PR-ის ისტორიული წანამძღვრები (ნაწილი II) - ძველი ეგვიპტე

მოზაიკა

22 თებერვალი 14:00, 2016 წელი

მასებზე ზემოქმედების, ძალაუფლებით მანიპულირების, იმიჯმეიკინგის, ძალაუფლებისთვის საჯაროობის მინიჭების მეთოდები და სხვა მრავალი ხერხი, რომლებსაც  თანამედროვე PR-ტექნოლოგები იყენებენ, იცოდნენ ძველ ეგვიპტეშიც.

უძველესი ეგვიპტური ტაძრები, აკლდამები, პირამიდები, სტელები, ქანდაკებები ინფორმაციის მატარებლებს წარმოადგენდნენ. მათი საშუალებით ტრანსლირებული ინფორმაცია კი ეგვიპტის მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. მმართველი კასტა, როგორც წესი, ამ პომპეზურ ნაგებობებსა  და სიმდიდრეს საკუთარი ღვთაებრივი ძლევამოსილებისა და ქარიზმატულობის  წარმოსაჩენად იყენებდა, რაც  ეგვიპტის მოსახლეობის  ლოიალობისა და მორჩილების  ფსიქოლოგიურ  წინაპირობას წარმოადგენდა.





ფარაონები, როგორც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მონარქები, ძველი ეგვიპტის პრაქტიკულად ყველა გრანდიოზული მშენებლობის ინიციატორები იყვნენ. სწორედ მათი ღვთაებრივი წარმომავლობის დასტურად შენდებოდა კარნაკის, ლუქსორისა და აბუ-სიმბელის ტაძრები, ხეოფსის, ჯოსერისა და ხეფრენის პირამიდები, დიდი სფინქსი, მეფეთა ველი და ა.შ.



გრანდიოზული ნაგებობების გარდა, ძველ ეგვიპტეში ადამიანზე ზემოქმედების საშუალებად გამოიყენებოდა კედლის ნახატები და ტექსტები, რომლებიც სრულიად რეალისტურად განმარტავენ გამოსახულების საზრისს. ეს ნახატები და ტექსტები თანამედროვე მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ერთგვარ წინაპრებს წარმოადგენს და ამა თუ იმ სამიზნე აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი.


ფარაონები, საკუთარი ავტორიტეტის განმტკიცებისა და დემონსტრირებისთვის მხოლოდ ტაძრების, გიგანტური პირამიდებისა და  აკლდამების მშენებლობით არ შემოიფარგლებოდნენ. ხშირად, საკუთარი იდეებისა და შეხედულებების რეალიზაციის მიზნით, ისინი კარგად ორგანიზებულ, თანამედროვე პროპაგანდისტული კამპანიების მსგავს ღონისძიებებს მართავდნენ (ბუნებრივია, ზემოქმედებისა და კომუნიკაციის იმ საშუალებების გამოყენებით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო ხელმისაწვდომი).


დაახლოებით, 3300  წლის წინათ ეგვიპტის ფარაონმა ეხნატონმა (ამენჰოტეპ IV) არნახული რელიგიური რეფორმა მოახდინა. ეხნატონის  რეფორმას, რომელმაც 17  წელი  გასტანა, ახლდა კარგად ორგანიზებული PR და პროპაგანდისტული კამპანია.
სხვაგვარად წარმოუდგენელია იმ მასშტაბების სახელმწიფოებრივი და რელიგიური ცვლილებების გატარება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1353-1336 წლების ეგვიპტეში.



იმისთვის, რომ უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ PR და პროპაგანდისტული კამპანიების როლი ეხნატონის რელიგიურ რევოლუციაში, აუცილებელია მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი იმდროინდელ ეგვიპტეში.


 


ეგვიპტე (ჩვ.წ-მდე XIV საუკუნე)




მსოფლიო იმპერია, რომლის შემადგენლობაში შედის ან მისი ვასალია აზიის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი. მართავს ფარაონთა მე-18 დინასტია.

თუთმოს IV-ის გარდაცვალების  შემდეგ 1391 ჩვ.წ-მდე ტახტზე ადის ფარაონი ამენჰოტეპ III. მას ხელთ უპყრია აბსოლუტური ძალაუფლება და წარმოადგენს ორსახოვანი ბუნების მბრძანებელს: ერთი მხრივ, სრულად ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას და მეორე მხრივ, არის შუამავალი ადამიანებსა და ღვთაებრივ სამყაროს შორის.

ფარაონს, როგორც სახელმწიფო მეთაურს, ჰყავს ორი მთავარი ვეზირი (პრემიერ-მინისტრი), რომლებიც განაგებენ ზემო და ქვემო ეგვიპტეს. მუშაობს უზარმაზარი ადმინისტრაციული აპარატი: კლერკები, მწერლები, ბუღალტრები,  არქიტექტორები, მებაჟეები. ამ აპარატის კომპეტენციაში შედის ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მართვა: ტრანსპორტი, მომარაგება, გადასახადების ამოღება. არმია და პოლიცია უშუალოდ ფარაონს ექვემდებარება.


ევროპა ამ დროს ჯერ კიდევ მეგალითების ხანაშია. ძველ ბერძენთა პართენონის აშენებამდე - ათი საუკუნე, ხოლო ძველი რომის ისტორიის დასაწყისამდე 600 წელია დარჩენილი.
ეგვიპტის პოლიტიკურ დედაქალაქს - თებე, რელიგიურ ცენტრს კი თებეში არსებული კარნაკისა და ლუქსორის ტაძრები წარმოადგენდნენ. ადმინისტრაციული ცენტრი ჩრდილოეთ ეგვიპტეში მდებარე იმდროინდელი მეგაპოლისი მემფისია (მოსახლეობა - 100 000).



ეგვიპტის პანთეონი მრავალ ღმერთს აერთიანებს. ყველა ქალაქს საკუთარი, მთავარი ღვთაება ჰყავს. მრავალფეროვნებისა და სხვადასხვა  წარმომავლობის მიუხედავად, ღმერთები მშვიდობიანად  თანაარსებობენ.

სატახტო ქალაქისა და სამეფო დინასტიის მფარველი ღმერთია ამონი (ამონ-რა). ამიტომ იმ პერიოდის ეგვიპტის მთავარ კულტს ამონის კულტი წარმოადგენს. ამონის ქურუმები, როგორც სამეფო დინასტიის მფარველი ღვთაების მღვდელმთავრები, განუსაზღვრელი პრივილეგიებით სარგებლობენ. უმაღლესი სამღვდელოება მეფის კართან დაახლოებული, არისტოკრატული ოჯახების წარმომადგენლები არიან. ისინი აურაცხელ სიმდიდრეს ფლობენ და უფლება აქვთ, საკუთარი შეხედულებისამებრ, სამეფო კარისგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციის საშუალებით, განკარგონ ეს სიმდიდრე.


ამენჰოტეპ მესამის ზეობის მიწურულისთვის ამონის ქურუმები ძალაუფლებისა და გავლენის ისეთ დონეს აღწევენ, რომ სურვილის შემთხვევაში მათ უკვე ძალუძთ, ამონის კულტის სახელით, დაამხონ თვით ფარაონი. ამენჰოტეპ III-მ კარგად იცის ისტორია. მისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ამონის ქურუმების პოლიტიკური ამბიციები.




ყოველთვის, როდესაც ეგვიპტის ტახტზე სუსტი ხელმწიფე  ადიოდა, ქურუმებს პოლიტიკური მადა ეხსნებოდათ და ინტრიგების ხლართვას იწყებდნენ. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც ქურუმებმა ისარგებლეს თუთმოს პირველის მემკვიდრეთა შორის არსებული ქიშპით და თუთმოს II-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე თუთმოს III აიყვანეს, რომელსაც კანონით ხელმწიფის ტახტი არ ეკუთვნოდა. ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, თუთმოს I-ის ქალიშვილს, ფარაონ თუთმოს II-ის მეუღლეს (გარდა მეუღლისა ის ფარაონის ნახევარდა იყო) ახალგაზრდა ხელმწიფის რეგენტის სტატუსი ხვდა წილად (http://www.britannica.com/EBchecked/topic/594493/Thutmose-III#toc7245). 


მოგვიანებით, სავარაუდოდ, მმართველობის მე-7 წელს, ამონის უმაღლესმა ქურუმმა ჰაპუსენებმა მისდამი ნაკლები ლოიალობის გამო თუთმოს III ტახტიდან ჩამოაგდო და გვირგვინი ჰატშეპსუტს დაადგა (Кристиан Жак - «Нефертити и Эхнатон: солнечная чета»: Молодая гвардия, Москва, 2006. გვ.23-24).


ამენჰოტეპ III, როგორც გამოცდილი და ბრძენი ფარაონი შიშობს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ შესაძლოა, ისტორია განმეორდეს. იმისთვის, რომ სიტუაციის ამგვარი განვითარება გამოირიცხოს, საჭიროა ამონის  ქურუმების გავლენის შესუსტება და მათ დასაბალანსებლად დამატებითი ბერკეტების ამოქმედება.

ამენჰოტეპ მესამე, ისევე, როგორც   ყველა მისი წინამორბედი, ღვთაებრივ სტატუსს ატარებს (შუამავალია ღმერთებსა და ადამიანებს შორის), მაგრამ მას საკუთარი მემკვიდრისა და დინასტიის უსაფრთხოების მიზნით უფრო მეტი, ლეგიტიმური და რაც მთავარია, ღვთაებრივი ძალაუფლება ესაჭიროება.


მმართველობის უკანასკნელ წლებში ამენჰოტეპ მესამე საკუთარი თავის გაღმერთების კამპანიას იწყებს და თავს ამონის შვილად აცხადებს. იქმნება ლეგენდა, რომლის თანახმადაც, უმაღლესმა ღვთაებამ ამონმა გაანაყოფიერა ამენჰოტეპ III-ის დედა, რომელსაც ღვთაებრივმა თოტმა აცნობა, რომ მუცლად ამონის ვაჟიშვილს ატარებს  და  რომ ეს  ბავშვი ეგვიპტის ფარაონი გახდება (Akhetaton, 1350 avant JC. Palette Production and Arte France 2005 (By Patric Jean).
ამენჰოტეპ III-ის მიერ ამონის კულტთან იდენტიფიცირების დასტურს ფრანგი ეგვიპტოლოგი  ლუკ გაბოლი ლუქსორის  ტაძრის კედლებზე არსებულ გამოსახულებებს მიიჩნევს (Akhenaten and Nefertiti: The Royal Gods of Egypt. BBC, 2002,  By Tilman Remme).


ლუქსორის გრანდიოზული ტაძრის კედელზე, რომელიც ამენჰოტეპ მესამემ კარნაკის მახლობლად, ამონის სადიდებლად ააგო, ერთმანეთის გვერდიგვერდ გამოსახულნი არიან ამენჰოტეპ III და ამონი.


ის, რომ ამენჰოტეპ III გამოსახულია რქით, რომელიც ამონის ღვთაებრივ სიმბოლოს განასახიერებს, ხელმწიფის გაღმერთების კამპანიის დასაწყისს წარმოადგენს, - მიიჩნევს გაბოლი. აშკარაა, რომ  ფარაონი იწყებს  ამონის ღვთაებისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტის საკუთარ თავზე მიწერას (გადატანას).
აღნიშნული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ამენჰოტეპ III-ის უახლოესი გარემოცვის წევრები. მათ შორის განსაკუთრებული როლი ჰქონდა ამენჰოტეპ III-ის ცოლისძმას, ხელმწიფის კარზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე წარჩინებულს, მომავალი დედოფლის, ნეფერტიტის მამას - ეიეს (ეიე ხეპერ-ხეპრუ-რე, Kheper-khepru-re Ay), რომელიც ფარაონ ტუტანჰამონის გარდაცვალების შემდეგ თავად გახდა ეგვიპტის ფარაონი (Aidan Dodson  and Dyan Hilton  - The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson. 2004).


ფარაონის გეგმა  ბოლომდე  ვერ  იქნა მიყვანილი. 38-წლიანი ზეობის შემდეგ, ჩვ.წ-მდე 1353 წელს ამენჰოტეპ III გარდაიცვალა. იმავე წელს სამეფო ტახტს მისი შვილი, ეგვიპტის ახალი ფარაონი ამენჰოტეპ IV იკავებს.


როგორც მოსალოდნელი, იყო ამენჰოტეპ IV აგრძელებს ტრადიციას და კარნაკში ამონის ტაძრის  მშენებლობას იწყებს. თუმცა მოულოდნელად ამონის ტაძრის მშენებლობა წყდება და მის ნაცვლად, იქვე, კარნაკში იწყება ოთხი ახალი ტაძრის მშენებლობა, ოღონდ ამჯერად ტაძრები ამონის კულტის ნაცვლად ატონის კულტს ეძღვნება.
ახლად აღზევებულმა ფარაონმა, რომელიც არა ამონს, არამედ მზეს (რა-ჰორახტეს სახით) სცემდა თაყვანს, მამის გეგმაში კარდინალური ცვლილებები შეიტანა. ახალი გეგმის მიზანს არა ამონის კულტის ქურუმების ძალაუფლებისა და გავლენის შესუსტება, არამედ მათი ეგვიპტის რელიგიური და პოლიტიკური ავანსცენიდან საერთოდ ჩამოცილება წარმოადგენდა.


 


ახალი რელიგიური დოქტრინა, რომელიც ამენჰოტეპ IV-მ ცეცხლითა და მახვილით გაატარა, მონოთეისტურ რელიგიურ რევოლუციად მოიხსენიება. აღნიშნული დოქტრინა კი ამონის კულტისთვის და მისი ქურუმებისთვის ეგვიპტის პოლიტიკურ ავანსცენაზე ადგილს აღარ ტოვებდა.


ისევე, როგორც ამენჰოტეპ III-ის, მისი მემკვიდრის მთავარი მოკავშირე და მრჩეველი ეიე ხეპერ-ხეპრუ-რე (Kheper-khepru-re Ay) გახდა, რომელმაც ამენჰოტეპ  IV-ის კარზე მრავალი ტიტული მიიღო: „ღვთაებრივი მამა“, „მარაოს მარჯვენა მხარეს მატარებელი“, „ხელმწიფის მთავარი მეგობარი“... სავარაუდოდ, სწორედ ეიეს უნდა ეკუთვნოდეს PR და პროპაგანდისტული გეგმა, რომელიც  ეხნატონის რელიგიური რეფორმის დროს განხორციელდა.

                                 


                           
ამენჰოტეპ IV-
ის მიზანი


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამენჰოტეპ VI-ის მიზანს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება წარმოადგენდა, რისთვისაც საჭირო იყო ამონის უმაღლესი ქურუმების ეგვიპტის პოლიტიკური და რელიგიური ავანსცენიდან მოშორება. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელი იყო ამონის კულტის სხვა კულტით ჩანაცვლება.


ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სამყარო ღმერთების ოჯახის მიერ იყო შექმნილი. ღმერთებს ჰყავდათ თაობები და ჰქონდათ შესაბამისი გენეალოგიური ხე.


სამყაროს შემქმნელი (დემიურგი),  ყველივე  სულიერის პირველწყარო და მზის ღვთაება იყო ატუმი, რომელიც იშვა ქაოსისგან. ამის შემდეგ ატუმმა შექმნა პირველი ღვთაებრივი წყვილი: შუ (ჰაერის ღმერთი) და ტეფნუტი (სინოტივის ღვთაება). 


შუმ და ტეფნუტმა შვეს გები (დედამიწის ღვთაება) და ნუტი (ცის ღვთაება). თავის მხრივ, გებმა და ნუტმა შვეს კიდევ ორი წყვილი: 1) ოსირისი (საიქიოს ღვთაება) და ისიდა (სიცოცხლის ღვთაება);  2) სეტი (ომის, ნგრევის, ქაოსის, მძვინვარებისა და სიკვდილის ღვთაება) და ნეფტიდა (სავანის მბრძანებელი ქალღმერთი).


იერარქიის ბოლოს იდგა ჰორუსი, რომელიც ითვლებოდა მმართველი ფარაონის იდენტურ ღვთაებად და ამდენად, ის ღვთაებრივ და მიწიერ სამყაროებს შორის შუამავლის როლს განასახიერებდა.


ამენჰოტეპ IV-ს არ აკმაყოფილებდა არსებული იერარქია, რომლის მიხედვითაც მას და მის ოჯახს გენეალოგიური ხის ყველაზე ქვედა საფეხური ეკავა. აქედან გამომდინარე, ამენჰოტეპ IV-მ გადაწყვიტა, საკუთარი თავი იერერქიაში შემოქმედის შემდგომ ყველაზე მაღალ საფეხურზე მოეთავსებინა და თავად შეესრულებინა შუს როლი. მაგრამ, რამდენადაც შემოქმედს მისთვის მეწყვილე უნდა მიეცა, მას ტეფნუტის ჩასანაცვლებლად ვიღაც სჭირდებოდა. ამ ადგილს შესანიშნავად მოერგო დედოფალი ნეფერტიტი.


კესტნერის მუზეუმის ეგვიპტური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კრისტიან ლიობენის (Dr. Christian E. Loeben) განმარტებით, ამენჰოტეპ IV-ის ძირითად მიზანს ღმერთების იერარქიაში შემოქმედის შემდგომ საფეხურზე საკუთარი თავისა და მეუღლის დამკვიდრება წარმოადგენდა (Akhenaten and Nefertiti: The Royal Gods of Egypt. BBC, 2002,  By Tilman Remme).





ამენჰოტეპ IV-ის  PR გეგმა



ამენჰოტეპ IV-ის მიერ საკუთარი თავის ღვთაებად გამოცხადების მომენტიდან მის მიერ განხორციელებული ქმედებების „უკუმიმართულებით ათვლას“ თუ გავაკეთებთ, მივიღებთ მეტად საინტერესო, მიზანზე ორიენტირებულ, კარგად გათვლილ სქემას, რომელიც ძალიან წააგავს თანამედროვე PR ტექნოლოგიებში გამოყენებული სტრატეგიული გეგმების შორეულ ანალოგს.
foto 34
სქემა იმდენად მრავალმხრივია, რომ მისი განხორციელება სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსების გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე ამ გეგმის რეალიზაციაში მონაწილეობა უნდა მიეღო ფარაონის უახლოეს გარემოცვას, სახელმწიფო სტრუქტურებსა და ჩინოვნიკებს. მათ შორის: კარის დიდებულებს, გადამწერებს, არქიტექტორებს, სკულპტორებს, ატონის ქურუმებს,  პოლიციას, არმიას და ა.შ.

1. ატონის ტაძრების მშენებლობა

ეგვიპტის ტახტზე ასვლის შემდეგ ამენჰოტეპ IV აგრძელებს ტრადიციას და კარნაკის კომპლექსში საფუძველს უყრის ამონის ტაძარს, მაგრამ  მოულოდნელად მშენებლობა  წყდება. სანაცვლოდ იქვე, კარნაკში იწყება ოთხი ახალი ტაძრის მშენებლობა. ფარაონი ახალ ტაძრებს მის სათაყვანებელ ატონის კულტს უძღვნის.

მშენებლობის  დაჩქარების მიზნით ტრადიციული უზარმაზარი ქვის ლოდების ნაცვლად მუშებმა დაიწყეს ტალატატების, მომცრო ზომის (ნახევარ მეტრზე ოდნავ დიდი) ბლოკების გამოყენება, რომლის აწევა ერთ ადამიანს თავისუფლად შეეძლო. ტალატატბისგან შენდებოდა კედლები, რომლებზეც იკვეთებოდა რელიეფი. ამის შემდეგ კი კედლები წარწერებით და გამოსახულებებით იფარებოდა. 
კარნაკისა და ლუქსორის ტაძრებისგან განსხვავებით, სადაც დომინანტი ამონის ღვთაება იყო, ახალი ტაძრების კედლებზე ფარაონის ატონისადმი თაყვანისცემაა გამოხატული. რიტუალური სცენების გამოსახულებებზე აღარ ფიგურირებენ აღარც ამონი, აღარც პტახი, თოტი, ოსირისი და არც ერთი სხვა ღვთაება. ტაძრების კედლებზე გამოსახული პერსონაჟები მუხლს იდრეკდნენ მხოლოდ ფარაონის, როგორც ღვთაების წინაშე - რაც არნახული მოვლენა იყო მანამდელ ეგვიპტურ იკონოგრაფიაში.


ახალი ტაძრების კიდევ ერთი ნოვაცია იყო ის, რომ არც ერთ მათგანს არ გააჩნდა ჭერი (სახურავი). ფაქტობრივად, ეს იყო მაღალი კედლებით შემოღობილი მოედნები ღია ცის ქვეშ.  ჭერის არქონის გამო მზის სხივები უხვად იღვრებოდა ახალ ტაძრებში.
ამონის ტაძრის მშენებლობაზე უარის თქმა და ატონის სადიდებლად ტაძრების მშენებლობის დაწყებას კატასტროფული მნიშვნელობა ჰქონდა ამონის კულტისთვის. ამონი ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი  ღვთაება იყო. იმ დროისთვის ამონის ქურუმები  აკონტროლებდნენ მთელი ეგვიპტის მოსახლეობის 1/10-ს და სახნავ-სათესი მიწების 20%-ზე მეტს, ნედლეულისა და წიაღისეულის მნიშვნელოვან ნაწილს, ამონის ტაძრების საიდუმლო საცავებში ინახებოდა დიდძალი ოქრო და ძვირფასეულობა. ახალი ფარაონის ძალისხმევა კი ამონის კულტის მთელი სიმდიდრის ატონის კულტის ხელში გადასვლას მოასწავებდა.



ეჭვგარეშეა, რომ ამენჰოტეპ IV ცდილობს, შეარყიოს ამონის ქურუმების ძლევამოსილება და მინიმუმამდე დაიყვანოს მათთვის გამოყოფილი სახსრები. ამის პარალელურად ის იწყებს უმაღლესი ქურუმების ერთი მხრივ დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, მათ საკუთარ მხარეს გადაბირებას. მმართველობის მე-4 წელს, ფარაონი დავალებას აძლევს ამონის უმაღლეს ქურუმ მაის, რომ ის სათავეში ჩაუდგეს ექსპედიციას, გაემგზავროს ვადი ჰამატში და იქაური ქვის სამტეხლოდან ბლოკი ჩამოიტანოს. ჩამოტანილი მასალა ფარაონს ატონის თეოლოგიის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილი, საკუთარი ქანდაკების დასამზადებლად სჭირდება (Кристиан Жак - «Нефертити и Эхнатон: солнечная чета»: Молодая гвардия, Москва, 2006. გვ.37). ცხადია, რომ ქურუმს ფარაონის დავალების შესრულებაზე უარის თქმა არ შეუძლია და იძულებულია, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ატონის კულტის სამსახურში ჩადგეს. სავარაუდოდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და როგორც ჩანს, ეხნატონი ამგვარ მეთოდებს სისტემატურად მიმართავდა. 


აშკარაა, რომ საწყის ეტაპზე ამენჰოტეპ IV ფრთხილად და მოზომილად მოქმედებს და ღია დაპირისპირებაში არ შედის ამონის ქურუმებთან. მათ მიმართ უფრო რადიკალურ ზომებს ფარაონი ცოტა მოგვიანებით, მისი დედის ტიას გარდაცვალების შემდეგ დაიწყებს (Артур Вейгалл - «Эхнатон. Фараон – вероотступник»: Центрполиграф; 2004. გვ.30).

2. მისტიკური გარეგნობა
ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ბუნდოვანი და იდუმალებით მოცული საკითხია ამენჰოტეპ IV-ის უცნაური გარეგნობის წარმომავლობა, რომლის შესახებაც დღემდე არ წყდება დისკუსიები.
სამწუხაროდ, ამენჰოტეპ IV-ის მუმია იდენტიფიცირებული არ არის. 1907 წელს მეფეთა ველზე აღმოჩენილი KV55 მუმიის დნმ-ის ტესტმა 2010 წელს მხოლოდ ის დაადგინა, რომ ტესტირებულ მამაკაცს ცალსახად აქვს გენეტიკური კავშირი ფარაონ ტუტანჰამონთან. კითხვაზე, ეკუთვნის თუ არა KV55 მუმია ამენჰოტეპ IV-ს (ეხნატონს) - პასუხი არ არსებობს. ასე, რომ ამენჰოტეპ IV-ის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება დნმ-ის ტესტმაც ვერ გაფანტა. დარჩა მხოლოდ ვერსიები, რომელთაგან ძირითადი ორია:
1) ფარაონი გენეტიკური სნეულებით იყო დაავადებული;
2) ფარაონი, რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, საკუთარ თავს არამიწიერი, ღვთაებრივი გარეგნობის მქონედ წარმოაჩენდა.


პირველ ვერსიას მრავალი ხარვეზი აქვს. ის რომ ამენჰოტეპ IV დაავადებული იყო ფრელიხის სინდრომით, დიდ ეჭვებს ბადებს. ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები გონებრივად განუვითარებელნი არიან. ამას გარდა, ენდოკრინული პრობლემების გამო მათ არ შეუძლიათ შვილების ყოლა. ფრელიხის სინდრომი ეხნატონს ვერ ექნებოდა, რადგან მას არც გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და არც იმპოტენცია. ფარაონს მინიმუმ ექვსი ქალიშვილი ჰყავდა დედოფალი ნეფერტიტისგან და ტახტის მემკვიდრე (ტუტანჰამონი) მეორე ცოლისგან - კიასგან (Simson Najovits, Roger Henry - Egypt, the Trunk of the Tree: A Modern Survey of an Ancient Land. Algora Publishing, 2004. გვ. 165).


მეორე დაავადება, რომელსაც ამენჰოტეპ IV-ს მიაწერენ, მარფანის სინდრომია. ამ დაავადებას ფრელიხის სინდრომისაგან განსხვავებით არც  გონებრივი განუვითარებლობა და არც იმპოტენცია ახასიათებს.  ამ ვერსიის მომხრეებს თავის სასარგებლოდ მოჰყავთ ის, რომ ამ დაავადებას ორი ისეთი სიმპტომი აქვს, ცუდი მხედველობა და სიცივის აუტანლობა, რომლითაც შეიძლება აიხსნას ამენჰოტეპ IV-ის აკვიატებული მისწრაფება სინათლისა და მზის დისკისადმი. ვერსია საინტერესოა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო, რადგან  სიმპტომების მთელი წყება, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს ამენჰოტეპ IV-ის გამოსახულებებზე საერთოდ არ ფიქსირდება (თხელი ყურის ნიჟარები; მკვეთრად გამოხატული ხერხემლის გამრუდება; შვეულად მიმართული, წვრილი გრძელი ნეკნები; ძაბრის ფორმის გულ-მკერდი და ა.შ.).


ფარაონს კიდევ სხვა მრავალ გენეტიკურ დაავადებას მიაწერენ, მაგრამ ამ ვერსიების მთავარი ნაკლი ის არის, რომ არსად არ ფიქსირდება მონაცემები იმის შესახებ, რომ ამენჰოტეპ IV-ის მშობლები ან წინაპრები მსგავსი სნეულებით იყვნენ დაავადებულნი. ფარაონის ცნობილი წინაპრები, თუთმოს II-ის გამოკლებით, გამოირჩეოდნენ მებრძოლი სულისკვეთებით, კარგი აღნაგობით და ფიზიკური სიძლიერით.


სისხლის აღრევის გზით მიღებული გენეტიკური დაავადებაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამენჰოტეპ IV-ის დედას (ტიას) ნათესაური კავშირი არ ჰქონია სამეფო ოჯახთან (Кристиан Жак - «Нефертити и Эхнатон: солнечная чета»: Молодая гвардия; Москва; 2006. გვ. 25).


ბერლინის ეგვიპტის მუზეუმში დაცულია გასაოცარი სტელა, რომელზეც ნაჩვენებია ამენხოტეპ IV-ის პირველი მთავარი სკულპტორის, ბეკის გამოსახულება. ამ სტელაზე ბეკს გაცილებით დიდი და გროტესკულად ჩამოკიდებული მუცელი და ძუძუები აქვს, ვიდრე ეხნატონს (Simson Najovits,Roger Henry - Egypt, the Trunk of the Tree: A Modern Survey of an Ancient Land. Algora Publishing, 2004. გვ. 166). ბუნებრივია, რომ ბეკი არც დაავადებული ყოფილა და არც ამენხოტეპ IV-ის სისხლით ნათესავი. უბრალოდ, მან თვითნებურად მიიწერა ფარაონის გარეგნული იმიჯის ის თავისებურებები, რომელსაც სამეფო ოჯახს მიაწერდა.

არსებობს რამდენიმე არქეოლოგიური ნიმუში, რომელიც იმის პირდაპირ დასტურს წარმოადგენს, რომ ამენხოტეპ IV-ს სრულიად ნორმალური გარეგნობა ჰქონდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ინგლისელი ეგვიპტოლოგის სერ ფლინდერს პეტრის მიერ ამარნაში აღმოჩენილი ამენჰოტეპ IV-ის დასაკრძალი ნიღაბი (Death Mask), რომელიც ფარაონის სახიდან მისი გარდაცვალებისთანავე აღებულ თაბაშირის სხმულს წარმოადგენს. ეს არის ამენხოტეპ IV-ის სახის ტვიფრის ორიგინალი, რომელიც ხელით არ დამუშავებულა და დამზადდა როგორც მოდელი, იმდროინდელი სკულპტორებისთვის ფარაონის შაბტის დასამზადებლად (შაბტი - სამარხში ჩასაყოლებელი, მიცვალებულების ქანდაკებები, რომლებსაც გარდაცვლილის  მაგივრად უნდა ეშრომათ იმქვეყნიურ სამყაროში).



სერ პეტრისი მიიჩნევს, რომ  სწორედ ეს ნიღაბი წარმოადგენს ეხნატონის ნამდვილ სახეს და აღნიშნავს, რომ ამენხოტეპ IV ძალიან ჰგავს თავის მშობლებს (Sir W.M.Flinders Petrie - Tell el-Amarna. Published by Aris & Phillips Ltd, Warminster UK, 1974. გვ.40).
ლუვრში ინახება სკულპტურა, რომელიც ამენხოტეპ IV-ის მმართველობის ბოლო წლებს განეკუთვნება, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ამარნის პრინციპებს. ვარაუდობენ, რომ თუთმოსმა, ფარაონის მთავარი სკულპტორის ბეკის შემცვლელმა, მეტ-ნაკლებად შეასუსტა ამარნის მხატვრული პრინციპები. ამიტომაც ამ სკულპტურაზე ამენხოტეპ IV უფრო ნატურალისტურად არის გამოსახული (Simson Najovits,Roger Henry - Egypt, the Trunk of the Tree: A Modern Survey of an Ancient Land. Algora Publishing, 2004. გვ. 166). 


დაბოლოს, არსებობს ეხნატონის რამდენიმე „სტანდარტულ-ეგვიპტური“ გამოსახულება, რომლებიც  მისი მმართველობის ადრეულ პერიოდს, მე-3 ან მე-4 წელს განეკუთვნება.  ქაიროსა და მანჩესტერის მუზეუმებში დაცულ ბიუსტებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ამარნის პერიოდს არ მიეკუთვნება, ფარაონი ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანად არის ნაჩვენები, რაიმე სიმახინჯისა და დეფორმაციის გარეშე.           


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამენხოტეპ IV-ის უცნაური გარეგნობის გამოსახულებები, ისევე როგორც სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრებისა, ამარნის პერიოდის სტილისტურ თავისებურებებს წარმოადგენს და მეტაფორებისა და სიმბოლოების სფეროს განეკუთვნება. რაც შეეხება ფარაონის გარეგნობას, როგორც ჩანს, ის სრულიად შეესაბამება იმდროინდელი საშუალო სტატისტიკური ეგვიპტელისას.


ამენჰოტეპ IV-ის კარგად გათვლილ პროპაგანდისტულ კამპანიაში გარეგნულ იმიჯს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. თუ მანამდე ფარაონები საკუთარ თავს იდეალიზებულად (სრულყოფილი სხეულით, ახალგაზრდული სახით, დახვეწილი ნაკვთებით) გამოსახავდნენ, ამენჰოტეპ IV-მ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეხნატონმა ისეთი იმიჯი შეირჩია, რომელიც არა მხოლოდ ძველი ეგვიპტელებისთვის იყო არაბუნებრივი, არამიწიერი და მისტიკური, არამედ თანამედროვე ეპოქაშიც მრავალ კითხვას ბადებს და ათასგვარ, მათ შორის სრულიად ეგზოტიკური ვერსიების საფუძველს წარმოადგენს. არიან ადამიანები, განსაკუთრებით უფოლოგები, რომლებიც ეხნატონს დღესაც არამიწიერ არსებად - უცხო პლანეტელად მიიჩნევენ. ადვილად წარმოსადგენია, რა განცდა უნდა დაუფლებოდა ჩვეულებრივ მოკვდავ ეგვიპტელს, როდესაც ის, ამგვარი იმიჯის მქონე, ხელმწიფის ქანდაკებას ნახავდა. ძველ ეგვიპტელებს ისედაც სწამდათ, რომ ფარაონი ღვთაებრივი წარმომავლობის იყო. ამ რწმენას ამენჰოტეპ IV-მ  მანამდე გაუგონარი და არნახული გარეგნობაც დაამატა და არამიწიერი, კოსმიური იერსახით მოევლინა მათ.



წაგრძელებული სხეული, ფართო მენჯები, მომრგვალებული მუცელი, მომრგვალებული ბარძაყები, დიდი მკერდი, გრძელი სახე, დაბერილი ტუჩები, გრძელი წვრილი ცხვირი, წვრილი, წაგრძელებული თვალები - ასეთია ამენჰოტეპ IV-ის გარეგნული იმიჯი. ბუნებრივია, რომ საჭირო იყო ამ იმიჯის ეგვიპტის მოსახლეობაში გავრცელება და თითოეულ მათგანთან მიტანა იმ ფორმით და შინაარსით, როგორიც ფარაონს ჰქონდა ჩაფიქრებული.

ყველა სკულპტურა (დიდი თუ მცირე), სტელა, ბიუსტი, ბარელიეფი, ფრესკა ყველაფერი, რაზეც კი ამენჰოტეპ IV გამოისახებოდა, ცენტრალიზებული წესით მზადდებოდა. ფარაონის მთავარი სკულპტორის, ბეკის (მოგვიანებით ის თუთმოსმა შეცვალა) ზედამხედველობით მუშავდებოდა და იქმნებოდა დიზაინი, მზადდებოდა დეტალები, რომლებიც შემდგომ იგზავნებოდა ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში, სადაც შესაბამისი ინსტრუქციებით ხდებოდა მათი აწყობა და კოპირება. მთავარი სკულპტორისა და მისი სახელოსნოს ცენზურის გარეშე არავის არ შეეძლო ხელმწიფის გამოსახულების გაკეთება. ბუნებრივია, სისტემის ამგვარი სიმკაცრე აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარეობდა. ყველაფერი ფარაონის ახალი იმიჯის შექმნაზე იყო ორიენტირებული. სკულპტურები, სტელები, ბარელიეფები და ა.შ. პროპაგანდისტული ინფორმაციის მატარებლებს წარმოადგენდნენ. მიწოდებული ინფორმაცია კი ყველგან და ყველასთვის ერთნაირი უნდა ყოფილიყო, რათა ფარაონის მიმართ, ეგვიპტის მოსახლეობის ყოველ სეგმენტში, იდენტური შთაბეჭდილება და სასურველი დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო. როგორც ჩანს ამ სტრატეგიის ავტორებს გათვლილი ჰქონდათ ისიც, რომ ყველა მიმართულებით ერთი და იგივე მასალებისა და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება მინიმუმამდე დაიყვანდა სამიზნე აუდიტორიის მხრიდან არასასურველი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას.


3. სახელის შეცვლა
ამენჰოტეპ IV-ის გეგმაში, ფარაონის მიერ მისტიკური გარეგნობის მორგებაზე არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მისი სახელის შეცვლას. თუ ხელმწიფის მიერ გარეგნული იმიჯის შეცვლის უმთავრესი მიზანი თავად ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობის დამტკიცება იყო, სახელის შეცვლა იმდროინდელი ეგვიპტის მთავარი ღვთაების, ამონის საწინააღმდეგოდ მიმართულ მოქმედებას წარმოადგენდა. 


საქმე ისაა, რომ როგორც ამენჰოტეპ IV-ის, ისე  მისი მამის და ბაბუის სახელები, ამონის კულტის თაყვანისცემას აღნიშნავდა - ამენ-ჰოტეპი ნიშნავს, ამონი კმაყოფილია. მმართველობის მე-5 წელს ამენჰოტეპ IV უარს ამბობს ამონზე, საკუთარი სახელიდან აგდებს მას და სხვა ღვთაებით, ატონით ანაცვლებს. მისი ახალი სახელია ეხნატონი, რაც ატონისთვის საწადელს ნიშნავს. ცვლილებას განიცდის ნეფერტიტის სახელიც და ხდება ნეფერნეფერუატენი („სილამაზე ატონის სილამაზეა“) - ნეფერტიტი (http://www.britannica.com/EBchecked/topic/11544/Akhenaton/186/Move-to-Akhetaton).


ამრიგად, მმართველობის მე-5 წელს ამენჰოტეპ IV ეგვიპტეს ახალი გარეგნობითა და ახალი სახელით მოევლინა, რითაც ფარაონმა ამონის კულტსა და მის ქურუმებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა.


ფარაონის ეს გადაწყვეტილება ეგვიპტის მოსახლეობისთვისაც მოულოდნელი და მტკივნეული უნდა ყოფილიყო. ძველი ეგვიპტელები ღრმად მორწმუნე ადამიანები იყვნენ. მათ სწამდათ, რომ მიწიერ და ღვთაებრივ სამყაროებს შორის დამაკავშირებელი ფარაონია. ამიტომ ისინი ათწლეულობით, თუ მეტი არა, თაყვანს სცემდნენ ამონის კულტს, როგორც სამეფო დინასტიის მფარველ ღვთაებას. ახლა კი მოულოდნელად ამონი ატონმა შეცვალა, რითაც მთელი რელიგიური დოქტრინა შეიცვალა.


4. ნეფერტიტი




ეხნატონის მეუღლე ნეფერტიტის განსაკუთრებული როლი ჰქონდა ფარაონის რელიგიურ კონცეფციაში. ნეფერტიტი ღვთაებრივი შემოქმედების - ქალურ, მისი მეუღლე კი ყოფიერების მამაკაცურ ელემენტს წარმოადგენდა. სწორედ მას ხვდათ წილად ტეფნუტის ადგილი ღვთაებრივ იერარქიაში, რადგან დედოფალი ბოლომდე აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც საჭირო იყო შუს (ეხნატონის) მეწყვილისთვის.
პირველ რიგში, ნეფერტიტის ბრწყინვალე გენეალოგია ჰქონდა - სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ის ეხნატონის მამის, ამენჰოტეპ მესამის კარზე ყველაზე გავლენიანი დიდებულისა და ფარაონის მეგობრის, ეიეს ქალიშვილი იყო. ამას გარდა, ღვთაებრივი სილამაზით დაჯილდოებული ნეფერტიტი ეგვიპტელებისთვის სილამაზის ეტალონს წარმოადგენდა (სახელი ნეფერტიტი ნიშნავს „მოვიდა ულამაზესი ქალბატონი“). მისი ხმის მოსმენაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ დანახვაზე,  უკვე ბედნიერებად ითვლებოდა. ამავე დროს დედოფალი უაღრესად გონიერი და განათლებული ადამიანი იყო. ის ბოლომდე იზიარებდა მეუღლის რევოლუციურ იდეებს და მისი აქტიური მხარდამჭერი იყო.


 



ეხნატონის რელიგიურ, პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ სქემებში ნეფერტიტის პოზიციონირება ხდებოდა არა მხოლოდ, როგორც ფარაონის მეუღლის, არამედ
როგორც მისი განუყოფელი ნაწილის. დედოფლის ამგვარი პოზიციონირების ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ სამეფო წყვილი მაქსიმალურად იდენტიფიცირებულიყო ღვთაებრივ წყვილთან - შუსთან და ტეფნუტთან. პრაქტიკულად ყველა კედლის ნახატზე, რომელიც იმ პერიოდში ატონის ტაძრებში კეთდებოდა ნეფერტიტი ეხნატონის გვერდით არის გამოსახული. ეხნატონი და ნეფერტიტი ორი ხვთაების შუს და ტეფნუტის ერთგვარ სიმბიოზს განასახიერებდა.

5. დედაქალაქის შეცვლა

მმართველობის მე-5 წელს ეგვიპტის უდაბნოში მოგზაურობისას, თებედან ჩრდილოეთით დაახლოებით 320 კილომეტრის მოშორებით, ჰორიზონტზე მზის ამოსვლას შეესწრო. მზემ თითქოს შეისვენა უახლოეს მთის უღელტეხილზე. ეს ხილვა  ნიშანი იყო ეხნატონისთვის, რომელსაც ფარაონმა სასურველი ინტერპრეტაცია გაუკეთა - მას  ატონი მოევლინა და უდაბნოში ქალაქის აშენება უბრძანა.
ფარაონმა ამ ადგილს ახეტატონი დაარქვა, რაც ატონის ჰორიზონტს ნიშნავს. ჰორიზონტი ეგვიპტელებისთვის დასაწყისისა და დასასრულის განსახიერებას წარმოადგენდა. ჰორიზონტის ეგვიპტური იეროგლიფი კი - მზეს მთის უღელტეხილზე.



ძნელად წარმოსადგენია, რომ ხელმწიფეს, რომელიც კარგად იცნობდა ქვეყანას, შესწავლილი ჰქონდა მიწის კადასტრები და ადრეც მოგზაურობდა ეგვიპტეში, მოულოდნელად აღაფრთოვანდა და სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება ამ ადგილას ქალაქის მშენებლობის თაობაზე.

როგორც ჩანს, ხელმწიფე გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგულდაგულოდ ფიქრობდა და კარგად აწონ-დაწონა შერჩეული ადგილის სტრატეგიული მნიშვნელობა. აღნიშნული ადგილი თანაბარი მანძილით იყო დაშორებული როგორც თებესგან, ასევე მემფისისგან. ამდენად ატონის წმინდა ქალაქი ერთგვარი „წონასწორობის პოლუსი“ გახდებოდა სამხრეთ დედაქალაქსა, რომელიც ახალი სამეფოს ბრწყინვალებას განასახიერებდა და ჩრდილოეთ დედაქალაქს შორის, რომელიც ძველი სამეფოს სიდიადის სიმბოლოს წარმოადგენდა. ახალი დედაქალაქით ეხნატონი ხსნიდა ახალ ხანას, მესამე ეპოქას ეგვიპტის ისტორიაში (Кристиан Жак - «Нефертити и Эхнатон: солнечная чета»: Молодая гвардия; Москва; 2006. გვ. 53).
რაც შეეხება ატონის გამოცხადებას და ღვთაებრივ ნებას, ამ ადგილას მისთვის ქალაქის აგების თაობაზე  ფარაონს ერთი მხრივ ატონთან მისი უშუალო კავშირის დასტურად და მეორე მხრივ ახალი დედაქალაქის ღვთაებრივი სტატუსისთვის სჭირდებოდა.


    
ეხნატონის მიერ ახეტატონის (ტელ ელ-ამარნა) საზღვრების მარკირებისთვის გაკეთებული ერთ-ერთი სტელა მოგვითხრობს ფარაონის მისტიკურ ხილვაზე - „ჰორიზონტზე  გამოცხადდა მისი უდიდებულესობა (იგულისხმება ეხნატონი), როგორც ატონი ოქრო-ვერცხლით მოჭედილ, ელექტრუმის უზარმაზარ ეტლზე... ატონმა, მამამ ჩემმა, მისი სახელის სამარადჟამოდ განსადიდებლად  უკვდავი ქალაქის აშენება მიბრძანა. სხვას არავის არ მოუცია ჩემთვის რჩევა ამ უკაცრიელ ადგილას რაიმეს აშენებისა...“ (The Great Egyptians II: Akhenaten - The Rebel Pharaoh, by Peter Spry-Leverton, Cafe Productions Ltd. for Discovery Communications Inc. 1997).
დაახლოებით, იმავეს იმეორებს ეხნატონი ატონისადმი მიძღვნილ ჰიმნში: „...და ავაგებ ატონის სახლს ატონისთვის და აღვმართავ აქ ფარაონის სასახლეს... შენ ხარ ერთადერთი ღმერთი და არ არს სხვა შენ გვერდით. შენ ხარ ჩემს გულში და ვერავინ შეგიცნო შენ ისე, როგორც შვილმა შენმა ეხნატონმა“ (Akhetaton, 1350 avant JC. by Patric Jean, Palette Production and Arte France  2005).


ახალი სატახტო ქალაქის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეხნატონისთვის. ახეტატონი ხელმწიფის გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია, სადაც საბოლოოდ უნდა აკუმულირდეს ფარაონის რელიგიური, კულტურული და პოლიტიკური ნოვაცია. ახეტატონი უნდა გამხდარიყო ეხნატონის პირადი სამოთხე საიდანაც ის მართავდა ეგვიპტეს, როგორც ფარაონი და მთელ კაცობრიობას, როგორც ღმერთი.


იმავე წელს, თებედან ჩრდილოეთით 320 კილომეტრში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, მთებით გარშემორტყმულ ზეგანზე ატონის ქალაქის მშენებლობა იწყება. ქალაქის საზღვრები ქვის სტელებით მოინიშნა. საცხოვრებელი კვარტალი ნილოსის გასწვრივ ჩრდილოეთიდან სამხრეთით 6 კილომეტრზე გადაიჭიმა. ნილოსის მარცხენა სანაპირო მიწათმოქმედებისთვის იყო განკუთვნილი.

ქალაქი არნახული ტემპით შენდება, რისთვისაც მთელი სახელმწიფო რესურსებია გამოყენებული. ათასობით მუშა, ხელოსანი, დურგალი, მოქანდაკე, მთეგავი, მინამბერი აშენებს ქალაქს. მათთვის სპეციალური კვარტალი კეთდება საცხოვრებელი სახლებით, რომელთა ასაგებად მზეზე გამომშრალ ალიზის ბლოკებს იყენებენ. ტაძრებს, სასახლეებსა და დიდებულთათვის განკუთვნილ სახლებს კი ტალატატებით აგებენ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ატონის დიდი და მცირე ტაძრები აღიმართა, რომლებიც მზის ამოსვლაზე იყვნენ ორიენტირებულნი. მათ გვერდით ხელმწიფის სასახლე და რეზიდენცია განლაგდა. ისინი ერთმანეთს გზაზე გადაკიდებული დახურული ხიდით უკავშირდებოდნენ. გაკეთდა ქალაქისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა: გზები, ბაღები, პარკები, აუზები, არხები...


მშენებლობა, სავარაუდოდ, ეხნატონის მმართველობის მე-9 წელს დასრულდა, თუმცა სამეფო კარი, მღვდელთმთავრები და სახელმწიფო ჩინოვნიკები გაცილებით ადრე ტოვებენ თებეს და ფარაონთან ერთად გადადიან ახეტატონში, რომელსაც მმართველობის მე-5 ან მე-6 წელს ეხნატონი ახალ დედაქალაქად ასახელებს (Egypt - The Cult of the Sun God and Akhenaten`s Monotheism (Federal Research Division of the Library of Congress).


დიდებულების გარდა, ფარაონმა ახალ დედაქალაქში არმიის მნიშვნელოვანი კონტინგენტი და ზედამხედველები (პოლიცია) გადაიყვანა. მათი ოჯახებისთვის აშენდა ერთ და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე, აშენდა ყაზარმა, რომელიც იმ პერიოდისთვის ეგვიპტის უდიდეს ყაზარმას წარმოადგენდა. საერთო ჯამში, პირველ ეტაპზე 10 000-ზე მეტი ეგვიპტელი დასახლდა ახეტატონში.




(გაგრძელება იხილეთ ხვალ, 23 თებერვალს)

დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის 20 წელს აღნიშნავენ

2018 წელი თეგეტა მოტორსისა და Bridgestone-ის თანამშრომლობის საიუბილეო მე-20 წელია.
კინო

მე-20 საუკუნის სექსსიმბოლოები - ბაბუები, რომლებზეც ჩვენი ბებიები გიჟდებოდნენ

წლები გადის, მაგრამ მათ კომპანიაში მოხვედრაზე დღემდე ბევრი ქალი ოცნებობს... და არამხოლოდ ბებიები...
ამბები

„ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა

„ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში ყველასთვის მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა.
საკნატუნო ამბები

იდეალური ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

უდავოა, ყველა ქალში არსებობს რაღაც ბრწყინვალე და ამოუცნობი, მაგრამ არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთა გვერდით ყოფნა კაცებს აბედნიერებთ და ეს ქალები ყოველთვის გამოირჩევიან სხვების ფონზე.  
საკნატუნო ამბები

კარგი სექსის რეცეპტი

მყარი ურთიერთობისთვის სამი რამ არის საჭირო: პატივისცემა, სიყვარული და კარგი სექსი. შევთანხმდეთ, თუკი პარტნიორები ერთმანეთს არ იზიდავენ და არ აკმაყოფილებენ, სექსის მოთხოვნილება ქრება.     
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ

სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელიასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებს შეხვდა

საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები.
საკნატუნო ამბები

17 ნიშანი იმის გამოსაცნობად, რომ ის იდეალური ქმარი იქნება

დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით, მაგრამ არცერთი არ ჩქარობთ ურთიერთობის დაკანონებას? და თუ თქვენი შეყვარებული ამ პუნქტებიდან უმრავლესობას აკმაყოფილებს, კისრისტეხით გავარდით მმაჩის ბიუროში!