რა უნდა გავაკეთოთ 2020 წლამდე, რათა კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების იმედი გვქონდეს?
ამ კითხვას კონკრეტული გეგმით პასუხობენ კლიმატის მსოფლიო ექსპერტები, მათ შორის - კრისტიანა ფიგუერესი, კოსტა-რიკელი დიპლომატი, გაეროს კლიმატის ცვლილებების კომისიის თავმჯდომარე 2010-2016 წლებში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი (ჟურნალ TIME-ის 2016 წლის) რეიტინგით და ბუნების აქტიური დამცველი.
კლიმატური კატასტროფა
ექსპერტების განმარტებით, გლობალური ტემპერატურის 1 გრადუსით ზრდაც კი ოკეანეებში ყინულის დნობას და ეკოსისტემების რღვევას იწვევს. ჩვენ მოვახერხეთ, შეგვემცირებინა ნარშირორჟანგის გამოყოფა, თუმცა ის კვლავ ატმოსფეროში რჩება, ამიტომ ჰაერის ტემპერატურა კვლავ სისტემატურად იზრდება. შესაძლოა, მომდევნო სამი წელი ამ სიტუაციაში გარდამტეხი აღმოჩნდეს, თუმცა პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ.
ექსპერტთა განცხადებით, შანსი კიდევ გვაქვს - უკვე არსებობს ტემპერატურის ზრდის შემაკავებელი პროცედურები, რომლებსაც რაც უფრო ადრე ავამოქმედებთ, უკეთესი იქნება.
მაინც, როგორი უნდა იყოს 2020 წელს მსოფლიო, რათა საშიში და დამანგრეველი კლიმატის ცვლილებები თავიდან ავიცილოთ?
განახლებადი ენერგიის წყაროები
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ელექტრომომარაგების არანაკლებ 30% განახლებადი ენერგიის წყაროებზე უნდა მოდიოდეს, რაც დღეს 6.5%-ით მეტია, ვიდრე 2015 წლის მაჩვენებელი.
2050 წლისთვის მშენებლობა და ინფრასტრუქტურა მთლიანად დეკარბონიზებული უნდა იყოს (დეკარბონიზაცია - მასალის ნახშირბადისგან გათავისუფლება). ამასთანავე, მძიმე მრეწველობამ ეფექტურობის გაზრდა და გამონაბოლქვის შემცირება უნდა შეძლოს.
ტრანსპორტი
ტრანსპორტის გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა, ამიტომ ახალი ავტომობილების რაოდენობის არანაკლებ 15% ელექტროავტომობილებზე უნდა მოდიოდეს, რაც ამჟამინდელ 1%-ზე გაცილებით მეტია. უნდა შემუშავდეს გეგმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამონაბოლქვისა და თვითმფრინავებიდან სითბური აირების გამოყოფის 20%-ით შემცირებაზე.
ტყის საფარის აღდგენა
თუ 2020 წლამდე ტყეების მასიური ჩეხვა შეწყდება და 2030 წლისთვის ტყეების აღდგენას შევუდგებით, ეს მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას არამხოლოდ ნულამდე დაიყვანს, არამედ დაიცავს წყალს დაბინძურებისგან და ბიომრავალფეროვნებას გადაარჩენს.
დაფინანსება
როცა საქმე დაფინანსებაზე მიდგება, ქვეყნების მთავრობებმა მუშაობა უნდა გაააქტიურონ, რადგან ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლიმატის სფეროში მოქმედებისთვის საჭირო თანხის უდიდესი ნაწილი კერძო სექტორიდან შევა.
როგორ ავიცილოთ კატასტროფა?
ზემოჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, აუცილებელია სამოქმედო პოლიტიკის განსაზღვრა მეცნიერული დასკვნების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებმა უნდა იცოდნენ, უკეთ როგორ განახორციელონ საკუთარი იდეა, ხოლო პოლიტიკოსებმა უფრო ყურადღებით უნდა მოუსმინონ მათ.
ამის შემდეგ, აუცილებელია არსებული ღონისძიებების მასშტაბების გაფართოება, თანაც რაც შეიძლება, სწრაფად. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის სრული მოცულობის მიღების გეგმა.
დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი პრობლემის მიმართ ჩვენს მიდგომაზეა დამოკიდებული. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც სირაქლემასავით თავს ქვიშაში მალავენ და კლიმატური ცვლილებების გლობალურ რისკებს არ აღიარებენ, მაგრამ ჩვენ განწყობილნი ვართ, რომ ასეთი დამოკიდებულება შევცვალოთ. ვიყოთ ოპტიმისტები და ერთობლივად ვიმოქმედოთ, - ამბობენ წერილის ავტორები.