ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალების ვიაგრას მთავარ კომპონენტს სილდენაფილს ანტიმიკრობული და ანტისიმსივნური თვისებები აქვს!
„თუ ჩვენი პროგნოზი კლინიკური ცდებით დადასტურდა, ვიაგრისა და ვაქცინის კომბინაცია შეიძლება იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საშუალება გახდეს“, - განაცხადა ოტავის უნივერსიტეტის მკვლევარმა რებეკა აუერმა სამედიცინო ჟურნალ OncoImmunology-თან ინტერვიუში.
აუერი და მისი გუნდი დიდი ხანია, აკვირდება, როგორ მოქმედებს საცდელ თაგვებზე ვიაგრისა და სამედიცინო პრაქტიკაში არსებული სხვა მედიკამენტების კომბინაცია.
მკვლევარებმა თაგვებს ადამიანის ფილტვის აგრესიული კიბოს უჯრედები გადაუნერგეს. როდესაც მღრღნელების ორგანიზმში მეტასტაზები გაჩნდა, მეცნიერებმა სიმსივნე ამოკვეთეს და თაგვების ორგანიზმში დიდი დოზით შეიყვანეს ვიაგრისა და გრიპის ერთ-ერთი პოპულარული ვაქცინის კომბინაცია.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ოპერაციის დაწყებამდე თაგვის სხეულში 40-მდე მეტასტაზი იყო. სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ მათი რაოდენობა 120-დან 150-მდე უნდა გაზრდილიყო და მღრღნელის გადარჩენის შანსი ნულს უტოლდებოდა.
ვიაგრისა და გრიპის ვაქცინის კომბინაციის შეყვანის პირველ ჯერზე მეტასტაზების რაოდენობა 24-მდე შემცირდა, ხოლო განმეორებითი ვაქცინაციის შემდეგ - 11-მდე.
აუერის თქმით, ამჟამად ის და მისი გუნდი პირველი კლინიკური ცდებისთვის ემზადებიან. ექსპერიმენტში ოტავას ჰოსპიტალის 24 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც მუცლის ღრუდან სიმსივნე უნდა ამოკვეთონ.
ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ვიაგრა შეიძლება კიბოს მეტასტაზებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება გახდეს.