ამბობენ, რომ კაცობრიობის არსებობის მანძილზე კოღოებმა 45 მილიარდამდე ადამიანი მოკლეს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ცხოველისა და მწერის კვების ძირითადი რაციონი სისხლია, რადგან ის მდიდარია საკვები ნივთიერებებით და განსაკუთრებით, ცილებით.
სწორედ ასეთი მწერების რიცხვს განეკუთვნება კოღო, თუმცა სისხლზე მოთხოვნა მხოლოდ დედალ კოღოებს აქვთ, რადგან სისხლის შემადგენლობა კვერცხების რამდენჯერმე დადებაში ეხმარებათ.
მამალი კოღოები „ვეგეტარიანულ დიეტას“ არჩევენ და მცენარის ნექტარს გეახლებიან.
ზოგჯერ მცენარეულ კვებაზე დედალი კოღოებიც გადადიან, თუმცა, ამ დროს კვერცხების დადებას ვეღარ ახერხებენ.
კოღო პოტენციურად სასიკვდილო ასობით დაავადების გადამტანია, მათ შორის:
მალარიის, ციებ-ცხელების, დენგეს, ენცეფალიტის, ფილიარიოზის და ელეფანტიაზის (სპილოს დაავადება).
დღესაც ეს პაწაწინა მკვლელი ყოველ 12 წამში ერთ ადამიანს კლავს, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლომდე აზრად არავის მოსვლია, რომ კოღო საშიში, მასიური მკვლელია.
1877 წელს ცნობილმა ინგლისელმა პარაზიტოლოგმა და ტროპიკული მედიცინის მამად წოდებულმა სერ პატრიკ მენსონმა, რომელიც, ასევე, „მოსკიტი მენსონის“ სახელით არის ცნობილი, დაამტკიცა, რომ „სპილოს დაავადება“ კოღოს კბენის შედეგად ჩნდება.
17 წლის შემდეგ, 1894 წელს მენსონს გაუჩნდა აზრი, რომ ელეფანტიაზის გარდა, კოღოები იმ დროისთვის ერთ-ერთი საშინელი დაავადების - მალარიის გადამტანებიც არიან. მენსონი ირწმუნებოდა, რომ მალარიის საწინააღმდეგო საშუალება შექმნა, თუმცა მისი არავის სჯეროდა.
მაშინ მან თავის მოსწავლეს, იმ დროისთვის ახალგაზრდა ექიმს რონალდ როსს შესთავაზა ამ ჰიპოთეზის შემოწმება.
როსიმ შეძლო, დაემტკიცებინა, რომ დედალ კოღოს plasmodium-ის პარაზიტი ნერწყვის საშუალებით გადააქვს და თავისი თეორია ფრინველებზე გამოსცადა.
მენსონმა კი გაცილებით რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და რომიდან სპეციალურად ჩამოყვანილი მალარიის კოღოებით საკუთარი შვილი დააავადა. ამ ფაქტმა სამედიცინო წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან იმ დროისთვის მალარიის სამკურნალო საშუალება არ არსებობდა, მაგრამ მენსონმა ქინაქინით მკურნალობის გზით ბიჭუნა სწრაფად გამოაჯანმრთელა.
1902 წელს როსიმ მედიცინის დარგში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემია მიიღო. მენსონი კი სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს და სერის ტიტული უბოძეს. მალე მან ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლა დააფუძნა.
დღეისთვის, კოღოს 2500 სახეობაა ცნობილი. მათგან 400 anopheles-ის ოჯახის წარმომადგენელია, ხოლო 40 სახეობა მალარიის გადამტანია.
დედალი კოღოები კვერცხებს დამდგარ ან მდორე წყალში დებენ, ხოლო ადამიანის სისხლს მათი მომწიფებისთვის იყენებენ. კოღოს კვერცხებიდან იჩეკება მატლები, რომლებიც წყლის მცენარეებით იკვებება. სისტემატურად ამოდის წყალსატევის ზედაპირზე და ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქავს. დედალ კოღოებს იზიდავს ნესტიანი ადგილები, რძის სუნი, ნახშირორჟანგი, სხეულის სითბო და მოძრაობა. შესაბამისად, კოღო სხვებზე მეტად, გაოფლიანებულ ადამიანებსა და ფეხმძიმე ქალებს ეტანება.