პასკისთვის საჭირო ინგრედიენტები:
ხაჭო - 1,5 კგ.
კვერცხი - 2 ცალი
მოხარშული კვერცხის გული - 4 ცალი
შაქარი - 600 გრ.
კარაქი - 300 გრ.
არაჟანი - 300 გრ.
ვანილი - 3 ცალი
მოხალული და დაჭრილი ნიგოზი - 300 გრ.
ქიშმიში - 300 გრ.
დაჭრილი „კურაგა“ - 300 გრ.
ფერადი ცუკატები - 300 გრ.
წვრილად დატეხილი შავი შოკოლადი - 100 გრ.
მარილი - დანის წვერით
დარიჩინი - დანის წვერით (აუცილებელი არ არის).
მომზადების ტექნოლოგია:
სასურველი ფორმის საწურში ჩააფინეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი დოლბანდი. მომზადებულ საწურში ჩადეთ ხაჭო, დააფარეთ დოლბანდი, თავსახური, თავზე სიმძიმე დაადეთ და მაცივარში შეინახეთ.
ორი დღის განმავლობაში ხაჭო სითხისგან მთლიანად დაიწურება.
ამის შემდეგ, გაწურული ხაჭო გაატარეთ წმინდა საცერში.
შემდეგ ამავე საცერში გაატარეთ მოხარშული კვერცხის გულები.
ცალკე ჯამში შაქრისა და კვერცხისგან გააკეთეთ გოგლიმოგლი.
დაამატეთ რბილი კარაქი, არაჟანი, მარილი, ვანილი და, სურვილის შემთხვევაში, დარიჩინი. კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ საცერში გატარებულ ხაჭოსა და კვერცხს.
კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ქიშმიში, დაჭრილი „კურაგა“, ცუკატები, ნიგოზი და დატეხილი შოკოლადი.
კიდევ კარგად ამოურიეთ და ისევ დოლბანდჩაფენილ საწურში მოათავსეთ. როგორც პირველ შემთხვევაში, ახლაც თავზე დოლბანდი გადააფარეთ, თავსახური დააფარეთ და სიმძიმე დაადეთ.
ამ მდგომარეობაში მაცივარში 24 საათით უნდა დატოვოთ.
ამის შემდეგ გადმოიღეთ გაშლილ თეფშზე, მოაცილეთ დოლბანდი და თქვენი გემოვნებითა და ფანტაზიით მორთეთ.
შეგიძლიათ, გახეხილი შოკოლადით ან მშრალი ხილით გააფორმოთ.
გემრიელად მიირთვით!
შენიშვნა:
ძვირფასო დიასახლისებო, მოგვწერეთ თქვენი რეცეპტები და გაგვიზიარეთ გამოცდილება. ერთად შევქმნათ კულინარიული სასწაულები.