„მაისის სალათის“ მოსამზადებლად საჭიროა:
ბოლოკი - 5-6 ცალი
კვერცხი - 5 ცალი
კიტრი - 2 ცალი
მწვანე ხახვი - 2 ღერი
არაჟანი - 4 ს/კ
მარილი, პილპილი და მწვანილი - გემოვნებით
„მაისის სალათის“ მომზადების წესი:
დადგით კვერცხი მოსახარშად.
სანამ კვერცხი მოიხარშება, გაასუფთავეთ ახალი ბოლოკი, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში და დაჭერით მრგვლად. გადაიტანეთ ჯამში.
გასუფთავებული და გარეცხილი კიტრიც, ბოლოკის მსგავსად, მრგვლად დაჭერით. ასევე, დაჭერით მწვანე ხახვი, ოღონდ წვრილად და გადაიტანეთ ბოლოკიან ჯამში.
ამასობაში კვერცხიც მოიხარშებოდა. გააგრილეთ ცივ წყალში. ზოგი დაჭერით წვრილად, ზოგიერთი კი მრგვლად. ახლა სალათის გალამაზებას შეუდექით:
ბოლოკი, კიტრი და მრგვლად დაჭრილი კვერცხი დაალაგეთ მოზრდილ სასალათეზე. შემდეგ, ზემოდან მოაყარეთ მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი. ბოსტნეულს მოასხით არაჟანი, შემდეგ - წვრილად დაჭრილი კვერცხი და თუკი სურვილი გაქვთ, ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი - კამა და ოხრახუში.
სულ ეს არის.
შენიშვნა:
კერძი შეგიძლიათ, სალათის ფურცლებით გააფორმოთ;
„მაისის სალათის“ მოსამზადებლად 10 წუთი საკმარისია.
გემრიელად მიირთვით!