გავლენისა და ცოდვებისგან განთავისუფლება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მამის კვალს გაჰყვა...

სისხლიან დიქტატორებზე საუბრისას, პირველი, ვინც ადამიანს თავში მოსდის, ადოლფ ჰიტლერია. ცნობილია, რომ ჰიტლერსა და ევა ბრაუნს, რომელთანაც თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე იქორწინა, შვილები არ ჰყოლიათ, თუმცა 1977 წელს ფრანგმა მოქალაქემ ჟან-მარი ლორემ განაცხადა, რომ ის ჰიტლერის უკანონო შვილია. დედამისი შარლოტ ლობჟუა პარიზის ერთ-ერთ კაფეში პროფესიონალი მოცეკვავე გახლდათ.
ჟან-მარის ბებია და ბაბუა ზრდიდნენ, რომლებთანაც ცხოვრების პირველი შვიდი წელი გაატარა. მოზრდილობის ასაკში, ის ფრანგულ ჯარში მსახურობდა, მოგვიანებით კი საკუთარი ბიზნესის ხაზი გახსნა.
სიკვდილის წინ დედამ ჟან-მარის გაუმხილა, რომ ის ადოლფ ჰიტლერის უკანონო შვილია. ბელგიელმა ჟურნალისტმა ჟან-პოლ მადლერმა სიმართლის დასადგენად ლორესთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარება სცადა. მისი თქმით, ანალიზის შედეგად, ჟან-მარის ჰიტლერთან ნათესაური კავშირი სრულიად გამოირიცხა, თუმცა ზოგიერთებს ანალიზების შედეგები სარწმუნოდ არ მიაჩნიათ და ახალ კვლევებს ატარებენ. ვინ იცის, იქნებ დაადგინონ კიდეც, ვინ არის მე-20 საუკუნის ყველაზე სისხლიანი დიქტატორის შთამომავალი.



იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის უფროსი ქალიშვილი ედა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ გალეაცო ჩიანოს გაჰყვა ცოლად. ის სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაშინ როცა იტალიელი ქალების უფლებები საშინლად ილახებოდა, თუმცა ფაშისტმა დიქტატორმა საკუთარი შვილიც არ შეიბრალა. როცა ედას ქმარმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ხმა მუსოლინის წინააღმდეგ მისცა, საბჭომ ჩიანო ღალატში დაადანაშაულა და, ედას მუდარის მიუხედავად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ჰიტლერი და მუსოლონი განაჩენის აღსრულებას პირადად ადევნებდნენ თვალს. ამის შემდეგ ედამ საკუთარ ოჯახზე უარი თქვა და შვეიცარიაში გაიქცა.
ედა ჩიანოს სამი შვილი დარჩა. მათ შორის უფროსმა ფაბრიციომ დაწერა მემუარების წიგნი „როცა, ბაბუას ბრძანებით, მამა დახვრიტეს“ (Quando Il Nonno Fece Fucilare Papà).


ერაყის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი ისტორიაში მონსტრის სახელით შევიდა. მისი შვილი უდეიც მამის კვალს გაჰყვა. როგორც The Guardian იუწყება, დიქტატორის შვილის საყვარელ საქმიანობას ადამიანების მკვლელობა, გაუპატიურება და წამება წარმოადგენდა.
უდეი ფუფუნების მოყვარული ახალგაზრდა იყო. მას უამრავი ძვირფასი ავტომობილი და ძვირფასი ტანსაცმელი ჰქონდა. იმავე გამოცემის თანახმად, უდეი გონების დაკარგვამდე სცემდა ცოლებს. სადისტური მიდრეკილებების მქონე უდეის მამის პირადი მცველი ცემაში შემოაკვდა და საკუთარი ბაბუა იარაღით ფეხში დაჭრა. უდეი, თავის ძმასთან კუსეისთან ერთად, ამერიკულ ჯარებთან შეტაკების დროს, მოსულში მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ძმები ნავთობის კონტრაბანდით იყვნენ დაკავებული.


ლიბიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუამარ კადაფი, რომელმაც თავის ქვეყანას ყველაზე გრძელი საირიგაციო მარშრუტი აჩუქა, პასუხისმგებელია ბოინგ PA 103-ის აფეთქებაზე. აფეთქების შედეგად, ლაინერის 234 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი დაიღუპა. კადაფიმ ტრაგედია საკუთარ თავზე აიღო და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას დასთანხმდა, თუმცა ბოლომდე უარყოფდა, რომ ტერორისტული აქტის განკარგულება თავად გასცა.
ჭორების თანახმად, კადაფის ვაჟები აწყობდნენ დახურულ წვეულებებს ბიონსესა და მერაია ქერის მონაწილეობით. მომღერლებს თითოეულ გამოსვლაში მილიონებს უხდიდნენ. კადაფის უმცროსი ვაჟი მუტასიმი, მამის მსგავსად, 2011 წელს სიკვდილით დასაჯეს.


„ალ-ქაიდას“ დამფუძნებლის უსამა ბინ ლადენის მეოთხე ვაჟმა ომარმა დაწერა წიგნი „ბინ ლადენის აღზრდილი“, რომელშიც მკითხველს მოუყვა, როგორი ძნელია მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტის ოჯახში ცხოვრება.  


„ალბათ, ხვდებით, რომ მამა არასოდეს მანებივრებდა. ის არასოდეს გვეფერებოდა მე და ჩემს ძმებს. ვცდილობდი, მისგან მცირეოდენი სიყვარული მიმეღო, მაგრამ პასუხად მესმოდა, რომ მომაბეზრებელი ვარ“, - იხსენებდა ომარი. ომარ ბინ ლადენმა მომავალი მეუღლე  ცხენით გასეირნების დროს გაიცნო და მალევე დაქორწინდა. ამჟამად ომარი  მსოფლიოს კეთილი ნების ელჩობაზე ოცნებობს.