ჩელიაბინსკელმა პენსიონერმა ნადეჟდა ზუბკოვამ ფოსტით საკუთარი გარდაცვალების ცნობა 2013 წელს მიიღო.
სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ჩინოვნიკებმა ყურადღება არ მიაქციეს, რომ ამ ქალბატონს არასდროს უცხოვრია პერმში და არც შაქრიანი დიაბეტი ჰქონია, რაც გარდაცვალების მიზეზად იყო დასახელებული.
თუმცა გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმებას და პენსიონერი ქალბატონის ცოცხლად გამოცხადებას სასამართლოში ოთხწლიანი დავა დასჭირდა. პროკურატურის წარმომადგენლებმა ზუბკოვას აუხსნეს, მისი პრობლემის მოგვარება მხოლოდ სამართლებრივი გზით იყო შესაძლებელი.
პენსიონერის რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, საპენსიო ფონდის თანამშრომლებს „გარდაცვლილისთვის“ პენსიის ჩარიცხვა არ შეუწყვეტიათ.
ნადეჟდა ზუბკოვა სასამართლოში საკუთარი ფეხით მივიდა და განაცხადა, რომ ცოცხალია და ჯერჯერობით სიკვდილს არ აპირებს.
ზუბკოვა საბოლოოდ ცოცხლად აღიარეს, თუმცა ოთხწლიანმა სასამართლო პროცესმა ისე დაღალა, რომ მორალური ზიანისთვის ფულადი კომპენსაცია აღარ მოუთხოვია.