ყველის კრემ-სუპის რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.
ყველის კრემ-სუპის მოსამზადებლად საჭიროა:
ჰოლანდიური ყველი - 40 გ;
ობიანი ყველი - 10 გრ;
სულგუნი - 50 გრ;
პარმაზანი - 20 გრ;
ნაღები - 100 გრ;
თეთრი პილპილი (შეიძლება შავიც) - გემოვნებით.
პიტნა - 2-3 გრ;
მომზადების წესი:
ქვაბში ჩაასხით 100 გრამი ნაღები და საშუალო ცეცხლზე დადგით.
ადუღებამდე დაამატეთ დაწეწილი ჰოლანდიური და ობიანი ყველი, კარგად მოურიეთ და ხარშვა გააგრძელეთ.
კუბიკებად დაჭრილი სულგუნი ღრმა თეფშზე დაყარეთ და ზემოდან წვრილად დაჭრილი, დაქუცმაცებული პიტნა მოაყარეთ.
ყველიანი ნაღების მასა ადუღეთ იქამდე, სანამ ყველი არ დადნება.
როგორც კი შეამჩნევთ, რომ ყველი დადნა, პიტნიან სულგუნს დაასხით, თავზე კი თეთრი პილპილი და გახეხილი პარმეზანის ყველი მოაყარეთ.
უგემრიელესი წვნიანი კერძი მზად არის!
შენიშვნა:
როგორც ნახეთ, კერძი რამდენიმე სახეობის ყველისგან მზადდება, ამიტომ მარილის დამატებას არ საჭიროებს.
ყველის კრემ-სუპს შეგიძლიათ, ნივრიანი ორცხობილა (სუხარი) შეატანოთ. ეს განსაკუთრებულ გემოს შესძენს.
წვნიან კერძს, თეთრი პილპილის ნაცვლად, შეგიძლიათ შავი პილპილიც მოაყაროთ - უბრალოდ, შავი პილპილი თეთრი ფერის წვნიანს ოდნავ გაამუქებს.
ყველის კრემ-სუპის მოსამზადებლად, სულ რაღაც, 15 წუთი დაგჭირდებათ.
გემრიელად მიირთვით!
ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია