რას აზიანებს ავტომობილში უხარისხო ფილტრი?

რჩევები ავტომოყვარულებს

18 ნოემბერი 22:00, 2016 წელი
659

ფილტრი ავტომობილის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. დაზიანებული ფილტრი არა მხოლოდ ავტომობილის ძრავს აყენებს სერიოზულ ზიანს, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. ფილტრის დანიშნულებასა და სწორ მოხმარებაზე გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.

რამდენი სახის ფილტრი არსებობს?
ავტომობილს, ძირითადად, ოთხი სახეობის ფილტრი აქვს, ესენია: ზეთის ფილტრი, ჰაერის ფილტრი, საწვავის ფილტრი და სალონის ფილტრი. ამის გარდა, არსებობს კიდევ ავტომატური გადაცემათა კოლოფის ფილტრი, თუმცა, დღეს ჩვენ  4 ძირითად ფილტრზე ვისაუბრებთ.
ზოგადად, ფილტრის დანიშნულება, რა თქმა უნდა, ფილტრაციაა, მაგრამ მოდით, მოკლედ ავხსნათ, რას გულისხმობს ეს პროცესი,  რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ფილტრაცია და რას ემსახურება ზემოჩამოთვლილი ფილტრებიდან თითოეული.

ზეთის ფილტრი
არსებობს, ძირითადად, ორი ტიპის: კარტრიჯული და ხრახნიანი ზეთის ფილტრები. ძრავის მუშაობისას ასობით ლიტრი ზეთი გაივლის ზეთის ფილტრში. ამ პროცესში მთავარ როლს ასრულებს ფილტრის ხარისხი და გამართული მუშაობა, რათა მან:
ა) დაიცვას ზეთი მტვრისგან, დეტალების ნაცვეთისგან და სხვადასხვა მიკროფრაქციებისგან, რომლებიც გამოიყოფა ძრავის შეზეთვის სისტემიდან;
ბ) მნიშვნელოვნად შეამციროს ძრავის დეტალების დაზიანება და სწრაფი ცვეთა;

სწორი ფილტრაციის შედეგად ავტომობილი ნაკლებ საწვავს ხარჯავს და მცირდება მავნე ნივთიერებების რაოდენობა გამონაბოლქვში;
მხოლოდ მაღალი ხარისხის ფილტრს შეუძლია, იმუშაოს გამართულად 20 ბარ წნევაზე, როდესაც ზეთის ტემპერატურა +160 გრადუსს აღწევს.


ჰაერის ფილტრი
როგორც დიზელის, ასევე ბენზინის ძრავების მუშაობისთვის ჰაერის ფილტრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჰაერის ფილტრი უწყვეტად იცავს ძრავს, რათა მასში არ შეაღწიოს მტვრის ნაწილაკებმა. ჰაერის ფილტრის გამართული მუშაობა უზრუნველყოფს საწვავისა და ჰაერის იდეალური ნაზავის მიწოდებას ძრავის წვის სისტემაში.
თანამედროვე ჰაერის ფილტრები უზრუნველყოფს ჰაერის თითქმის 100% ფილტრაციას. ჰაერის სწორი ფილტრაცია კი ძრავის ხანგრძლივი მუშაობის გარანტია.
უხარისხო ჰაერის ფილტრის გამოყენების შემთხვევაში, მტვრის ნაწილაკები ხვდება ჰაერმზომზე და აზიანებს მას, რის შედეგადაც ავტომობილი კარგავს სიმძლავრეს და იმატებს საწვავის ხარჯი.


საწვავის ფილტრი
ბენზინის ფილტრის გაუმართაობა ხშირად სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ბენზინის ფილტრის დანიშნულებაა საწვავის გაწმენდა, სანამ ძრავისკენ მიმავალ საწვავის მაგისტრალში მოხვდება. თუ ბენზინის ფილტრი დაბინძურებულია, იზრდება საწვავის ხარჯი და ეცემა სიმძლავრე. უკიდურეს შემთხვევაში, ძრავა შეიძლება საერთოდ არ დაიქოქოს.


სალონის ფილტრი
ავტომობილის სალონის ახალი თაობის  ჰაერის ფილტრები აღჭურვილია გააქტიურებული ნახშირის დამატებითი ფარით, რომელიც შთანთქავს როგორც მტვერს, ასევე უსიამოვნო სუნს და აიროვან ტოქსიკურ ნივთიერებებს.
როდესაც ავტომობილში სალონის ფილტრი გამართულად მუშაობს, მანქანაში გაცილებით სუფთა ჰაერია.
სიცივეში, თოვლში ან წვიმაში მანქანაში მინები განსაკუთრებით იორთქლება და ამის გამომწვევი მიზეზი სინესტეა და რაც  სალონის ფილტრის შეცვლაზე მიგვანიშნებს. დროთა განმავლობაში სალონის ფილტრი იმდენად იბიდნება, რომ მის მიერ გამოტარებული ჰაერი სალონის გასაშრობად საკმარისი არ არის.


რას აზიანებს ავტომობილში უხარისხო ფილტრი?
ზოგიერთი მძღოლი მიიჩნევს, რომ ფილტრი ავტომობილისთვის მეორეხარისხოვანი ნაწილია და თუკი უხარისხო ფილტრს შეიძენენ, ამით არაფერი დაშავდება. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი აზრია.
უხარისხო ფილტრი, პირველ რიგში, დიდ ზიანს აყენებს ავტომობილის ძრავს, რადგან ადვილად ატარებს ჭუჭყისა და მტვრის ნაწილაკებს, რაც ძრავისთვის სახიფათოა.
თუკი ძრავის რემონტს გადაურჩებით, საწვავის გაზრდილ ხარჯს ნამდვილად ვერ გაექცევით, რადგან იაფი და უხარისხო ფილტრები დამზადებულია დაბალი გამტარუნარიანობის მქონე მასალისგან (ქაღალდისგან) და ზეთის, საწვავისა და ჰაერის საჭირო სისწრაფით გატარება ვერ ხერხდება. 


რა სიხშირით უნდა შეიცვალოს ავტომობილზე ფილტრები?
ზეთის ფილტრის შეცვლა რეკომენდებულია ზეთის ყოველი შეცვლისას ან 8-10 ათასი კილომეტრის გარბენის შემდეგ. 

საწვავის ფილტრი რეგულარულად უნდა შეიცვალოს, მწარმოებელი ქარხნის რეკომენდაციების მიხედვით, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებული საწვავის ხარისხს, უმჯობესია, საწვავის ფილტრი რეკომენდებულზე უფრო ხშირად შეცვალოთ, დაახლოებით, ყოველ 20-25 ათასი კმ. გარბენის შემდეგ. ხშირად მძღოლები ავტომობილის დიაგნოსტიკასა და სხვადასხვა ნაწილის შეცვლაზე უამრავ ფულს ხარჯავენ, მაგრამ უშედეგოდ - ძრავი მაინც არათანაბარზომიერად მუშაობს. ამ დროს პრობლემა საწვავის ფილტრშია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ გამოცვლილა. 

ჰაერის ფილტრი უნდა შეიცვალოს ზეთის ყოველ შეცვლაზე, რადგან ჭუჭყიანი ფილტრი უარყოფითად მოქმედებს ძრავის სიმძლავრეზე.

სალონის ფილტრი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტომობილის სალონში სუფთა ჰაერის შედინებას უზრუნველყოფს. რაც უფრო ძველია სალონის ფილტრი, მით უფრო დაბინძურებული ჰაერი შედის სალონში. სამწუხაროდ, ამ ფაქტს მძღოლები ნაკლებ  ყურადღებას უთმობენ. სალონის ფილტრის შეცვლა რეკომენდებულია სეზონურად, სულ მცირე - წელიწადში ორჯერ, ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე.  


რა განსხვავებაა ხარისხიან და უხარისხო ფილტრებს შორის?
ორიგინალ ფილტრს გააჩნია შიდა სარქველი, ფილტრაციის რამდენიმე ფენა, ხოლო უხარისხო ფილტრს დეფორმირებული აქვს შიდა სტრუქტურა. უხარისხო ფილტრის დაყენებით საფრთხეს ვუქმნით ძრავს.
ფილტრის შერჩევის დროს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფილტრის სტრუქტურაზე. მძღოლებს შემიძლია, ვურჩიო, ისარგებლონ ისეთი ბრენდების ფილტრებით, როგორიცაა HENGST, MANN FILTER, Filtron. ეს არის თანამედროვე და მაღალი ხარისხის ფილტრები, რომლებიც ყველაზე რთულ ტექნიკურ პრობლემებს უმკლავდება.  

ჩვენი მტვრიანი ქალაქისა და გარემოს პირობებში მძღოლებს ვურჩევ, აუცილებლად მიაქციონ ყურადღება ავტომობილის ფილტრების მდგომარეობას, რათა დაცულები იყვნენ როგორც ძრავის დაბინძურება-დაზიანებისგან, ასევე საწვავის გაზრდილი ხარჯისგან.