1. „შიშველი ჯულიეტა“, 2018
ენმა ბოლო თხუთმეტი წელი მოსაწყენ დუნკანთან რომანს შეალია, რომელსაც მუსიკოსთა ძველი სკოლის წარმომადგენელი როკ-შემსრულებელი ტაკერ კროუ უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თავისი შეყვარებული. მოულოდნელად, 20-წლიანი დუმილის შემდეგ კროუ თავისი ახალი ალბომის „შიშველი ჯულიეტას“ პრეზენტაციას მოაწყობს. შეყვარებულის გასაბრაზებლად ენი თავის კომენტარში ტაკერის მუსიკას გააკრიტიკებს. მუსიკოსი კი მოულოდნელად უპასუხებს. ასე იწყება ენის უცნაური რომანი „საძულველ“ როკერთან.
2. „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“, 2003
ერთ ჩვეულებრივ საღამოს ჩვეულებრივ რესტორანში იდება ორი სრულიად არაჩვეულებრივი ნაძლევი - ენდიმ, გონებამახვილმა და მომხიბვლელმა ჟურნალისტმა, უნდა გაიცნოს და ჭკუა დააკარგვინოს ბიჭს, შემდეგ კი დაწეროს სტატია „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“. ბენჯამენმა კი, ახალგაზრდა და სიმპათიურმა სარეკლამო აგენტმა, ამავე ვადაში თავი უნდა შეაყვაროს გოგონას. და როგორ გაუმართლა ამ ორს - შეხვედროდნენ საჭირო დროს, საჭირო ადგილას და გაეცნოთ „საჭირო“ ადამიანი.
3. „რა მოხდება, თუ“, 2013
წარმოიდგინეთ: მეგობრის წვეულებაზე შეხვდით თქვენი ოცნების გოგონას. ჭკვიანმა, განათლებულმა, იუმორის გრძნობით დაჯილდოებულმა პირველივე შეხედვით მოგნუსხათ. და აი, მთელი ღამე მასთან საუბარში გაატარეთ, სახლამდე მიაცილეთ და იგებთ, რომ ის... დანიშნულია. და რა უნდა ქნათ ახლა? ისღა დაგრჩენიათ, მეგობრებად დარჩეთ. მეგობრებად, რომლებსაც უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, ეჭვიანობენ ერთმანეთზე და არაფრით არ შეუძლიათ, იყვნენ ერთად.
4. „სკოტ პილიგრიმი ყველას წინააღმდეგ“, 2010
ვიდეოთამაშების მოყვარულმა და ნამდვილმა როკ-ვარსკვლავმა სკოტ პილიგრიმმა თავისი ოცნების გოგო იპოვა. ის იდეალურია! - ლამაზი, მახვილგონიერი და მაგარი! თუმცა რომანა სრულიად ინდიფერენტულია სკოტის მიმართ. უბრალოდ, სკოტმა არ იცის, რომ საოცნებო გოგოსკენ მიმავალი გზა გადის არა კუჭზე, არამედ კომპლიმენტებსა და ძვირფას საჩუქრებზე. გოგონას მოსაპოვებლად სკოტს მოუწევს, მის შვიდ ყოფილ შეყვარებულზე გაიმარჯვოს. სხვანაირად არაფერი გამოვა!
5. „რუბი სპარსკი“, 2012
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილ მწერალს შემოქმედებითი კრიზისი აქვს. ვერც ახალ რომანს წერს და არც გოგოებთან ურთიერთობაში გამოსდის რამე. ერთხელაც თავში გენიალური აზრი მოუვა: გამოიგონოს იდეალური გოგონა - რუბი სპარსკი და დაწეროს მასზე რომანი. მწერლის სიყვარული პერსონაჟისადმი იმდენად ძლიერია, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ზუსტად ასეთ გოგონას საკუთარი სახლის დივანზე აღმოაჩენს. და რა უნდა ქნას ახლა?
6. „სიყვარულის დრო“, 2013
ერთ მშვენიერ მზიან დილას ტიმი ოჯახურ საიდუმლოს გაიგებს: თურმე მისი ოჯახის მამაკაცები დროში მოგზაურობენ. ახლა ტიმს ყველაფერი შეუძლია: გამოასწოროს ცუდი ნიშანი, „სწორად“ გაიცნოს სასურველი გოგონა და დაეხმაროს მეგობარს გაჭირვებაში. მაგრამ მას წარმოდგენაც კი არ აქვს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ერთი შეხედვით უვნებელმა დროში მოგზაურობამ.
7. „სიყვარული ზომების გარეშე“, 2016
წარმატებული და ლამაზი დიანა ბრმა პაემანზე მიდის: ხმის ტემბრისა და მანერების გათვალისწინებით, მისი თაყვანისმცემელი უზომოდ მომხიბვლელი, ქარიზმატული, ნაკითხი, თავაზიანი და რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად სიმპათიური უნდა იყოს. დათქმულ კაფესთან მისული ის დარწმუნდება, რომ მართალი იყო. ოღონდ ეგაა, მას კავალერის ზომებზე არ უფიქრია...
8. „ეს ამბავი ძალიან სახალისოა“, 2010
16 წლის მოზარდს გარდატეხის პერიოდი აქვს და მისთვის ძნელი ასახსნელია, რა ხდება მის თავში, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ „ცხოვრების საუკეთესო წლები“ აქვს. კრეიგი პრობლემებმა ისე დაღალა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობს. საბედნიეროდ, დახმარებისთვის ახალგაზრდა ექიმს მიმართავს, ის კი, ისე რომ დეტალებს არ უღრმავდება, პირდაპირ „განსაკუთრებული“ პაციენტების განყოფილებაში აგზავნის. მორალი: იმისთვის, რომ ისწავლო, როგორ დატკბე ყოველი დღით, ზოგჯერ საკუთარ ცხოვრებას სხვა ადამიანთა თვალით უნდა შეხედო.
9. „გახდი ჩემი შეყვარებული ხუთი წუთით“, 2008
ნიკი - სრულიად პროფანი ურთიერთობებში. ყოფილმა გოგონამ ტრისმა, თითქოს საკმარისი არ იყო, რომ ბოიფრენდსა და მის რომანტიკულ ჟესტებს არ აფასებდა, შეყვარებული დაბადების დღეზე მიატოვა. ბინაში გატარებული უამრავი საათის შემდეგ ნიკი გადაწყვეტს, სახლიდან გამოვიდეს და „გონება გაანიავოს“. და აი, მისმა გეი მეგობრებმა, საყვარელმა როკ-ჯგუფმა და შემთხვევით გაცნობილმა მომხიბვლელმა გოგონამ ეს დღე დაუვიწყრად უქციეს.
10. „ჰიტჩის მეთოდი“, 2005
პრობლემა გაქვთ ქალბატონებთან ურთიერთობაში? ალექს ჰიტჩენსი, იგივე „ჰიტჩი“, დასახმარებლად მოისწრაფვის! კარგ ჰონორარად ის ნებისმიერს ასწავლის, როგორ დაახვიოს თავბრუ სასურველ გოგონას. ჰიტჩენსი ყველაზე უიმედო შემთხვევებსაც კი ჰკიდებს ხელს. მაგალითად, ერთმანეთთან დააახლოოს მოუხერხებელი ბუღალტერი და გლამურული ქალბატონი. თუმცა, მიუხედავად მისი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმისა, ალექსიც უბრალო მოკვდავია, რომელსაც შეიძლება შეუყვარდეს, „თავი დაკარგოს“ და სამუშაოზეც ყველაფერი გააფუჭოს.