მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზღვის წყლების გაყოფა მთვარის ციკლისა და მასზე დამოკიდებული მოქცევა-მიქცევის გამო ხდება. ამ საოცარი მოვლენის სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან უამრავი ტურისტი ჩადის.
3-კილომეტრიანი ბიბლიური ბილიკი ჩოლა-ნამდოს პროვინციაში მდებარეობს. ტურისტები ამ ადგილს ყველაზე ხშირად მაისში სტუმრობენ, თუმცა უფრო ძლიერი გადინება შემოდგომასა და ზამთარს ახასიათებს. ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები შუაგულ ზღვაში სასწაულებრივად გაჩენილ ბილიკზე სეირნობენ და ზღვის სუვენირებს აგროვებენ.
ამ ფენომენის შესახებ მსოფლიომ საფრანგეთის ელჩის პიერ რანდის წყალობით შეიტყო, რომელმაც 1975 წელს, ჩანდოში ვიზიტის შემდეგ ადგილობრივ გაზეთში სტატია გამოაქვეყნა.
ამ მოვლენაში ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ „მოსეს ბილიკზე“ გავლა მატერიკიდან კუნძულამდეა შესაძლებელი.
კორეელებს ამ ფენომენის საკუთარი ახსნა აქვთ.
ლეგენდის თანახმად, პატიმარი, სახელად სონ დონ ჩჟინი კუნძულ ჩეჩჟუდოზე გადაასახლეს. გზაში გემი საშინელ შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა, თუმცა სონიმ და მისმა ახლობლებმა გადარჩენა და უახლოეს კუნძულამდე, ჩინდომდე მიღწევა შეძლეს. დონ ჩჟინის შთამომავლები კუნძულზე 200-ზე მეტი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ და გამუდმებით კუნძულის ბინადარი ვეფხვების მოგერიება უწევდათ.
საბოლოოდ, ვეფხვებისგან თავის დასაღწევად, უახლოეს კუნძულ მოდოზე გადასახლება გადაწყვიტეს, თუმცა სიჩქარეში ერთი მოხუცი ქალი ჩინდოზე დარჩათ.
ატირებული ქალი ზღვის დრაკონს შეევედრა, რომ გზა გაეხსნა და ახლობლებამდე მიღწევაში დახმარებოდა. ზღვის დრაკონმა ქალის მუდარა შეისმინა, წყალი შუაზე გაიხსნა და ქალი ოჯახს შეუერთდა.
მას შემდეგ, კუნძულზე ყოველწლიურად იმართება მოხუცი ქალისა და ზღვის დრაკონის მიერ მოხდენილი სასწაულის გასახსენებელი რიტუალი.
„მოსეს ბილიკს“ კი მოხუცი ქალისა და ვეფხვების ძეგლები ამშვენებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზღვა მხოლოდ 1-2 საათით იხსნება, ამიტომ ტურისტები ჩქარობენ, რომ მოქცევამდე ნაპირზე გასვლა მოასწრონ.
მათ, ვინც დროში ვერ ჩაეტევა, საგანგებოდ მობილიზებული მაშველები და პოლიციელები ეხმარებიან.