ჰავორტია (ლათ. Haworthia) - ფართოდ გავრცელებული სუკულენტი მცენარეა, რომელიც ძირითადად, გვხვდება აფრიკის სამხრეთ ნაწილში, სადაც ის ხარობს ფხვიერ, ქვიშიან ან ქვიან ნიადაგში - ქვებისა და ბუჩქების ჩრდილში.
ჰავორტიას წვრილი და თეთრი ყვავილები აქვს, რომლებიც გრძელ ყვავილედზეა განლაგებული. ხორცოვანი ფოთლები კი უპირატესად დაწინწკლულია ან ლაქებით დაფარული (თუმცა გვხვდება სადა მწვანე შეფერილობის ჯიშებიც) და როზეტისებურადაა შეკრული.
ზოგიერთ სახეობას ფოთლებზე თითქოს შაქრის პუდრა აყრიაო, ისე წვრილ-წვრილადაა დაწინწკლული. ფოთლის კიდეები შეიძლება იყოს როგორც სწორი, ისე დაკბილული და ბოლოში წვერწამახული.
ცნობილია ჰავორტიას 150-მდე ჯიში და კიდევ უფრო მეტი - ჰიბრიდი, კულტივირებული ჯიში და მათი ნაირსახეობა. აქედან გამომდინარე, მცენარის ზუსტი კლასიფიკაცია პროფესიონალ მემცენარეებსაც კი უჭირთ.
განათება და ტემპერატურა
როგორც მოგახსენეთ, ჰავორტიას სახეობათა უმრავლესობა, ბუნებრივ პირობებში, მზის სხივებს ქვებისა და ბუჩქების ჩრდილქვეშ ემალება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცენარე მზეს ჩვენც უნდა მოვარიდოთ - უბრალოდ, ჰავორტიას სამშობლოში მზე გაცილებით მწველია, ვიდრე სხვა კონტინენტზე.
ასე რომ, თამამად მოათავსეთ ჰავორტია ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან.
უდაბნოს სხვა სუკულენტების მსგავსად, ჰავორტიასაც უყვარს დღისა და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ამიტომ კარგი იქნება, მზიან ფანჯარასთან მოთავსებულ მცენარეს, ღამით მეტი სიგრილისთვის ფანჯარა გამოუღოთ.
ოპტიმალური ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში 22-27 გრადუსია, ზამთარში კი - 12-18 გრადუსი.
ჰაერის ტენიანობა
ჰავორტიასთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ოთახის მშრალ ჰაერსაც მშვენივრად იტანს.
მორწყვა
გაზაფხულიდან შემოდგომამდე ჰავორტია ზომიერად უნდა მორწყათ, მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობის შემდეგ.
ტემპერატურის კლებასთან ერთად, მცენარე სულ უფრო იშვიათად უნდა მორწყათ.
ნიადაგი
ჰავორტიას ფხვიერი ნიადაგი სჭირდება.
შეგიძლიათ, ის კორდის მიწის, ნეშომპალას, გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ქვიშისგან თავად მოამზადოთ, ან კაქტუსებისთვის განკუთვნილი მზა ნიადაგი გამოიყენოთ.
კარგი იქნება, თუ ნიადაგში ცოტაოდენ დაფხვნილ აგურს, ან ხის ნახშირის ნატეხებსაც გადაურევთ.
გადარგვა
ჰავორტიას სახეობათა უმრავლესობა ძალიან ნელა იზრდება და ამიტომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა გადარგოთ.
თუმცა არსებობს მცენარის სახეობები, რომლებიც ახალ როზეტებს ძალიან სწრაფად ივითარებენ და აქედან გამომდინარე, გადარგვას ყოველწლიურად საჭიროებენ.
განოყიერება
როგორც წესი, ჰავორტია ხშირ განოყიერებას არ საჭიროებს.
საკმარისია ის მხოლოდ ზაფხულში, თვეში 1-ხელ, კაქტუსებისა და სუკულენტებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქის სუსტი ხსნარით გაანოყიეროთ.
გამრავლება
ჰავორტიას სახეობათა უმრავლესობა შვილეული როზეტებით მრავლდება.
როზეტები (ფესვებთან ერთად) დედა მცენარეს გადარგვისას უნდა მოაშოროთ, ახალ ქოთანში გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
მცენარის ზოგიერთი სახეობა ფოთლითაც მრავლდება.
ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს ფოთოლი, გადაჭრის ადგილზე დაფხვნილი ნახშირი მოაყაროთ და 2-3 დღით მშრალ და გრილ ადგილას მოათავსოთ. ამის შემდეგ ფოთოლი ფხვიერ ნიადაგში ან ქვიშაში უნდა ჩარგოთ, მისი მორწყვა კი მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ უნდა დაიწყოთ.